ხათუნა გოგელია – გეშტალტთერაპევტი, ევროპული აკრედიტაციით – EAGT სრული წევრი, ნეირობიოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი.
თვითდაკვირვება ანუ ინტროსპექცია, ადამიანის მიერ საკუთარი ფსიქოფიზიოლოგიური პროცესების გაცნობიერებული დაკვირვებაა.
ადამიანი, ხშირად და უმეტესწილად, რეფლექსურად, პატერნებით მოქმედებს. ადამიანის ესეთი ქმედება ნორმალურია და თვითდაკვირვება მისი ფსიქიკისთვის ჩვეული რუტინა არ გახლავთ. ინტროსპექცია აუცილებელი ხდება მაშინ , როდესაც პიროვნება დისკომფორტს განიცდის საკუთარი არსებობის სხვადასხვა მომენტებში, ან სხვასთან კონტაქტირებისას, ანუ გაცნობიერებული ცვლილების პირველი საფეხურის-ინტროსპექციის საჭიროება ასეთ დროს აუცილებელი ხდება. ადამიანი რომ ხშირად თვითდაკვირვების რეჟიმში იყოს და თან მაღალ ტემპში ფუნქციონირებდეს , ამას მისი ნერვული სისტემა ვერ გაუძლებდა. ამიტომ არის, რომ უმეტესწილად, ის ავტომატურად რეაგირებს რეალობაზე, ხოლო თვითდაკვირვება წინ უსწრებს მხოლოდ ქცევის გაცნობიერებულ და ნებელობით ცვლილებას. თუ პიროვნება არ დააკვირდება საკუთარ თავს და საკუთარ მდგომარეობას, ის ვერ მოახერხებს რეალურად მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და რაიმეს შეცვლას.
თანამედროვე ცხოვრების რიტმი სრულიად არ იყო ინტროსპექციისთვის მოწოდებული. მაგრამ ამ პანდემიურმა რეალობამ თითქოს აიძულა კაცობრიობა შეჩერებულიყო და ფასეულობები და პატერნები გადაეხედა.
ინტროსპექციას ადამიანი საკუთარი შეგრძნებების დაკვირვებით იწყებს, ამ შეგრძნებების გამოკვეთის შემდგომ საკუთარ ემოციას ამოიცნობს, ამ ემოციის გამომწვევს ეხება და მხოლოდ ამის შემდგომ ხვდება თუ რა არის ის, რამაც მასში ასეთი განცდები გამოიწვია.
ინტროსპექცია საკუთარი სუნთქვის დაკვირვებით შეგიძლიათ დაიწყოთ – “მზერა”, თითქოს ჰაერის ნაკადს დაჰყვება და ადამიანი უკვე საკუთარ თავთან რჩება. ამის შემდგომ შეგიძლიათ დასვათ კითხვები “რა და როგორ?”
კითხვები მიმართული საკუთარი თავისკენ:
⁃ მე როგორ ვგრძნობ თავს?
⁃ რა არის ის, რასაც მე განვიცდი?
⁃ როგორ მინდა ვგრძნობდე თავს?
⁃ როგორ მოვიქცე, რომ ჩემი მდგომარეობა შეიცვალოს?
⁃ რა არის ჩემი მიზანი?
-როგორ მოვიქცე, რომ ამ მიზანს მივაღწიო?
⁃ “როდის” და “რა” გავაკეთო ამისთვის?
სოციუმი, გარემო თავის მოთხოვნებს და პირობებს უყენებს ადამიანს და თუ ადამიანი არ მოახდენს თვითდაკვირვებას, მაშინ ის მინიმალური ადაპტირების რეჟიმში იფუნქციონირებს, ხოლო თუ ის ინტროსპექციას და შემდგომ ცვლილებას განახორციელებს, მაშინ ის კრეატიულ მორგებას და წინსვლას შეძლებს.
მოამზადა სალომე სისაურმა