Psychologist.ge

ლინდა ქათამაძე – სოციალური ქსელების შესახებ

ლინდა ქათამაძე – Gestalt play school ის ბაღისა და რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპევტი

დღესდღეობით   უამრავი კვლევა არსებობს, რომელიც ადასტურებს სოციალური ქსელის გამოყენებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირს. ადამიანები სოციალური არსებები ვართ, შესაბამისად სოციალურ ინტერაქციას უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს  ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამ გავლენის ბუნება  დადებითი იქნება თუ უარყოფითი დამოკიდებულია ერთადერთ ფაქტორზე თუ როგორ ხდება ადამიანებს შორის ურთიერთობა პირისპირ თუ ვირტუალურად, თუმცა ამ გავლენებზეც ერთმნიშვნელოვნად საუბარი შეუძლებელია. ადამიანებს გვჭირდება პირისპირ კომუნიკაცია იმისთვის, რომ ვიყოთ მენტალურად  ჯანმრთელები. არაფერი ისე არ ამცირებს სტრესს და არ ამაღლებს განწყობას როგორც პირისპირ კომუნიკაცია ადამიანთან, რომელიც შენზე ზრუნავს. რაც უფრო მეტ უპირატესობას მიანიჭებ სოციალურ ინტერაქციას და ჩაანაცვლებ პირისპირ კომუნიკაციას  ვირტუალურით  მით უფრო დიდი იქნება რისკი განვითარდეს შფოთვა, დეპრესია გუნება-განწყობილების ცვალებადობა.

პანდემიის გაურკვეველ,  უცნაურ და ჩვენთვის წარმოუდგენელ პირობებში, იმაზე უფრო მეტად მივეჯაჭვეთ ციფრულ ტექნოლოგიებს ვიდრე აქამდე ვიყავით, გამოვიკეტეთ სახლებში, მივუსხედით კომპიუტერებს, სმარტფონებს, გაჯეტებს და დავიწყეთ უაზრო და დაუსრულებელი სქროლვა, რამაც გარკვეულწილად იმოქმედა ჩვენს “კარგად ყოფნაზე”. როდესაც სოციალური ქსელი სხვადასხვა ონლაინ პლატფორმა,   როგორებიცაა: facebook, instagram, twitter, what’s up…  ცდილობენ გამოკვებონ შენი სელფის მოთხოვნილებები არაჯანსაღი, უგემური, ზედმეტად ცხიმიანი საკვებით შედეგად ვიღებთ ინტოქსიკაციას და აუცილებლად ვსაჭიროებთ დეტოქსიკაციას ციფრული სამყაროსგან.

სოციალურ ქსელთან მიმართებაში ჯადოსნურ სიტყვას წარმოადგენს  ბალანსი. არ შემიძლია ცალსახად იმის აღნიშვნა, რომ კომპიუტერთან გატარებული საათები დროის ფუჭი ხარჯვაა და მეტი არაფერი, რადგან უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი არის განზრახვა, თუ რატომ ვიყენებთ კომპიუტერს, რა გვინდა მისგან, რა არის ჩვენი მიზანი და ფოკუსი, შეუძლებელია კომპიუტერს ის უამრავი უპირატესობა დავუკარგოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არასწორად ვიყენებთ მას.

თუმცა დღესდღეობით სოციალური ქსელის არა გამოყენება, არამედ  მასზე დამოკიდებულება  წარმოადგენს აქტუალურ პრობლემას. ტელეფონებში თავჩარგულები ვერც კი ვამჩნევთ, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენს მიღმა უბრალოდ მიდის. პირადი გამოცდილებიდან მინდა გავაზიარო მსგავსი შემთხვევა და ის თუ რა სტრატეგიას მივმართავ იმ დროს, როცა ფეისბუქი ან ინსტაგრამი ცდილობს ჩემზე გაბატონებას.

ცხოვრებაში მაქვს ხოლმე პერიოდები, როდესაც რაღაც კარგი ხდება, იმიტომ კი არ მიხარია, რომ მართლაც გასახარებელი, კარგი ემოციების მომტანი და პოზიტიურია, არამედ იმიტომ, რომ ამის გაზიარების საშუალება მაქვს ინტერნეტ სივრცეში, პროცესით ტკბობას გვერდზე ვდებ და შედეგზე ვხვდები ფოკუსირებული, როდის დამთავრდება, რომ ფოტო გადავიღო და ავტვირთო “სთორიში”. რაც მგონია, რომ იმ მომენტს ძალიან აფუჭებს, რადგან პროცესში ყოფნაზე და მისით ტკბობაზე კარგი არაფერი მეგულება. ესეთ დროს  ვდისტანცირდები სოციალური ქსელებისგან და მათი ბოროტი გავლენებისგან,  უბრალოდ ვაუქმებ მათ და ვცდილობ,  რომ ის კარგი მომენტები თავიდან ბოლომდე შევიგრძნო იმ დროს, როდესაც ის ხდება და თუ კი გაზიარება მინდა ამას მოგვიანებითაც ვაკეთებ.

ეს არის ჩემთვის უმთავრესი ნეგატიური გავლენა,  რასაც სოციალური ქსელი ჩემზე ახდენს – სელფის შთანთქმა, როდესაც დისტანცირდები რეალური ცხოვრებისეული ცოცხალი სამყაროს ემოციებისგან, კავშირებისგან, ურთიერთობებისგან და პროცესებისგან და ხდები შენს თავზე ორიენტირებული მშრალი სელფი, რომელიც უნდა გაზიარდეს იმისთვის, რომ მოიწონონ და დაგულონ.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩვენი თვითშეფასება, რომელიც საფრთხის წინაშეა დაბნეულია და არ იცის როგორ მოიქცეს, რადგან რასაც ხედავს ეკრანებზე ის მოსწონს, მასაც ისე უნდა რომ გრძნობდეს თავს, ჰქონდეს მსგავსი თავგადასავლები და ისტორიები, განცდები მაგრამ ხშირად არ აქვს რის გამოც ფრუსტრირებული და იმედგაცრუებულია. გავრცელებულ სოციალურ პლატფორმებზე ადამიანები ძირითადად თავისი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელ, გასაოცარ აღმაფრთოვანებელ გაფილტრულ  მომენტებს აზიარებენ, თითქოს ეს მათი ყოველდღიურობა ესეთი იდეალური და კარგია, ამ დროს ადამიანმა, რომელიც მიჯაჭვულია ეკრანს,  შესაძლოა საკუთარ გონებაში პარალელები გაავლოს თავის ცხოვრებასთან და სოციალური შედარებების მსხვერპლი გახდეს უსუსური და არასრულფასივანი თვითშეფასება დაზიანდეს ამით და გაუჭირდეს აღდგენა შედეგად კი გამოიწვიოს შფოთვა. ეს უარყოფითად ისახება ჩვენს სელფზე ზოგადად და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უფრო ზოგადად.

იმისათვის,  რომ გავიგოთ ჩვენი დამოკიდებულება სოციალური ქსელის მიმართ ჯანსაღია თუ დამახინჯებული უნდა ვფოკუსირდეთ მოტივაციაზე. თუკი ინტერნეტს იყენებ იმისთვის,  რომ იპოვო კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც გჭირდება მოიკითხო მეგობარი, რომელიც დიდი ხანია არ მოგიკითხავს, გააზიარო შენთვის მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველი ფოტოები, იმისთვის,  რომ ნახონ შენმა ნათესავებმა და ახლობლებმა, ეს მოტივაცია და განზრახვა- წინაპირობაა იმისა,  რომ შენი დამოკიდებულება სოციალური ქსელის მიმართ ჯანსაღი და  ადეკვატურია, ხოლო თუკი მხოლოდ იმისთვის შედიხარ,  რომ მოწყენილი ხარ ან რაიმე მოთხოვნილება გაქვს და მისი დაკმაყოფილების ნაცვლად  ფეისბუქზე შესვლას ამჯობინებ ამ შემთხვევაში ის არის ერთგვარი ჩამნაცვლებელი, რაც არაჯანსაღია, იწვევს შემდგომში შფოთვას, დეპრესიას, მარტოობას, გუნება-განწყობილების ცვლილებებს.

შემდეგში როცა რომელიმე პლატფორმაზე შესვლას გადაწყვეტ, შეაჩერე წამი, გააცნობიერე შენი მოტივაცია და შემდგომ გადადგი ნაბიჯი, თუკი მიხვდი, რომ სოციალური ქსელი არის ჩამნაცვლებელი,  როგორც აღვნიშნე,  რეალური ცხოვრების, საჭიროა ვიპოვოთ ჩამნაცვლებელი ამ შემთხვევაში სოციალური ქსელისთვის. თუკი მარტო გრძნობ თავს დაურეკე მეგობარს და დაპატიჟე ჩაიზე ან ყავაზე, , თუკი თავს  არ გრძნობ კარგად გაისეირნე პარკში ან წადი სავარჯიშოდ, თუკი მოწყენილი ხარ დაკავდი რაიმეთი.

თუკი ფოკუსს  მოტივაციაზე შევაჩერებთ თუ რატომ, როდის და რა დროს შევდივართ სოციალურ ქსელში ამით არამარტო სოციალური ქსელის გამოყენების დროს შევამცირებთ, არამედ უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებთ ამ დროს და ნეგატიურ ასპექტებსაც თავიდან ავირიდებთ.

არსებობს უამრავი მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება შევამციროთ ეკრანთან გატარებული დრო ან გავატაროთ ის უფრო მეტად პროდუქტიულად.

ერთ-ერთი კარგი საშუალება არის  აპლიკაცია რომელიც “გიზღუდავს” შენივე სურვილით ინტერნეტით სარგებლობის დროს, დღიური ლიმიტის ამოწურვის შემდეგ ფეისბუქზე ინსტაგრამზე ან სხვა სოციალურ ქსელებში შესვლა იმ დღეს შეუძლებელია.

ძალიან კარგი აპრობირებული მეთოდია, ძილის წინ ტელეფონის სხვა ოთახში დატოვება თუკი გაღვიძება დილით მაღვიძარაზე არ არის დამოკიდებული.

ასევე კარგი  საშუალებაა  თვითონ ფეისბუქ ან ინსტაგრამ აპლიკაციის წაშლა, რაც სქროლვისას გატარებულ საათებს საგრძნობლად ამცირებს.

გარკვეულ სივრცეებში wi-fi-ის არ ქონა. არსებობს უამრავი სივრცე, კაფე რომელიც wi-fi-ის პაროლის მოთხოვნისას პასუხად გთავაზობს ჯანსაღ  ალტერნატივას- ესაუბრეთ ერთმანეთს.

ბავშვების შემთხვევაში უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ, აქ რეგულაციების და  წესების მოფიქრება და შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს , როგორც ბავშვის ასევე მშობლის მოთხოვნილებებს, ის რომ სიტუაცია პრობლემატურია ვთანხმდებით. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ბავშვები საშუალოდ 8 საათს ატარებენ ეკრანთან, თუმცა ერთბაშად აკრძალვა არ მოიტანს კარგ შედეგს.

ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი აუცილებელია. თუმცა ასევე აუცილებელია შეთანხმება იყოს ორივე მხარის მიერ დადასტურებული, თავიდანვე კარგი იქნება თუ ავარჩევთ ბავშვთან ერთად  კონკრეტულ საათებს როცა შეეძლება მას ინტერნეტის გამოყენება, ასევე შესაძლოა ეს წესი კონკრეტულ დღეებზეც განვავრცოთ, იმისთვის რომ ბავშვმა არ  იგრძნოს თავი დასჯილად და მარტოდ ამ აკრძალვის წინაშე კარგი იქნება თუ მთელი ოჯახი ჩაერთვება ამ გამოწვევაში და მაგალითად საღამოს 9 საათის მერე ინტერნეტთან წვდომა არ ექნებათ, რაც გააუმჯობესებს მათ ძილს, ფსიქიკურ ფუნქციონირებას.

მიუხედავად იმისა,   რომ სოციალური ქსელი სხვადასხვა პლატფორმა ნეგატიურ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე მინდა ხაზი გავუსვა მის პოზიტიურ ასპექტებსაც. ფეისბუქი და ინსტაგრამი წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას საკუთარი თავის გამოსახატად, იმას თუ რას აკეთებ, რითი ხარ დაინტერესებული, რა მოგწონს. იმისთვის,  რომ შენ მიერ ინტერნეტის გამოყენებას სწორი მიმართულება მისცე საჭიროა პირველ რიგში შენი “ფიდი” გაავსო  მხოლოდ და მხოლოდ  ისეთი ხალხით ვინც შთაგაგონებს, არის ინსპირაციის წყარო, გავსევს მხიარულებით და პოზიტივით- ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის,  რომ გავხადოთ ინტერნეტ სივრცე ჯანსაღი და უსაფრთხო ადგილი. კრეატიულობა და შემოქმედებითობა არის სწორედ ის უნარები,  რომელთა განვითარებაც შეგიძლია თუკი ციფრულ ტექნოლოგიებს გამოიყენებ სწორი განზრახვით.

Მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს,  ცოცხალ ემოციებს, რეალურ ურთიერთობებს და ყოველთვის იზრუნეთ მათზე 🙂

 

 

 

 

Exit mobile version