Psychologist.ge

ნანა ფაცაცია – ონლაინ სწავლება

ონლაინ სწავლება ეს არის სწავლების ერთ–ერთი უახლესი მეთოდი, რომელიც განსაკუთრებით აპრობირებული იყო საზღვარგარეთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, ინდოეთში და ა.შ. მისი უპირატესობაც სწორედ იმაში მდგომარეობდა რომ, ის იყო ნებაყოფლობითი სწავლების პროცესი. მოსწავლეს, სტუდენტს თუ მსმენელს შეუძლი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიიღოს განათლება, დაესწროს ტრეინინგებს, თავად დაგეგმოს დასწრების გრაფიკი მისი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე  და ა.შ.

ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ სრულიად შეცვალა სწავლების პროცესი, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ რომ, სწავლების პროცესი საქართველოში ნაწილობრივ გადასულია დისტანციურ სწავლების მეთოდზე, რომელმაც გარკვეული სირთულეების წინაშე დააყენა როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები და მათი მშობლები.

პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, არის ის რომ, შევძლოთ რეალობასთან ადაპტირება მიუხედავად სირთულეებისა, რათა ჩვენმა შვილებმა ჩვენთად ერთად მარტივად  და უმტკივნეულოდ გაიარონ შექმნილი ვითარება,  მოხდეს მაქსიმალური ხელშეწყობა როგორც მშობლების და პედაგოგების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან, რათა მოსწავლეებს და სტუდენტებს ჰქონდეთ უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობა.

მშობლების მხარდაჭერას და თანადგომა ყველაზე მეტად საჭიროებენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მათთვის განსაკუთრებით რთულია ონლაინ სწავლებაში ჩართულობა. მოსწავლეები რომლებიც პირველ კლასში არიან, არ იცნობენ მასწავლებლებს და თანაკლასელებს, მათთვის პოზიტიური ადაპტირება მნიშვნელოვანია შემდგომი ურთიერთობების თვალსაზრისით, როგორც თანაკლასელებთან, ასევე მასწავლებელთან ჯანსაღი მიჯაჭვულობის კუთხით.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განათლებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია სოციალური კონტაქტები თანატოლებთან, პედაგოგთან  ცოცხალი ურთიერთობა, ამიტომაც სწავლების შერეული მეთოდის გამოყენება მეტად გააუმჯობესებს და უფრო ეფექტურს გახდის სწავლების პროცესს  დაწყებით და მაღალ კლასებში.

რაც შეეხება ონლაინ სწავლებას, რეკომენდირებულია მოსწავლეებს უტარდებოდეთ დღის განმავლობაში 2 ან 3 გაკვეთილი ასაკის მიხედვით, რა თქმა უნდა შეზღუდული დროით, ვიდრე ეს სასკოლო საგაკვეთილო პროცესის დროს ხდება, როგორც აღნიშნულია საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურიდან და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული ონლაინ სწავლების კრიტერიუმში. რაც შეეხება თვითონ ონლაინ სწავლების პროცესს, ვფიქრობ უნდა იყოს შემოქმედებითი, საინტერესო, მოსწავლის ძლიერ მხარეებზე ორიენტირებული, რათა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს მოსწავლისთვის ონლაინ გაკვეთილები, ამისთვის პედაგოგს ორმაგი ძალისხმევა დასჭირდება, რაც დამატებით  მის კრეატიულობაზე და  უნარებზე იქნება დამოკიდებული.

იმისთვის რომ, მოსწავლეებს ავარიდოთ გარკვეული შფოთვა სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, აუცილებელია მშობლებმა თავად შეძლოს ადაპტირება რეალობასთან, საკუთარი ემოციის მართვა. მოგეხსენებათ, რომ მშობლების განცდები, წარმოდგენები, შიშები, მათი დამოკიდებულება სასწავლო პროცესის მიმართ, მარტივად აისახება ბავშვებზე, შესაბამისად აუცილებელია საკუთარ განცდებზე (თუ ის უარყოფით შინაარსის არის) არ ვისაუბროთ ბავშვების თანდასწრებით, აუხსნათ შვილებს შექმნილი მდგომარეობა, განსაკუთრებით პირველ კლასელებს, რომლებსაც მოუწიათ ცხოვრების ახალ ეტაპზე უჩვეულოდ გადასვლა.  მოვამზადოთ და პოზიტიურად განვაწყოთ შვილები სწავლის დაწყებისთვის, რაც გაუადვილებთ მოსწავლეებს სწავლის პროცესთან მარტივად ადაპტირებას და სამომავლოდ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას სასკოლო– საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით.

ონლაინ სწავლების პროცესს თან  ახლავს ბევრი სირთულეები, ასევე  ტექნიკური თვალსაზრისით პრობლემები და სხვა… დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით აუცილებელია ერთიანი ძალისხმევა, როგორც სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ასევე თითოეული ჩვენთაგანის მხარდაჭერა, რათა შევძლოთ მაქსიმალურად დავეხმაროთ მოსწავლეებს საჭირო და უწყვეტი განათლების მიღებაში, მნიშვნელოვანია მათი ჯანსაღი ფსიქო–ემოციური მდგომარეობის შენარჩუნება და სრულყოფილი განვითარებისთვის ხელშეწყობა.

 

 

Exit mobile version