Psychologist.ge

ხატია ჯოხარიძე – პირველი ნაბიჯები

ხატია ჯოხარიძე – განათლების ფსიქოლოგი

ბავშვობაში გაცნობიერებულად არასდროს მიფიქრია ფსიქოლოგიაზე, თუმცა ზრდასრულობაში მივხვდი, თურმე როგორ და რა  მაპროვოცირებელი თავგადასავლების შეგროვების შემდეგ  მივედი ამ პროფესიის არჩევამდე.

4-5 წლიდან   დედას ხშირად დავყავდი თეატრში, ოპერაში, არ ვაცდენდით მიუზიკლებს, წარმოდგენებს  და კონცერტებს. ზაფხულის არდადეგების ნაწილს  თელავის თეატრის „კულისებში“ ვატარებდი, რეპეტიციებს ვესწრებოდი , ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ იმას ვგრძნობდი რომ იქ, სადაც ხელოვნება იყო (განსაკუთრებით თეატრი)  ჩვეულებრივი დღესასწაული ქონდა ჩემს სამყაროს,  ეს ყველაფერი ისე მომწონდა, შემიპყრო სცენაზე ნარნარის ჟინმა,  მოკლედ მსახიობობა მინდოდა.  გავიდა ბევრი წელი, ცოტათი გავიზარდე, დავიწყე პიესების კითხვა, გავეცანი ხელოვანი ადამიანების ბიოგრაფიებს და ვგრძნობდი –  ადამინები, ურთიერთობები  მიყვარდებოდა, თავიანთი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვით.. მჯეროდა რომ ეს ყველაფერი ცხოვრებას უფრო საინტერესოს და შინაარსიანს ხდიდა…

სკოლის ასაკში ვემზადებოდი მეგობრის უფროს დებთან და ძმებთან თეატრალურისთვის – მეტყველების კულტურა იქნებოდა, პროზის მომზადება თუ ა.შ.  მაგრამ სახლში იდეა დამიწუნეს, არგუმენტით –  კარგია მარა პროფესიად არაო..

მოკლედ ერთი წელი ვეუფლებოდი ჟურნალისტიკას , წარმოსახვაში ბევრჯერ ვყოფილვარ  – „ თეატრი და ცხოვრების“ მსგავსი ჟურნალის რედაქტორიც .  შემდეგ შევიცვალე უნივერსიტეტი და „ღმერთმა არ მიმატოვა“,  მომეცა შანსი მეორად პროფესიად ამერჩია სამსახიობო  და დავიწყე ვაკის თეატრალურ სარდაფში  სამსახიობო ოსტატობის შესწავლა ( ახლა ილიაუნის თეატრი), იქაური ატმოსფერო კვებავდა ჩემს სულს, სხვა ემოციები მოქონდა თეატრალ ადამიანებთან ურთიერთობებს, სხვა სიღრმეებზე და ღირებულებებზე მაფიქრებდა, მოკლედ  სცენის მტვერმა საბოლოოდ „მომიწამლა“ გონება.  ეწიუდების მომზადებისას ბევრი ფიქრი გვიწევდა ადამიანებზე, ემოციებზე, როლზე ….   და მაშინ  რეჟისორმა,  უფრო სწორად ადამიანმა და მერე რეჟისორმა  გაგა გოშაძემ  ( მაშინ ბ- ნი გაგა იყო, მერე გახდა  გაგა)  მოგვცა დავალება გვემგზავრა მეტროთი, დავკვირვებოდით ადამიანებს და წარმოგვედგინა და ყველას ცხოვრება –  თავისი დეტალიზაციით. დიახ,  ყველა ემოცია უნდა გვეგრძნო , უნდა მივმხვდარიყავით როგორ სახლში ცხოვრობდა,  ჩაის დალევა უყურო ჭიქით უყვარდა თუ ყურიანი, ან საერთოდ იქნებ სულაც არ უყვარდა ჩაი და ალკოჰოლს სვამდა…

ვაგონ – ვაგონ სიარულმა და დაკვირვებამ აღმომაჩენინა რომ ძალიან, ძალიან საინტერესო და განსხვავებულები ვართ ადამიანები, რომ ხელოვნება და ფსიქოლოგია მონათესავე სულები არიან…  ამის მერე კარგ მსახიობად თუ არა, კარგ  მაყურებლად ნამდვილად ჩამოვყალიბდი და დავიწყე ახალი  მეცნიერების შესწავლა .

მაგისტრატურაზე ისეთი ადმიანების გარემოცვაში მოვხვდი, რომ არ მესწავლა იქ მომინდებოდა სწავლა, ქ – ნი ქეთევან მაყაშვილი, მარინა ჯაფარიძე, რეზო კორინთელი, ნათელა იმედაძე, დარეჯან კახიანი, რუსუდან მირცხულავა და ბევრი სხვა პროფესიონალი ვისგანაც უამრავი რამ ვისწავლე, დავეუფლე პროფესიას, სადაც ინდივიდის ბუნების შესწავლა და ბავშვის ფსიქოლოგია გახდა ჩემი ღრმა ინტერესის სფერო.

ადამიანების ნაწილს გონია რომ ფსიქოლოგობა „ჯადოქრობაა“, რომ ყოვლისშემძლე ხარ, შეგიძლია ყველა ადამიანის პრობლემის მოგვარება, მიხვალ ფსიქოლოგთან, დაჯდები, მოყვები შენს პრობლემას, ისიც მოგისმენს, შემდეგ ორ წინადადებას გეტყვის და ყველაფერი რიგზეა. ასე არ არის, ყველაზე დიდი რაც კი ფსიქოლოგს შეუძლია მოგცეთ, ეს არის გასწავლოთ საკუთარი პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება.

სიამოვნებით ვიქნებოდი ქართველი მარია მონტესორი, მისი სწავლების მეთოდის ძირითადი მიზანი იყო ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ მომხდარიყო სრულყოფილი პიროვნების ფორმირება. არ დაგიმალავთ და არჩევანი, ვყოფილიყავი ფსიქოთერაპევტი თუ განათლების ფსიქოლოგი გადაწონა ადრეულ ასაკში ჩემმა დედობამ, ახლა უკვე როგორც „ორ გზის დედა“ კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, პროფესიით და ადამიანებით, რომლებიც მაძლევენ სტიმულს უფრო ბევრი გავაკეთო მათთვის .

ვფიქრობ თუ არ გაქვს ენთუზიაზმი და ემპათიის უნარი ამ პროფესიას არც უნდა შეეჭიდო, დღევანდელი გარემო ფაქტორებისგან გამომდინარე ვიცით თუ როგორ ჭირდებათ ადამიანებს იმედი, რომელიც ყოვლისშემძლე სიტყვის გაგონებისას უღვივდებათ.  მე გაცნობიერებული მაქვს ჩემი როლი საზოგადოებაში და მჯერა, რომ ადამიანები აუცილებლად გავიმარჯვებთ საკუთარ თავზე –  სწორი დამოკიდებულებით და რაც მთავარია სურვილით.

 

Exit mobile version