Psychologist.ge

“მე არ ვბრაზდები” – თითქოსდა საამაყოა

ნუცა ვერხვიაშვილიფსიქოთერაპევტი, ტრენერი, ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრისტიმულისდამფუძნებელი, “კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციისდამფუძნებელი

პაციენტს, რომელიც ჩემთან მოდის, დიაგნოსტიკის დროს ვუსვამ კითხვას: რამდენად ხშირად ბრაზდება, რას გრძნობს ამ დროს და როგორ გამოხატავს ბრაზს. ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი ამაყად მპასუხობს, რომ „მე არ ვბრაზდები“. თითქოს „არ გაბრაზება“ ერთგვარი საამაყო რამაა, იქიდან გამომდინარე, რომ აგრესია ცუდ ტონად ითვლება ხოლმე. სინამდვილეში კი აგრესია არის ენერგია, რომელიც მიმართულია წინსვლისკენ, მოძრაობისკენ და ასევე, თავდაცვისკენ ანუ საკუთარი ტერიტორიისა და საზღვრების დაცვისკენ, შესაბამისად, ამ აგრესიის ენერგიის განხილვა ნეგატიურ ჭრილში, პირდაპირ გეტყვით, არაეფექტური იქნება. მთავარი არის ის, თუ რა დოზით, რა სიხშირით და როგორი სახით ხდება მისი გამოვლენა.

მინდა, ორი რამ განვასხვაო ერთმანეთისგან. ესაა აგრესია და აგრესიულობა. იმიტომ, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, აგრესიას აქვს თავისი პოზიტიური დანიშნულება, ხოლო აგრესიულობა, ესაა, როდესაც აგრესია ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი ხდება. შესაბამისად, პრობლემას წარმოადგენს არა აგრესია, არამედ აგრესიულობა.

იმისათვის, რომ სწორად ვმართოთ აგრესია, პირველ რიგში, აუცილებელია ვიცოდეთ მისი დანიშნულება, ფუნქცია და კიდევ ის, რომ აგრესია არის ნორმალური.

რაც შეეხება იმას, თუ რა იწვევს აგრესიას, აქ საინტერესოა ის, რომ ერთიდაიგივე ფაქტთან ან მოვლენასთან მიმართებაში ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს აგრესიული საპასუხო რეაქცია, ზოგიერთს კი – არა. ანუ გამოდის, რომ ჩვენი რეაქცია დამოკიდებულია არა უშუალოდ მოვლენაზე ან გამღიზიანებელზე, არამედ იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ თითოეული ჩვენგანი კონკრეტულ მოვლენას, რა შეფასებას და როგორ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ იმ სიტუაციას, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში ხდება.

და ზოგადად, როდის ვბრაზდებით? – მაშინ, როდესაც ვთვლით, რომ სიტუაცია ან ადამიანის ქმედება არ უნდა იყოს „ასეთი“,  როდესაც გვაქვს დაწესებული  გარკვეული მოთხოვნები სოციუმთან მიმართებაში და არა მარტო მასთან. მე მყავდა რამდენიმე პაციენტი, რომელიც გაბრაზებული იყო ღმერთზე. უბრალოდ, მის მიმართ პირდაპირ აგრესიას, ბუნებრივია, ვერ გამოხატავდა და ადრესატის ჩანაცვლება ხდებოდა სხვადასხვა ხერხით, როგორიცაა კედლების ნგრევა და ა.შ.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რა რწმუნებულები გაქვს, იმიტომ, რომ ხშირად, როდესაც ვთვლით, რომ „ესე არ უნდა იყოს“, სინამდვილეში მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ძალიან ხშირად ჩვენი მოთხოვნები არის სრულიად ნევროტული. მაგალითად, ქალბატონი, რომელიც თვლის, რომ ყველა მამაკაცი უნდა უღებდეს მას კარს, როცა ის სადღაც შედის, გაბრაზდება მამაკაცზე, რომელიც ამას არ გააკეთებს და ჩათვლის, რომ მისი ბრაზი აბსოლუტურად ადექვატურია ამ სიტუაციაში. თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ არსად არ წერია, რომ „ყველა შემთხვევაში მამაკაცი ვალდებულია ქალბატონს გაუღოს კარი“.  გამოდის, რომ ეს რწმუნებულება არის მხოლოდ ამ ქალბატონის ფსიქიკაში. შესაბამისად, ის თავისივე რწმუნებულებას აღიქვამს ჭეშმარიტად და რეაგირებს აგრესიით.

როდის ხდება ეს ყველაფერი პრობლემა?- ორ შემთხვევაში: ერთი, როდესაც ადამიანი, როგორც უკვე გითხარით, მიდრეკილი არის აგრესიულობისკენ, როდესაც უბრალოდ მიჩვეულია აგრესიის ქრონიკულად გამოხატვას. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს სხვა ალტერნატიული რეაქციის დასწავლა და მეორე შემთხვევაში – როდესაც ადამიანი ქრონიკულად თრგუნავს საკუთარ ბრაზს, გამომდინარე იქიდან, რომ  თვლის, რომ არაადექვატურია ბრაზის გამოხატვა. ზოგიერთისთვის ეს სიგიჟის ტოლფასიცაა. დათრგუნვის შედეგად, არ გამოხატვით და არ თქმით ვერბალურად იმისა, რაც მას არ მოსწონს და არ სიამოვნებს, ბრაზი გროვდება და ჩვენ რომ გვაქვს ქართულში „მოთმინების ფიალა“, ეს ფიალა თანდათან ივსება და როდესაც ბოლო წვეთიც აღმოჩნდება იქ, „მოთმინების ფიალა“ სრულად შეივსება და ამის შემდეგ ხდება აფექტი.

ის, რომ ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება ფსიქიკაზე და არამარტო მასზე, არამედ სხეულზე, ეს ცალსახაა. იმიტომ, რომ შედეგი საბოლოო ჯამში შეიძლება იყოს ფსიქოსომატური დაავადება, რომელიც დღეს ძალიან ხშირია.

რაც შეეხება იმას, რომ არ ვატკინოთ გული ძვირფას ადამიანს. ის, გვეტკინება თუ არა გული, მეტწილად ჩვენზეა დამოკიდებული. ახლობელ ადამიანს გული ეტკინება თუ არა, უკვე მისი საპასუხო რეაქციაა ჩვენ მიერ გამოხატულ ბრაზზე. გააჩნია, ადამიანი როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებს იმას, რომ ჩვენი უკმაყოფილება, ან თუნდაც ბრაზი გამოვხატეთ.

თუკი არჩევანი მიდგება იმაზე, სხვას ატკინოთ გული თუ თქვენ  გეტკინოთ იმის გამო, რომ  არ გამოხატავთ  თქვენს  სათქმელს ან უკმაყოფილებას, აქ თავადვე შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი. ჩვენთვის არავის არ „წაურთმევია“, ასე ვთქვათ, უფლება, რომ სხვას გული ეტკინოს. თუ ჩვენ საკუთარ თავს ვაძლევთ იმის უფლებას, რომ „სხვას ეტკინოს გული“ ჩვენი გარკვეული ქმედებით, ანალოგიურად ვაძლევთ სხვას იმის უფლებას, რომ მან გამოხატოს რაიმე რეაქცია, რომელითაც ჩვენ შეიძლება „გვეტკინოს გული“. როდესაც ეს უფლება გვაქვს ჩვენც და სხვებსაც, უფრო მარტივია ცხოვრება.

ყველაფერი რომ შევაჯამო, მნიშვნელოვანია ჩვენი კოგნიტური სქემები – როგორი მენტალური ანუ როგორი სააზროვნო სტრატეგიები გვაქვს, რისი გვჯერა ამ ცხოვრებაში, რა მიგვაჩნია დასაშვებად და რა – დაუშვებლად. ხშირ შემთხვევაში აუცილებელია ნევროტულ მენტალურ სტრატეგიებზე მუშაობა ადამიანთან იმისთვის, რომ ბრაზთან „ჯანსაღი ურთიერთობა“  ჩამოუყალიბდეს. თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ აგრესია არის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და აღარ დავთრგუნავთ მას, აგრესიის ინტენსივობა აღარ იქნება მაღალი იმ დონეზე, რომ რაღაცების მსხვრევა და ნგრევა მოგვიწიოს, არამედ მაშინვე, როცა დისკომფორტს განვიცდით კონკრეტულ სიტუაციაში, შევძლებთ ჩვენი დისკომფორტის გამოხატვას სიტყვიერი გზით. ამით კი რამდენიმე კურდღელს ვკლავთ: ის, რომ აღარ ვიგროვებთ ბრაზს და ასევე, მეორე ადამიანს ვაწვდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რაღაც არ გვსიამოვნებს, არ მოგვწონს და ა.შ. ამ ადამიანს კი ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ქცევა შეცვალოს.

მოამზადა სალომე სისაურმა

 

 

Exit mobile version