Psychologist.ge

იუნგის არქეტიპები

იუნგის თეორიის თანახმად, ცოცხალ ბუნებაში ყველა პროცესს არქეტიპები, ანუ პირველ-ფორმები მართავენ. ყველა არქეტიპი არაცნობიერის სფეროდან – ინსტინქტების სამყაროდან იზრდება. ანიმა და ანიმუსი – ორი ცენტრალური არქეტიპული ფიგურაა ყოველი ადამიანის ფსიქიკაში და ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისებს განასახიერებს.

იუნგის მიხედვით არქეტიპები კოლექტიური არაცნობიერის სფეროში დევს და ისინი წარმოადგენენ ხატ-სახეთა ერთგვარ ბიბლიოთეკას, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა. თაობების მანძილზე გამომუშავებული ქცევის ეს ხატ-სახეები ანუ მოდელები გვიბიძგებენ, რომ სიტუაციებზე შაბლონური რეაქციები გვქონდეს.

დიდი დედის და დიდი მამის არქეტიპები

არქეტიპები ინსტინქტებიდან მომდინარეობენ, ამიტომ მათ ქმედებაში – გადარჩენისადმი სწრაფვაა. მაგალითად, ველურ ბუნებაში მტრის არქეტიპი ეხმარება პატარებს, რომ ამოიცნონ საფრთხე მოახლოვებული მტაცებლის სახით და ქცევის შესაბამისი ფორმა მიიღონ – დაიმალონ ან გაიქცნენ.
ხდება ხოლმე, რომ ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც აუხსნელი მიზეზების გამო არ მოგვწონს. მათ გვერდით შინაგან დისკომფორტს ვგრძნობთ და გვინდა, რომ მათგან თავი შორს დავიჭიროთ. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ადამიანი მტრის ჩვენეულ ხატ-სახეს შეესაბამება, და ამ დროს ჩვენი გრძნობების გამოვლინებები – არქეტიპის ქცევებია.

არქეტიპით შეპყრობილობა

ცნობიერების მიერ მეტისმეტი თვითგაიგივება არქეტიპულ ხატ-სახესთან «არქეტიპით შეპყრობილობაზე» მეტყველებს. ზოგჯერ ეს ჰგავს შეპყრობილობას, როცა გეჩვენება, რომ ადამიანს რაღაც უცხო წარმოშობის არსი დაეუფლა. სინამდვილეში ეს სიმართლეს ჰგავს. არქეტიპით შეპყრობილობის დროს ადამიანი კარგავს ცნობიერ კონტროლს საკუტარ თავზე და ძალაუფლება არაცნობიერის, ინსტინქტურის სფეროზე გადადის.

ამასთან, თავად არქეტიპები ობიექტურნი არიან, არქეტიპულ ფორმებში კი მოვლენათა ჭეშმარიტი მიზეზები იმალება. ეს მექანიზმი ხსნის, თუ რატომ ატარებს ზოგიერთი სიზმარი გამაფრთხილებელ ან წინასწარმეტყველურ ხასიათს. მაგალითად, საყვარელი დედა ალქაჯის ხატ-სახით, ან მამა თხის თავითა და ჩლიქებით, შეიძლება აიხსნას, როგორც გაფრთხილება ილუზორული აღქმის შესახებ.მოცემულ შემთხვევაში, ქვეცნობიერი, რომელიც რეალობის შესახებ უფრო სრულ ინფორმაციას ფლობს, ცნობიერებას უგზავნის ნიშნებს, რომელიც ცრურწმენების ფორმირებისგან დაიცავს მას.

ძალაუფლება არქეტიპებზე

არქეტიპების არსის გაცნობიერება მათზე ძალაუფლებას გვაძლევს. არქეტიპული ხატ-სახეების ამოცნობისა და გაშიფვრის უნარში ვლინდება ადამიანის ფსიქიკის ორი, მანამდე დაყოფილი სფეროების კავშირი: ცნობიერის და ქვეცნობიერის. ეს კავშირი იუნგის თეორიაში ასახულია მთლიანობის ანუ «თვითობის» არქეტიპში.
ქვეცნობიერის ენის გაგება წვდომას გვაძლევს მოვლენების და ცხოვრებისეული სიტუაციების ჭეშმარიტ მიზეზებთან, რომლებიც არქეტიპებშია დაშიფრული. ეს – შესაძლებლობაა გაცნობიერებული არჩევანისთვის, ანუ ინდივიდუალურობის გამოვლინებისთვის. იუნგის თვალსაზრისით, ინდივიდუალურობა – არქეტიპულობის ანტიპოდია. ვავლენთ რა ჩვენს ინდივიდუალურობას გაცნობიერებული არჩევანით, ჩვენ გავდივართ ქცევის შაბლონებიდან და ვავლენთ საკუთარ შემოქმედებით არსს. ინდივიდუაცია – ეს სულის ევოლუციის გზაა. გზა არქეტიპებით შეპყრობილობიდან მთლიანობის მიღწევამდე, როცა ცნობიერი და არაცნობიერი პიროვნების ერთიან ბირთვში ერწყმის ერთმანეთს.

მანდალა — თვითობის არქეტიპის სიმბოლო

იუნგის ძირითადი არქეტიპები

პიროვნების სტრუქტურაში იუნგი 3 სფეროს გამოარჩევს: ცნობიერს, პირად არაცნობიერს და კოლექტიურ არაცნობიერს.

პირადი არაცნობიერი – ესაა ის, რაც ადრე ცნობიერდებოდა, მაგრამ შემდეგ არაცნობიერის დონეზე გადავიდა. კოლექტიური არაცნობიერი ცხოვრების განმავლობაში არ მოიპოვება, არამედ მემკვიდრეობით გადადის – ხატ-სახეებისა და ფორმების ინფორმაციული პაკეტის სახით. ამასთან, პიროვნების განვითარება დაფუძნებულია 5 ძირითადი არქეტიპული ფიგურის ურთიერთქმედებაზე, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ცნობიერის კავშირი არაცნობიერთან.

იუნგის ძირითადი არქეტიპებია:

– ეგო;

– ანიმა და ანიმუსი;

– ჩრდილი;

– პერსონა;

– თვითობა.

ანიმას ბნელი ასპექტი ანუ ჩრდილის არქეტიპი მალეფისენტას სახით

ეგო ანუ «მე»

ეგო – ესაა ცნობიერების სფეროს ცენტრი ადამიანის ფსიქიკაში. აქ მდებარეობს ცნობიერი «მე»-ს დაკვირვების ცენტრი შინაგან და გარე სამყაროზე. აქედანვე იწყება პიროვნების განვითარების გზა, რომელსაც იუნგი «ინდივიდუალიზაციას» უწოდებდა.
ინდივიდუალიზაცია – ესაა ცნობიერისა და არაცნობიერის შერწყმა ერთიან სტრუქტურაში – თვითობის არქეტიპულ ხატ-სახეში.

ევრიდიკა ანიმას – ორფეოსის სამშვინველის სიმბოლურ სახეში, რომლისთვისაც იგი მიწისქვეშა სამეფოში ჩავიდა.

ანიმა და ანიმუსი

ანიმა და ანიმუსი ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში განასახიერებენ ურთიერთსაწინააღმდეგო სქესის ხატ-სახეს ადამიანის გენეტიკურ მეხსიერებაში. ანიმა – ესაა ქალური მამაკაცში. ანიმუსი – მამაკაცური ქალში. იუნგი ამას სამშვინველის ხატ-სახეს (образ души) უწოდებს. სამშვინველის ხატსახე საკუთარ თავში მოიცავს მთელი კაცობრიობის, გვარის და ადამიანის პირად გამოცდილებას – ურთიერთობების სფეროში.

ანიმას და ანიმუსს შეუძლიათ მრავალფეროვანი არქეტიპული ფორმები მიიღონ ადამიანის ფსიქიკაში და პიროვნების პოზიტიური ან ნეგატიური ასპექტი გააშუქონ. მაგალითად, ქალური საწყისი შეიძლება გამოვლენილ იქნეს ნაზი ქალწულის ან ბოროტი ჯადოქრის ხატ-სახით. მამაკაცური – კეთილშობილი პრინცის ან ტირანის სახით. სამშვინველის ხატ-სახე გავლენას ახდენს პარტნიორის არჩევაზე და ზოგადად საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაზე. ასევე, მეტწილად ამ ხატ-სახეზეა დამოკიდებული გენდერული თვისებების გამოვლენა პიროვნების ქცევაში.

ანიმას არქეტიპი ვენერას – სილამაზის ქალღმერთის ხატ-სახეში.

ამასთან, არქეტიპები თუმც კი დუალურია, მაგრამ მათი დუალობა წონასწორულ ბალანსში იმყოფება. ერთი ასპექტის გამოვლენის ძალა ძალას იძლევა საწინააღმდეგოს გამოვლინებისთვის. ძალის გრეგნული, საჩვენებელი გამოვლინებები შინაგან სისუსტეზე მეტყველებენ. მაგალითად, ძლიერი ქალი, რომელიც ცხოვრებაში მამაკაცურ ამოცანებს ასრულებს, საკუთარ ცნობიერებაში სუსტი ანიმუსის ხატ-სახეს ატარებს და ქვეცნობიერად ცხოვრების შესაბამის თანამგზავრს ეძებს. ამიტომ მეტისმეტად ძლიერი ქალები ხშირად მეტისმეტად სუსტ მამაკაცებს ირჩევენ. და საერთოდ, ჩვენ თითქმის ყოველთვის მათ ვირჩევთ, ვისი თვისებებიც ჩვენს შინაგან ბუნებას ასახავენ.

ჩრდილი

ჩრდილი ფორმირდება იმ განწყობებისგან და მიდრეკილეებებისგან, რომლებიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა, მაგრამ საკუთრ თავში არ ვიღებთ. ყველაფერი, რაც უსიამოვნოდ და არაესთეტურად გვეჩვენება; ყველაფერი, რასაც საზოგადოებისგან კეთილშობილობის ნიღბებით ვფარავთ – ჩვენი ჩრდილის ფორმირებას ახდენს.

ის, რაც ცნობიერების დონეზე იქნა განდევნილი, არაცნობიერის სფეროში გადადის, და იქიდან, ჩრდილის არქეტიპის მეშვეობიტ აგრძელებს თავის ზემოქმედებას ფსიქიკაზე. რაც უფრო მეტი პიროვნული თვისებაა განდევნილი ცნობიერების მიერ, მით უფრო იზრდება ჩრდილი, და მით უფრო ხშირად და ძლიერად ერევა იგი ცნობიერ ცხოვრებაში.

ჩრდილის არქეტიპი მეფისტოფელის ხატ-სახეში (მარცხნივ) – გოეთეს „ფაუსტიდან“.

თუმცაღა, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილი პიროვნების ბნელ ასპექტს წარმოადგენს, მისი მიზნები სრულიად კონსტრუქციულია. თავისი ჩარევით ცნობიერ ცხოვრებაში იგი ადამიანს მიმართავს დათრგუნული სურვილების დაკმაყოფილებისკენ და შეკავებული ემოციების გამონთავისუფლებისკენ. საბოლოო ჯამში, ჩრდილის ჩარევამ ადამიანი თავისი ჩრდილოვანი მხარის გაცნობიერებამდე და მიღებამდე უნდა მიიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ის, რასაც იუნგი „არქეტიპული არაცნობიერის მიერ ცნობიერის გათელვას“ უწოდებს, ან უფრო მარტივად – ფსიქოზს.

სიმბოლურად ჩრდილთან შეხვედრას გამოხატავენ საკუთარი ანარეკლის ჭვრეტით სარკეში ან წყლის გუბეში.

ჩრდილი თავს გვახსენებს როგორც შინაგანი სამყაროს სიმბოლიზმით, ასევე გარესამყაროს რეალური ფიგურებიტაც. იგი შეიძლება გვდევნიდეს სიზმრებსა და ჩვენებებში – დემონის ან ურჩხულის სახით. ასევე შესაძლოა ჩრდილი პროეცირდეს გარშემომყოფ ადამიანებზეც. ზოგჯერ გარშემომყოფებში ისეთ ხატ-სახეებს ვხვდებით, რომლებიც ჩვენს ჩრდილს მოქმედებისკენ უბიძგებენ. და მაშინ, რისხვითა და წყენით მართულნი, ჩრდილის არაცნობიერი გავლენის ქვეშ ვექცევით და „არაკეთილშობილურად“ ვიქცევით. ამასთან ნეგატიური ემოციები, რომლებსაც სხვა ადამიანების მიმართ განვიცდით – ესაა «მე»-ს საკუთარ დათრგუნულ ბნელ მხარესთან შეხვედრის შედეგი.

ქცევის სოციალურ მოდელებს ადამიანს პერსონა – პიროვნების სახე კარნახობს.

პერსონა

პერსონა – ესაა შუამავალი «მე»-სა და გარესამყაროს შორის, ნიღბების ნაკრები, რომლის მიღმაც ჩრდილი იმალება. ფაქტიურად, ეს არქეტიპი – პიროვნების ნათელი ასპექტია. მეორე მხრივ, ეს – მხოლოდ და მხოლოდ ხატ-სახეა, რომელსაც ადამიანი ირჩევს, რათა სხვებს მოეწონოთ და თავისი ბნელი მხარე დაფაროს.

თვითობა

გზა თვითობის მიღწევამდე გადის არაცნობიერი ჩრდილოვანი მხარის მიღებაზე, იმ მხარის, რომელიც მანამდე ცნობიერების მიერ იყო განდევნილი და პერსონის ნიღბის ქვეშ იმალებოდა. საკუთარი ჩრდილის ასპექტის მიღება პერსონის ნიღაბს უსარგებლოს ხდის, და ნიღაბი ინგრევა. ასეთი ნგრევები შესაძლოა მტკივნეული იყოს, მაგრამ დადებითი შედეგის შემთხვევაში მათ თან სდევს პოზიტიური ცვლილებები პიროვნების ბირთვის სტრუქტურაში.

თვითობის ფორმირება – შედეგია «ინდივიდუალიზაციის» პროცესისა, რომელსაც იუნგი არქეტიპულობას უპირისპირებდა. ამგვარად, თუკი არაცნობიერს ცნობიერებით მიიღებს, ადამიანს შეუძლია გავიდეს არქეტიპულობიდან და გამოავლინოს ინდივიდუალურობა გაცნობიერებულ არჩევანში.

დუალობის სიმბოლური გამოსახულება

თვითობა – ესაა ასევე საკუთარი არსისა და ადგილის გაცნობიერება სამყაროში. სიმბოლურად თვითობის მიღწევა ასახულია მითებში, როგორც გმირის შეერთება მის სამშვინველთან საპირისპირო სქესის სახით. «ორფეოსი და ევრიდიკა» – ესაა მითი, სადაც მამაკაცი თავის ქალურ საწყისს – ანიმას უერთდება. ეგვიპტური მითი ოსირისისა და იზიდას შესახებ – ესაა ისტორია, სადაც ქალი თავის შეყვარებულს, შინაგან მამაკაცს – ანიმუსს მკვდრეთიდან ნაწილებისგან აღადგენს.
შემეცნების პროცესში არაერთხელ აღმოვაჩენთ, რომ ოდესღაც, წარსულში საკუთარი სამშვინველი (душа) „დავკარგეთ“. შემდეგ კი, მორიგი ნიღბის მოგლეჯით და ჩრდილის მორიგი ასპექტის მიღებით კვლავ მოვიპოვებთ საკუთარ სამშვინველს.

სამშვინველის – ანიმას გადარჩენის აქტის სიმბოლური გამოსახულება.

სამშვინველთან სრული და საბოლოო გაერთიანების მომენტი – ესაა სიცოცხლის დინების მთელი გამოცდილების გაცნობიერების მომენტი. სრულყოფილებას საზღვრები არ გააჩნია, და სავარაუდოდ საბოლოო მომენტი მიუღწეველია. მაგრამ ამან არ უნდა შეაჩეროს მისწრაფებები. ყველა ბუნებრივად ისწრაფვის გარეგანის და შინაგანისს ჰარმონიისკენ. ეს ვლინდება, როგორც ბედნიერების სურვილი. მაგრამ ბედნიერებას მხოლოდ ის მოიპოვებს, ვინც აცნობიერებს, რომ ბედნიერება კონკრეტულ მატერიალურ მიზნებში კი არაა, არამედ საკუთარი «მე»-ს საკუთარ თავთან და სამყაროსთან ურთიერთობაში.

წყარო: MAGMA

თარგმნა მამუკა გურულმა

 

Exit mobile version