თათა იმნაიშვილი – ფსიქოკონსულტანტი
პანდემიის პერიოდში, როდესაც ვიღებთ უამრავ ნეგატიური კონტექსტის მქონე ინფორმაციას, როდესაც ჩვენი ცხოვრების განრიგი და რითმი არის კარდინალურად შეცვლილი თანაც გაურკვეველი ვადით, შესაძლოა, ჩვენ ხშირად ვიყოთ შიშისა და შფოთვის მდგომარეობაში. იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა დავძლიოთ და ფსიქო-ემოციური ფონი გავიუმჯობესოთ გთავაზობთ, რომ მივმართოთ Mindfulness-ის ტექნიკას.
პირველად მაინფულნესის იდეა გაჩნდა ბუდისტურ ფილოსოფიაში, ხოლო დღეს დღეობით აქტიურად გამოიყენება ფსიქოლოგიის ისეთ მიმართულებაში, რომელიც არის გეშტალტ ფსიქოლოგია და არის მისი ფსიქოთერაპიული ტექნიკის ნაწილი.
მაინდფულნესი არის მენტალური მდგომარეობა, რომელსაც შეგვიძლია მივაღწიოთ იმ შემთხვევაში, თუ ვფოკუსირდებით აწმყოზე/ მოცემულ მომენტზე და ამავდროულად მივაქცევთ ყურადღებას და მივიღებთ საკუთარ გრძნობებს, აზრებსა და შეგრძნებებს. ეს, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ მოცემულ მომენტში და გავარკვიოთ ინფორმაციულ და ემოციურ ქაოსში, რომელსაც გვიქმნის გარემო: სად ვართ ჩვენ, როგორ ვგრძნობთ თავს როგორც ემოციურად, ასევე – ფიზიკურად. მაგალითად: როდესაც ვისმენთ საზარელ სტატისტიკას და გვიპყრობს შიში, ჩვენ შეგვიძლია დავფიქრდეთ მოცემულ მომენტში ჩვენ სად ვართ? რას ვაკეთებთ? რა ხდება ჩვენს გარშემო ამ წუთას და ფიზიკურად რას შევიგრძნობთ? მაგალითად ვართ სახლში, ვზივართ დივანზე, ვსვამთ ყავას, რომელიც ძალიან გემრიელია, თავს კარგად ვგრძნობთ, სიცხე არ გვაქვს და ამ წუთას ყველაფერი კარგად არის, შესაბამისად ვხდებით, რომ რეალური და არსებითი პრობლემა ამ წუთას კონკრეტულად ჩვენს წინაშე არ დგას და შედეგად შფოთვაც იწევს დაბლა.
ცხოვრების სწრაფი რითმის გამო ძალიან მარტივია დაგავიწყდეს საკუთარი თავი და ბოლომდე გადაეშვა მოვალეობებსა და პასუხისმგებლობების მოგვარების პროცესში, მისცე საშუალება უამრავ წვრილმანს, გადაგვტვირთოს როგორც ფიზიკურ ასევე ემოციურ დონეზე, ზუსტად ამ მომენტში არის ძალიან კარგი, რომ გავჩერდეთ, დავაკვირდეთ საკუთარ თავს და მდგომარეობას, მოვიფიქროთ თუ რა არის მართლა ამ წუთას მნიშვნელოვანი და ღირებული ჩვენთვის და ვიმოქმედოთ შესაბამისად.
მაინდფულნესის მდგომარეობაში შფოთვის დონე იწევს დაბლა, უფრო ნათელი ხდება აწმყო და რეალური მდგომარეობა, ასევე ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ბევრი რამ ახალი ჩვენი თავის შესახებ, მაგალითად გავაცნობიეროთ, რომ ზოგი ერთი ცხოვრებისეული იდეები, რომელიც ჩვენში არის ჩადებული, უკვე არააქტუალურია ან რომ საერთოდ აღარ ეთანხმებით და დისკომფორტს გიქმნით, ეს ასევე ეხება ჩვევებს, რომლებსაც ჩვენთვის სინამდვილეში შესაძლოა აღარც სიხარული და აღარც სარგებელი მოაქვთ, მაგრამ დღემდე რატომღაც ვიმეორებთ.
მაინდფულნესის მდგომარეობა არის გამომუშავებადი თუმცა ვთვლი რომ მუდმივად ამ მდგომარეობაში ყოფნა ფაქტიურად შეუძლებელია, შეგვიძლია უბრალოდ მივმართოთ ხშირად, როდესაც ვშფოთავთ, ვაკეთებთ რაიმე მნიშვნელოვან ან არც ისე მნიშვნელოვან არჩევანს და ნებისმიერ მომენტში, როდესაც გვსურს დავაკვირდეთ საკუთარ თავს და იმას თუ რა ლოგიკას ვდებთ ჩვენს ამა თუ იმ ქმედებაში.
პანდემიის პერიოდში საკმაოდ ხშირია ასევე ოჯახური კონფლიქტები. ყველა თემა რაც აქამდე შეფარული იყო ან უბრალოდ არ ხმოვანდებოდა, რატომღაც მოულოდნელად შეიძლება ამოტივტივდეს და გახდეს აქტუალური, ზოგი თითქოს კრიტიკულიც კი. ამ მომენტშიც კარგი იქნება დავაკვირდეთ საკუთარი ქმედებებისა და აზრების სვლას. რაზე ვბრაზდებით სინამდვილეში? არის თუ არა ეს თემა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რატომ? საიდან წამოვიდა ეს ნეგატიური ემოციები? როდესაც ვკამათობთ რა ლოგიკას ვდებთ კამათში ? და ა.შ. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი ცნობიერების დონის ამაღლებას და რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს საკუთარი თავის შესახებ, მით უფრო ვაცნობიერებთ ჩვენს სურვილებს, მიზნებს, რეალურ ყოფას და პოზიციას ცხოვრებაში. ზუსტად ამ ყველაფრის არ ცოდნა (და არა მხოლოდ) გვიქმნის ფსიქო-ემოციურ პრობლემებს .
მაინდფულნესის დახმარებით შეგვიძლია გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და დიდი ხნით შევინარჩუნოთ სიმშვიდე, როგორც პანდემიის პერიოდში, ასევე მის შემდეგ.