Psychologist.ge

იპოქონდრია

ყველას გინახავთ ალბათ, აფთიაქში, რიგში მდგომი ასაკოვანი ბებიები და ბაბუები, რომლებიც აკანკალებული ხელებით ითვლიან ხურდებს წნევის, არითმიის, ტკივილგამაყუჩებლის თუ სხვა მედიკამენტის შესაძენად. წინასწარი განწყობა იმისა, რომ შესაძლოა საჭირო პრეპარატის შესაძენად თანხა არ ეყოს, შფოთვას განაპირობებს. როგორც კი ადამიანი შეიძენს მისთვის საჭირო პრეპარატს, შფოთვა, როგორც ფიგურა, აქტუალური მოთხოვნილება, სურვილი, სრულდება და ფონში გადადის. და ადამიანი, ერთგვარად დამშვიდებული, ტოვებს ადგილს. რადგან, მან მიიღო ჯილდო წამლის სახით, ჯილდო, საკუთარი თავისთვის.

თუმცა, დაავადებას -იპოქონდრიას , რომელზედაც დღეს ვისაუბრებთ, ასაკი არ აქვს. იპოქონდრია ეს არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აკვიატებული შიშები. ამ დროს ადამიანი დარწმუნებულია, რომ მას რაიმე სერიოზული დაავადება სჭირს. ხდება ფიქსაცია უარყოფით შეგრძნებებზე და ფიზიკურ ტკივილზე. შიშები ძირითადად სიცოცხლისთვის საშიშ დიაგნოზს უკავშირდება. ადამიანი ფაქტიურად უსაფრდება საკუთარ თავს, სხეულს, და ახდენს სხეულის ნორმალური შეგრძნებების არასწორ ინტერპრეტაციას. მათთვის თავის ტკივილი ასოცირდება ონკოლოგიასთან, გულის აჩქარების დროს იკეთებენ კარდიოგრამას, ითვლიან პულსს, იზომავენ წნევას, სიცხეს. ეჭვი შეაქვთ ექიმის კომპეტენციაში, როდესაც არ დასტურდება მათი დიაგნოზი. და ყოველ ჯერზე იკვლევენ სხეულის სხვადასხვა ორგანოებს, რადგან იპოქონდრიის დროს ადამიანი დარწმუნებულია სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე დიაგნოზის არსებობაში.

საინტერესოა, რა ხდება ამ დროს ადამიანის ფსიქიკაში? იპოქონდრიის გამომწვევი ერთი ცალსახა მიზეზი არ არსებობს. შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, წარსულის დროინდელი უარყოფითი გამოცდილება, რაც ფსიქიკაში შიშის სახით გაფორმდა. თუმცა, იპოქონდრიის საფუძვლები ბავშვობაში რომ ვეძიოთ, აუცილებლად მივადგებით ჰიპერ ან ჰიპო მზრუნველობას. მშობლის მხრიდან, გადაჭარბებულ ზრუნვას მოზარდზე ან პირიქით, გულგრილობას და იგნორირებას. სტატიის დასაწყისში ასაკოვანი ადამიანები ტყუილად არ მიხსენებია, რადგან ადამიანი ყველაზე მტკივნეულად საკუთარი მნიშვნელოვნების დაკარგვის შეგრძნებას სწორედ ასაკში განიცდის. იგივე ხდება იპოქონდრიის შემთხვევაშიც -თუ მე არ ვარ გარემოსთვის საკმარისი, თუ მე გარემო საკმარისად, ვერ ან არ მაჯილდოვებს, მაშინ ისღა დამრჩენია, რომ თავად დავიჯილდოვო საკუთარი თავი. თუ გარემოდან ვერ ვიღებ შესაბამის მზრუნველობას, განვიცდი ყურადღების და სიყვარულის დეფიციტს და რესურსი იმისა, რომ ცხოვრებაში რაიმე შევცვალო ამომეწურა, შესაბამისად ვიწყებ გარემოში საყრდენის მოძიებას ექიმის ან მედიკამენტის სახით. რაც მეტ ექიმს შევხვდები მით მეტად მექნება განცდა, რომ მარტო არ ვარ, რაც მეტ მედიკამენტს მივიღებ, მით მეტად დავრწმუნდები, რომ საკუთარი თავისთვის რაიმე სასარგებლოს ვაკეთებ და არაცნობიერად ვიკმაყოფილებ მზრუნველობის მოთხოვნილებას. მაგრამ ძირითად შემთხვევებში ეფექტი მოკლევადიანია და დროთა განმავლობაში სიცარიელეს, რომელიც ჩემშია, ვერანაირი მედიკამენტი ვეღარ მივსებს. და ისმის კითხვა: რა მოვუხერხო ჩემში არსებულ სიცარიელეს? ნებისმიერი პიროვნული დარღვევის, სხვადასხვა დიაგნოზების მკურნალობა ხდება ფსიქოთერაპიით, რადგან ფსიქოთერაპიის პროცესში ადამიანი პოულობს შინაგან საყრდენს და ხდება მისი, როგორც პიროვნების გამთლიანება.
P.S. იპოქონდრია დაძლევადია…

Exit mobile version