Psychologist.ge

ირინა ტაბუციძე – პირველი ნაბიჯები

ფსიქოლოგი. პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრ “პიკი”-ს ხელმღვანელი

ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე შემთხვევით მოვხვდი, არ მიოცნებია ამ პროფესიაზე. მახსოვს, პირველი ლექცია ბ-ნმა შოთა ნადირაშვილმა ჩაგვიტარა და გვკითხა, ვის რა ჰქონდა წაკითხული ამ სფეროში. აღმოჩნდა რომ ჩემი მომავალი ჯგუფელები უკვე იცნობდნენ დიმიტრი უზნაძის და რევაზ ნათაძის შრომებს. მე არაფერი ვიცოდი. პირველი კურსი ისე დავხურე, თავი სულ სტუმრად მეგონა.
მერე რაღაც მოხდა, ერთმა სწორად ნათქვამმა ფრაზამ ყველაფერი შეცვალა, იმის მერე დაბალი ნიშანი აღარ მიმიღია.
გამორჩეულად კარგი ლექტორები მყავდა, ძალიან გაგვიმართლა იმ თაობას – უზნაძის ინსტიტუტის პირველი გამოშვება ვიყავით. შოთა ნადირაშვილი, ამირან გრიგოლავა, იათო კოტეტიშვილი, მარინა ბალიაშვილი, ქეთი მაყაშვილი, თამაზ ბუაჩიძე და სხვა ბევრი საინტერესო ადამიანი გვასწავლიდა. მარტო მათთან ურთიერთობა შეგაყვარებდა შენს საქმეს. მაშინ ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, ახლა ვხვდები რომ განსაკუთრებული სტუდენტობა მქონდა. თბილისში სამოქალაქო ომი იყო, ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ვაკიდან სოლოლაკში ფეხით დავდიოდით მე და ჩემი მეგობარი, რომელიც პირველ კურსზე გავიცანი და მთელი ცხოვრება შემომრჩა. გზადაგზა უამრავ თემაზე ვსაუბრობდით, ჩათვლა ან გამოცდა თუ გვქონდა, იმასაც გზადაგზა ვსწავლობდით. და, სიმართლე გითხრათ, სწავლის მეტს არც არაფერს ვაკეთებდით. მოსაღამოვდებოდა თუ არა, გარეთ სროლის ხმა ისმოდა, მაშინ გასართობად არავის ეცალა.
იმ არეულ დროში დიპლომის აღების მერე ფსიქოლოგად მუშაობა ოცნებად დამრჩა. გეგმები კი მშვენიერი მქონდა, მაგრამ რეალობა სხვა იყო. მეორე კურსიდან პარალელურად სხვადასხვა გაზეთებისთვის სტატიებს ვწერდი და ჯიბის ფული სულ მქონდა. მერეც, რადგან შესაძლებლობა მომეცა, უარი არ მითქვამს და ტელეკომპანია „მე-9 არხზე“ ექვსი წლის მანძილზე საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი ვიყავი. მადლობელი ვარ იმ წლების, მაშინ ვისწავლე უამრავ განსხვავებულ ადამიანთან ურთიერთობა, კამერასთან თამამად მუშაობა, საქმის ექსტრემალურ პირობებში კეთება. დღემდე მეხმარება მაშინდელი გამოცდილება.
ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში, როცა უკვე მეგონა რომ ძირითად სპეციალობას აღარასდროს დავუბრუნდებოდი, ჩემი თანამშრომელი ფსიქოლოგიით დაინტერესდა და ბ-ნი ამირან გრიგოლავა გაიცნო. ვისაც ამ ადამიანთან შეხება ჰქონია, დამერწმუნება რომ მისი დავიწყება შეუძლებელი იყო – ქარიზმატული პიროვნება იყო, დაუღალავად შეეძლო სტუდენტებთან ურთიერთობა, თავის საქმეზე გამორჩეულად სიყვარულით საუბარი. აღმოჩნდა რომ რამდენიმე წლის მერეც ვახსოვდი: რომ გაუგია ტელევიზიაში ვმუშაობდი, გული დასწყვეტია, მაგას ჟურნალისტიკაში რა უნდაო. ძალიან ეწყინაო, თანამშრომელი მიყვებოდა. ისე იმოქმედა ამ სიტყვებმა, ისე ამაფორიაქა, მთელი დღე ვერ დავმშვიდდი. მივხვდი, რომ რაღაც არასწორად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში.
მერე ხომ იცით, როგორც ხდება, რაღაც გულით რომ გინდა, სამყარო გეხმარება: ჯერ ტელეკომპანია „მე-9 არხი“ დაიხურა, რამდენიმეთვიანი უმუშევრობის შემდეგ კი სამედიცინო-ფიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომაში“ დროებით სამსახურში მოვხვდი, ვადის გასვლიდან მალევე ახალ პროექტში გავაგრძელე მუშაობა და საბოლოოდ დავუბრუნდი ჩემს საქმეს. პირველ კლიენტთან რომ დავჯექი, მეგონა კარგად ვიყავი მომზადებული, ალბათ საკმაოდ თავდაჯერებულადაც გამოვიყურებოდი, მაგრამ სეანსი რომ დამთავრდა, კიდურებს ვეღარ ვგრძნობდი, ისე მქონდა მოყინული, და ერთადერთი, რაც მოვახერხე, თანამშრომელს წყლის მოწოდება ვთხოვე, ადგომაც ვერ შევძელი.
დღემდე მახსოვს მაშინდელი „მადლობა“, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო ამქვეყნად. ხშირად უკითხავთ ადამიანებს, მათ შორის დედაჩემსაც, არ გიჭირს ამდენი მძიმე ისტორიის მოსმენაო? დამიჯერეთ, აი, იმ ერთი „მადლობისთვის“ ღირს ყველაფერი. ადამიანი ბედნიერი რომ გადის შენი ოთახიდან, ხანდახან ვერაფერს გეუბნება, მაგრამ თვალები უციმციმებს, ან ზედმეტი ემოციისგან გადაგეხვევა და ჩუმად გტოვებს, ყველა წვალებას წონის.
ფსიქოთერაპევტობას საბაკლავრო და სამაგისტრო ცოდნა არ ჰყოფნის. კარგი განათლება საძირკველია, მაგრამ თუ გინდა მომავალშიც მოთხოვნადი იყო, მუდმივად უნდა ვითარდებოდე. წესად მაქვს და ვცდილობ წელიწადში ერთხელ მაინც კარგ ტრენინგზე მოვხვდე. ამჟამად ენელპეს (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების) მასტერის კურსს გავდივარ და იმედია, ზაფხულში დავასრულებ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდა სამყაროში. მოგეხსენებათ 2020 წელია.
ნებისმიერი პროფესიის ათვისების გზაზე შენს ცვლილებას და ზრდას ადამიანები განსაზღვრავენ. და რაც უფრო ხშირად გხვდებიან საჭირო ადამიანები საჭირო დროს, მით უფრო ადვილად მიიწევ წინ. ამისთვის არ უნდა გეშინოდეს ექსპერიმენტების, ხშირად უნდა სვამდე კითხვებს, სწავლობდე ყველაფერს, რაც დაგჭირდა და აღმოაჩინე რომ არ იცი, ურთიერთობდე კოლეგებთან და ვითარდებოდე მათთან ერთად.
მაინც მინდა საჭირო დროს შეხვედრილ საჭირო ადამიანებზე ორი სიტყვა ვთქვა:
პირველი ამირან გრიგოლავა იყო – არ ვიცი კონკრეტულად რა გააკეთა, მაგრამ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეცვალა ჩემში;
მეორე იყო სტივენ იანგი – ამერიკელი ფსიქოთერაპევტი, ვირჯინია სატირის ოჯახური ფსიქოთერაიპის ტრენინგის ავტორი. მადლობა სოფო ვერულაშვილს მისი აღმოჩენისთვის. მეყო სითამამე და ტრენინგის ოცდაათი მონაწილის წინაშე სეანსზე გავედი. ამ შესაძლებლობას ვერაფრით გავუშვებდი ხელიდან. მაშინ მივხვდი რომ რასაც მე რამდენიმე შეხვედრა ვუნდებოდი, ეს ადამიანი ერთ საათში აკეთებდა. ძალიან ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, უკვე ვიცოდი, რა მიზანი უნდა ჰქონოდა ფსიქოტერაპევტს;
მესამე იყო მანანა ჯორჯიაშვილი და ენელპე. განსაკუთრებული მადლობა მას, რადგან საკუთარი თავი მაპოვნინა პროფესიაში.
დაბოლოს, ორგანიზაცია „გროუინი“ – ერიქსონის მიდგომებზე დაფუძნებული ქოუჩინგის პროგრამა – საოცრად პრაქტიული ტექნიკებით და ხედვებით. ქოუჩები კი თვლიან რომ ფსიქოლოგის განათლება ხელისშემშლელი უფროა ამ ახალი პროფესიის ათვისებაში, ვიდრე დამხმარე, მაგრამ მე ასე არ მგონია. ზუსტად ის წამოვიღე მათგან, რაც მინდოდა – უნარი მაქსიმალურად მოკლე დროში გააღვიძო ადამიანში მიძინებული პოტენციალი და სიახლეების განხორციელებაში დაეხმარო.
ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მიდიან ფსიქოლოგთან „დიდი პრობლმების“ გარეშე, როცა უნდათ, იმაზე კარგად გრძნობდნენ თავს, ვიდრე ახლა არიან; გაგიკვირდებათ და ხანდახან იმიტომაც გაკითხავენ, რომ საჭირო დროს „საკუთარი ფსიქოლოგი“ ჰყავდეთ; ხან მოდიან და თვლიან რომ „უზარმაზარ ტვირთს“ ატარებენ, ერთ საათში კი აღმოაჩენენ რომ იმ „ტვირთისგან“ აღარაფერი დარჩა; ხანაც „უმნიშვნელო“ პრობლემები აწუხებთ, მერე ნელ-ნელა იხსნებიან და აცნობიერებენ რომ მხოლოდ აისბერგის თავს ხედავდნენ… მოკლედ, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი მოთხოვნაა.
პირველი კურსიდან გვეუბნებოდნენ, ფსიქოლგიაში ჯერ საკუთარ პრობლემებს აგვარებ და მერე სხვების დახმარებას სწავლობო. მაშინ არ მჯეროდა. მერე ნელ-ნელა დავიჯერე. განათლების და ცოდნის გარდა ფსიქოლოგს თანდაყოლილი, გამოკვეთილი ემპათიური უნარები უნდა ჰქონდეს – ადამიანებზე ზრუნვა უნდა სიამოვნებდეს. ამის გარეშე ალბათ არაფერი გამოვა. დანარჩენი უკვე გამოცდილებაა.
თხუთმეტი წელია პრაქტიკოსი ფსიქოლოგია ვარ. დღეს ჩემს მეგობართან და კოლეგასთან ერთად (აი, იმასთან, პირველ კურსზე რომ გავიცანი) დაარსებული მაქვს ფსიქოლოგიის ცენტრი „პიკი“, ვარ კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ვკითხულობ ლექციებს, ვთანამშრომლობ „აზროვნების აკადემიასთან“, ვარ ტრენერი და ქოუჩი. და კიდევ ბევრი, ბევრი გეგმა მაქვს.

Exit mobile version