Psychologist.ge

ხატია გოგოლაძე – რატომ მაინცდამაინც ის და არა სხვა?

ხატია გოგოლაძე – სოციალური და განწყობის ფსიქოლოგის მაგისტრი, პროფესორის ასისტენტი,  გეშტალტპრაქტიკოსი

როგორ ვირჩევთ ჩვენს პარტნიორებს, არსებობს ამისთვის რაიმე კრიტერიუმები?
რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრია. ფსიქოლოგიაში ძალიან ბევრი შეხედულება არსებობს რისი მიხედვითაც ვირჩევთ პარტნიორს. მაგალითად ფროიდი ფიქრობდა, რომ  პარტნიორად ვირჩევთ ისეთ ადამიანს, რომელიც თავისი საპირისპირო სქესის, მშობლის მსგავსია.
სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ფიზიკური სიახლოვე, მიმზიდველობა, მსგავსების არსებობა და გრძნობების ორმხრივობა არის ის კომპონენტები, რომლებიც განაპირობებს პარტნიორის არჩევას.
ასევე აღსანიშნავია, რომ პარტნიორის არჩევისას ადამიანი შესაძლებელია ეყრდნობოდეს  თავის პირად გრძნობებს ან კიდევ უპირატესობას ანიჭებდეს იმას, თუ როგორ გამოჩნდება მათი წყვილი სხვების თვალში, რამდენად ჩათვლის საზოგადოება, რომ ისინი ერთმანეთის შესაფერისები არიან.
ჩემი აზრით, პარტნიორის არჩევისას ყველაზე მეტად უნდა მივენდოთ გრძნობებს და დავაკვირდეთ როგორ ვგრძნობთ თავს მის გვერდით.

სიყვარული საკმარისია ერთად ყოფნისთვის? თუ არსებობს კიდევ ისეთი თვისებები, რომელთა გარეშეც ურთიერთობა ვერ შედგება.
სიყვარულის ცნება განსხვავებულად ესმით ადამიანებს , ზოგი მაგალითად მასში გულისხმობს ვნებას ანუ სექსუალურ ლტოლვას და სურვილს, ზოგი გულისხმობს ინტიმურობას, რომელიც მოცავს გულწრფელობას და ურთიერთგაგებას, ზოგისთვის მთავარი არის ნდობა და ერთგულება, ასე რომ ვფიქრობ ყველა ადამიანმა საკუთარ თავს უნდა კითხოს  – რა არის მისთვის სიყვარული? ვერავინ ვერ ეტყვის სხვას როდის  უნდა გრძნობდეს სიყვარულს, ან როგორ უნდა მიხვდეს რომ ეს სიყვარულია.
ვფიქრობ, როდესაც ადამიანებს სიები აქვთ, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და რა თვისებები უნდა ჰქონდეს მის პარტნიორს, გამოდის რომ თვითონ ეს თვისებები მოსწონთ და უყვართ.
სიყვარულს გრძნობს ადამიანი მაშინ, როცა კონტაქტშია თავის საყვარელ ადამიანთან და ეს განცდაა მნიშვნელოვანი, რომელიც მას უჩნდება ამ კონტაქტის დროს და არა ის თვისებები თუ შეხედულებები რაც საზოგადოდ ცნობილია როგორც კარგი და მისაღები.

არსებობს გამოთქმა , რომ „სიყვარული ბრმაა“ , შეიძლება თუ არა , რომ იგი მართლაც გამორიცხავდეს გონივრულობასა და რაციონალურობას.
პირველ რიგში სიყვარული არის განცდა, რომელსაც მაშინ ვგრძნობთ, როცა კონტაქტში ვართ ჩვენ პარტნიორთან. გრძნობის გარდა კიდევ არსებობს აზრები, მაგალითად რას ვფიქრობ მე ჩემს პარტნიორზე. თუკი განსვლაშია ერთმანეთთან ადამიანის გრძნობები და აზრები , მაშინ იგი განიცდის დისკომფორტს და ვერ ფუნქციონირებს სრულფასოვნად.
ამ დროს უნდა აიღოს ადამიანმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაკეთოს ცნობიერი არჩევანი, გაკეთოს არჩევანი იმის მიხედვით, თუ რა არის მისთვის უფრო ღირებული,
გაითვალისწინოს,  როგორც მისი სურვილი ისე  საჭიროება.
თუკი აზრი და გრძნობა თანხვედრაშია, მაშინ ამას რა სჯობს.

დღეს ჩვენს რეალობაში ბევრი ადამიანია, რომელიც ცალმხრივი, უპასუხო სიყვარულით იტანჯება. არსებობს თუ არა ამ შემთხვევაში გამოსავალი, რას ურჩევდით მათ?
ერთი და იგივე მოვლენაზე სხვადასხვა რეაქციები შეიძლება გვქონდეს, მაგალითად ვიტანჯებოდეთ ცალმხრივი სიყვარულით ან სიამოვნებას ვიღებდეთ.
მე ვურჩევდი, რომ დაფიქრებულიყვნენ რა არის მათთვის ღირებული, ის განცდა რასაც გრძნობენ თუ გარემოს პასუხი მათ განცდაზე?  ჩემთვის მაგალითად სიყვარულის უნარის ქონა უკვე ბედნიერებაა.

როგორები უნდა იყვნენ იდეალური პარტნიორები ერთმანეთისთვის?
იდეალური არაფერი არ არსებობს. არც მე, არც შენ, არც არავინ  არის იდეალური, წარმოიდგინე ყველანი იდეალურები რომ ვიყოთ, როგორი მოსაწყენი და უფერული იქნებოდა ცხოვრება. მრავალფეროვნება არის ის რაც საინტერესოს ხდის სიცოცხლეს. თუკი მე ვიფიქრებ, რომ ჩემი პარტნიორი იდეალურია, ეს ილუზია იქნება და მაშინ მე მეყვარება ჩემი შექმნილი ხატი და არა რეალური პიროვნება.
ჯანსაღი ურთიერთობების დროს პარტნიორები იღებენ ერთმანეთს ისეთებად, როგორებიც არიან და ქმნიან ისეთ ველს, სადაც შეუძლიათ მთლიანად გამოხატონ საკუთარი თავი.

პანდემიის გამო, პარტნიორებმა თითქოს გაზარდეს მოთხოვნილებები და ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, რას ურჩევდით მათ, როგორ შეინარჩუნონ პიროვნული საზღვრები და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ?
ვფიქრობ, პანდემია არის საუკეთესო საშუალება, იმისთვის, რომ დარჩეს ადამიანი საკუთარ თავთან, შეხვდეს მას თუ აქამდე არ შეხვედრილა და გაიცნოს იგი.  ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ადამიანი ისე ექცევა სხვას, როგორც საკუთარ თავს.
ვურჩევდი წყვილებს, რომ იყვნენ უფრო შემწყნარებლები,  როგორც თავისი თავის ისე ერთმანეთის მიმართ.
ჩემი აზრით, იმისთვის რომ პარტნიორებმა შეინარჩუნონ ჯანსაღი ურთიერთობა აუცილებელია, რომ გულწრფელად გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი განცდები, ფიქრები და მდგომარეობა. ერთად გაიხსენონ ის თუ რატომ აირჩიეს ერთმანეთი.
რატომ მაინცდამინც ის და არა სხვა?

მოამზადა ანანო ვაშაკიძემ

Exit mobile version