Psychologist.ge

გრეივზის სპირალური დინამიკა

გაუგებრობა ადამიანებს შორის – ეს ალბათ გლობალური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც ბევრ ფილოსოფოსს და მეცნიერს სურს. რატომ ვერ პოულობენ ხშირად ადამიანები  საერთო ენას? ამის ერთ-ერთი მიზეზი მათი აზროვნების განსხვავებული ტიპები გახლავთ, რომლებიც განსხვავებულ ღირებულებათა სისტემაზეა დაფუძნებული.

როგორ გავიგოთ, რა ხდება ჩვენი თანამოსაუბრის თავში? რა მიზანი და განზრახვა აქვს მას? საიმედოა თუ არა ეს ადამიანი ჩვენთვის? როგორი მიმართებაა ადამიანსა და საზოგადოებას შორის?

ამ კითხვებზე პასუხის პოვნა  სპირალური დინამიკის  თეორიის დახმარებით შეგვიძლია, რომელიც  ინტერპერსონალური ურთიერთობების მექანიზმის ანალიზის ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ადამიანების აზროვნების სტრატეგია განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ცხოვრების რა ეტაპზე, განვითარების რომელ დონეზე იმყოფებიან ისინი.

განვითარების  სპირალური დინამიკის სისტემის შემქმნელი ამერიკელი ფსიქოლოგი კლერ გრეივზი გახლავთ, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბიოფსიქოსოციალური სისტემების  კვლევას დაუთმო  .

გრეივზი თითქმის 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს, მათ ღირებულებებს,  მორალურ განვითარებას და სოციო-კულტურულ მახასიათებლებს. 50 ათასზე მეტი ადამიანის ქცევისა და მოტივების შესწავლის შემდეგ, იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ნებისმიერი ცოცხალი სისტემა (ადამიანი, საზოგადოება, ქვეყანა, კომპანია) გადის განვითარების ერთნაირ სტადიებს. გრეივზის თეორია  წრიული დონეების არსებობის შესახებ (The Emergent Cyclical Levels of Existence Theory, ECLET), მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება გავიგოთ:

თეორიის ძირითადი დაშვებებია:

კლერ გრეივზი თავის სისტემაში გამოყოფდა განვითარების რვა დონეს. ხოლო მოგვიანებით მისმა მოსწავლეებმა – დონ ბეკმა და კრის კოვანმა მისი თეორია დახვეწეს  და განვითარების სპირალურ დინამიკას მეცხრე დონე დაამატეს.

სისტემის განვითარების ძირითადი პრინციპები

გრეივზი  განვითარების დონეებს „მემ“-ებს უწოდებდა. ყოველი მემისთვის  შესაბამისი ფასეულობები, მსჯელობები და პრიორიტეტებია დამახასიათებელი. ეს ყოველივე კი ადამიანის აზროვნების ტიპს, მის ცხოვრებისეულ მიზნებს და ქცევის წესებს განსაზღვრავს. სისტემის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს :

ამრიგად, თუ გავიგებთ რა პიროვნული ღირებულებები და  ხასიათის  თავისებურებები   ვლინდება ადამიანის ქცევაში, შეგვეძლება განვსაზღვროთ, თუ  რაზე გავაკეთოთ აქცენტი მასთან ურთიერთობისას და რომელი არგუმენტებით შევძლებთ მის დარწმუნებას.

ახალ ეტაპზე გადასვლა ხდება წინა ეტაპის  გაჯერების შემდეგ – ადამიანში თავს იჩენს შინაგანი კონფლიქტი: მისი ამჟამინდელი ემოციები და რწმენები უპირისპირდება ახალი მიღწევების სურვილის. მაშასადამე, ადამიანი უბრალოდ კი არ გადადის ერთი ეტაპიდან მეორეზე, არამედ ამავდროულად აგროვებს თითოეულისთვის დამახასიათებელ გამოცდილებას (სწორედ ამით ჰგავს სისტემა სპირალს – ბრუნვისას განაპირა წრეები შთანთქავენ შიგნით მოქცეულ წრეებს).

ყოველი ადამიანი  შესაძლოა ავლენდეს, მაგალითად, მესამე ან მეხუთე დონისთვის დამახასიათებელ თავისებურებას ისე, რომ ვერც კი ამჩნევდეს ამას. მართალია, პირველი ეტაპების  მახასიათებლები არ წარმოადგენენ ცხოვრებაში მთავარ პრიორიტეტს, მაგრამ ხშირად არაცნობიერად ახდენენ ცხოვრებისეული მიზნების ფორმირებაზე გავლენას.

გრეივზის დინამიკის თეორიის მიხედვით, აზროვნების ნებისმიერ დონეზე ვლინდება ლიდერობა, მეორემხრივ კი ყოველი ლიდერი განვითარების სხვადასხვა სტადიაზეა – ამიტომ განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან ასე ძლიერ.

სისტემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი სპირალურობაა: მთელი თავისი განვითარების განმავლობაში, რომელ დონეზეც არ უნდა იყოს  ადამიანი, აუცილებელია, რომ ჯერ საკუთარი თავი „შეავსოს“ და მხოლოდ შემდეგ უჩნდება  გაცემის, სხვისი დახმარების სურვილი. ადამიანის შინაგანი და გარეგანი განვითარების ეს მუდმივი მონაცვლეობა მკაფიოდაა აღწერილი სპირალური სისტემის თეორიაში.

გრეივზის სისტემის დონეების თავისებურებები

გრეივზის  სისტემის დახმარებით შეგვიძლია გავაანალიზოთ, როგორც პიროვნული, ასევე კოლექტიური განვითარების დონეები და მისი კულტურული, პოლიტიკური თავისებურებები.

ყოველი ეტაპი მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი  რომელიმეს გამოტოვებს ან ვერ გაითავისებს კონკრეტული „მემ“-ის არსს, გამოცდილებას, დიდია ალბათობა იმისა, რომ მოხდეს რეგრესია და „გაუვლელი“ ეტაპის დონემდე დეგრადირება.

ჩვეულებრივ განვითარება წარიმართება ბუნებრივად, ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის და მისი განვითარების შინაგანი სურვილის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა მხოლოდ პირველ 3-4 დონეს გადის და ჩერდება.

ქვემოთ აღწერილია, თუ როგორ აზროვნებს და რა მოტივები ამოძრავებს სხვადასხვა ეტაპებზე ადამიანს. ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა კი ხდება მაშინ, როდესაც გონებრივად ვმწიფდებით და გვსურს რაღაც ახალში გამოვცადოთ თავი.

დონეები გამოყოფილია ფერების მიხედვით:

  1. კრემისფერი , პირველი დონე, დამახასიათებელია სიცოცხლის ყველაზე ადრეული პერიოდისთვის : ჩვილობა , პირველყოფილი ადამიანის გადარჩენა ველურ გარემოში. ამ ეტაპზე არ არსებობს კოლექტიური თანაარსებობის, სხვებთან ერთიანობის განცდა. წარმმართველია თვითგადარჩენის ინსტინქტი. ამ ეტაპის ძირითადი მახასიათებლები : ბაზისური ფიზიკური მოთხოვნილებები და დაუცველობის განცდა.
  2. იასამნისფერი, მეორე დონე – კოლექტიური, ტომური გაერთიანება. ამ ეტაპზე წამყვანია მიკუთვნილობისა და უსაფრთხოების მოთხოვნილება. სურვილი, რომ საზოგადოებამ მიგვიღოს, გაერთიანებისკენ სწრაფვა. მიკუთვნილობის განცდის მისაღწევად ადამიანი მზადაა დათმოს თავისი ინდივიდუალურობა და გაექცეს მის გამოვლენას. ეტაპის მთავარი მიზნები: კოლექტიური უსაფრთხოებისა და სიმყუდროვის შენარჩუნება, არსებულ სტანდარტებზე მორგება და კოლექტიური აზროვნების, სუბ-კულტურის ჩამოყალიბება.
  3. წითელი, მესამე დონე – იწყება საკუთარი თავის ძიებისა და ინდივიდუალიზმის გამოვლინების პროცესი, ფორმირდება თვითშეფასება.  პიროვნული განვითარების ფსიქოლოგიაში ამ ეტაპზე ბავშვი იქცევა მოზარდად და ავლენს ჯანსაღ აგრესიას, ცბიერებას და დაუმორჩილებლობას, რაც ხელს უწყობს მისი ეგოს ზრდას და თავდაჯერებულობას.  პიროვნებას ჯანსაღი თვითშეფასება ჩამოუყალიბდება, თუ უკიდურეს ინფანტილურობას გამოავლენს ეგოცენტრულობისა და სხვაზე დამოკიდებულების სახით – ეს ყოველივე გარემოზეა დამოკიდებული.     მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურობის გამოვლენის სურვილი ძალიან ძლიერია, აღნიშნულ ეტაპზე თვითშეფასება ჯერ კიდევ მერყევია და საზოგადოების მხრიდან განმტკიცებას საჭიროებს. ამიტომ, მთავარ მიზნად ხალხის თვალში სახის შენარჩუნება რჩება. მამოძრავებელი მოტივები –  სარგებლის ნახვა აქ და ამჟამად. მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღქმა ჯერ გამოუმუშავებელია.

ეტაპის ძირითადი დაშვებაა  – მხოლოდ ძალის გამოყენებით არის  შესაძლებელი სასურველის მიღება. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ადამიანს არ აწუხებს სინდისი  და სურს საწადელის მიღება ნებისმიერ ფასად. როდესაც ქაოსური მდგომარეობა გამოფიტავს, გადაავსებს ადამიანს, იგი ხვდება , რომ ძალის გამოყენებით დომინანტური პოზიციის შენარჩუნება შეუძლებელია, და გადადის შემდეგ ეტაპზე.

  1. ლურჯი, მეოთხე დონე – ქაოსისა და აჯანყების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ისადგურებს წესრიგი და დისციპლინა. ადამიანი იწყებს სტაბილურობისა და წესების დაფასებას.  ამ ეტაპის მთავარი ღირებულებებია – წესრიგი, ნორმები, დისციპლინა, სწორისა და არასწორის გარჩევა, დანაშაულის გრძნობის წარმოშობა. აქ მთავარი მოტივია მორალური ქცევა და ჭეშმარიტების ძიება. წინა ეტაპისგან განსხვავებით,  ძალიან ფასეულია იერარქია. მთავარი მახასიათებელი წესრიგის შენარჩუნების აუცილებლობაა.

მომდევნო ეტაპზე გადასვლა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაფიქრდება არსებული წესების ჭეშმარიტებაზე და გადაიაზრებს მათ აუცილებლობას. გააცნობიერებს, რაოდენ შეზღუდულია მისი შესაძლებლობები და მოინდომებს გასცდეს საზღვრებს, შაბლონებს.

  1. სტაფილოსფერი, მეხუთე დონე – პროგრესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისა და თვითრეალიზაციისთვის. სტაფილოსფერ ეტაპზე შედეგი და ფული ყველაფერზე მაღლა დგას. ჩვეულებრივ, ამ ეტაპზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან წესებს ადრეულ ეტაპებზე მყოფთათვის, ისინი იყენებენ ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს საკუთარი წარმატებისთვის. მეხუთე დონეზე გადასული ადამიანები მზად არიან გადაუხვიონ წესებს მიზნის მისაღწევად, დათმონ აქტუალური სურვილები სამომავლო შედეგისთვის. თუმცა ეს ქცევა, წითელ ეტაპზე გამოვლენილი პირველყოფილი აგრესიისგან განსხვავდება – აქ ადამიანი რაციონალურად გეგმავს თავის სამომავლო ქმედებებს და უარს ამბობს წამიერ სიამოვნებაზე.

მეხუთე ეტაპისთვის დამახასიათებელია ჯანსაღი კონკურენცია და მეტოქეობა, საკუთარი უპირატესობის დამტკიცების სურვილი. ამგვარად, პრაგმატიზმი და რაციონალურობა ყველაზე მეტად ფასობს. მთავარი მიზანი  საკუთარი თავის შევსება, პიროვნული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. თუ აღნიშნულ ეტაპზე ადამიანი დაკმაყოფილებული და გაჯერებულია მატერიალური კეთილდღეობით, ის აგრძელებს წინსვლას და სხვების დასახმარებლადაც მზადაა.

  1. მწვანე, მეხუთე დონე – ჩნდება სურვილი გახადო სამყარო უკეთესი არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. ამ ეტაპზე მეტად ფასეული ხდება ადამიანური ურთიერთობები, მშვიდობა მთელს მსოფლიოში, ეკოლოგიაზე ზრუნვა. ამ ფასეულობებისთვის ადამიანი მზადაა უარი თქვას საკუთარ კომფორტზე. სულიერება და საერთო სიკეთის სახელით გაერთიანება უმნიშვნელოვანესია. მეხუთე დონეზე მყოფი ადამიანისთვის სტატუსი და იერარქია აღარ ატარებს ისეთ მნიშვნელობას როგორც ადრე, იერარქიულ აზროვნებას ანაცვლებს სისტემური. მწვანე ეტაპის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა ჰიპების მოძრაობა, მათი რწმენა და პაციფიზმი, მეგობრული ურთიერთობები, ეგოს და სიამაყის ჩახშობა.
  2. ყვითელი, მეშვიდე დონე – ინტეგრალური. ადამიანი ამ ეტაპზე ჩვეულებრივ სცდება წინა ეტაპებისთვის დამახასიათებელ შაბლონურ აზროვნებას, მას ეს ყოველივე გათავისებული და გამოცდილი აქვს, ამიტომ ადვილად შეუძლია გადართვა და ნებისმიერი წინამორბედი დონის ღირებულებებზე მსჯელობა. აზროვნება მეტად მოქნილია და მიმღები. შეუძლია დააფასოს კაცობრიობის მრავალფეროვნება განსჯის გარეშე. ძირითადი მახასიათებლებია მიმღებლობა, თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, საკუთარი  დანიშნულების განცდა. ღირებულებას კარგავს იერარქიული კიბე და სოციალური სტატუსი.

მეშვიდე საფეხურის მთავარი გამოცდილებაა აზროვნების ყველა დონის ჰოლისტური აღქმა, თვითკმარობის განცდა და არჩევანის თავისუფლება. განვითარების მეშვიდე ეტაპზე ადამიანებს მაღალი შინაგანი მოტივაცია აქვთ და არ არიან დამოკიდებულები გარშემომყოფების აზრზე.

  1. ფირუზისფერი (ინდიგო), მერვე დონე – ჰოლისტური, ხდება სამყაროს ერთიანობის გაცნობიერება, და ასევე იმისა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია, უდიდეს ღირებულებას წარმოადგენს და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია დიდი და კომპლექსური ერთიანობისა. ადამიანები მოცემულ ეტაპზე აზროვნებენ და მოქმედებენ გლობალური მასშტაბების ფარგლებში საერთო სიკეთისთვის, და არა პირადი ინტერესით.
  2. მარჯნისფერი, მეცხრე დონე – კაცობრიობის ყველაზე განუსაზღვრელი, მიუწვდომელი და ნაკლებად გამოვლენილი განვითარების დონე. ამ დონის აზროვნების მქონენი იყვნენ იესო, ბუდა და ის წინასწარმეტყველები, რომლებმაც ძლიერი ზეგავლენა მოახდინეს კაცობრიობის სულიერ ზრდაზე და მთლიანი სპირალური სისტემის განვითარებაზე.

პარადოქსულია, მაგრამ საერთო განვითარების დონეების მიუხედავად, სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ადამიანებს ერთმანეთთან საერთო ენის პოვნა და ურთიერთშეთანხმება უჭირთ. ჩვეულებრივ, პიროვნების ფსიქოემოციური ტრანსფორმაცია ისე სიღრმისეულად ხდება, რომ ადამიანი უარყოფს წინა ეტაპის რწმენებსა და ღირებულებებს, რათა ამჟამინდელის  მნიშვნელობა და ჭეშმარიტება დაამტკიცოს.

სწორედ ამიტომ, ყოველ ადამიანს თავისი სიმართლე აქვს. ურთიერთგაგება და კომუნიკაციაში მოქნილობა მხოლოდ მეშვიდე ეტაპზე ჩნდება, როდესაც ადამიანი უკუაგდებს იერარქიულ დეტერმინიზმს.

გრეივზის დინამიკა : ცხოვრებაში გამოყენება

ჩვენს აწმყოში სპირალური თეორია განსაკუთრებით აქტუალურია : მენეჯმენტის სპეციალისტები, კონსულტირებისა და განათლების წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ გრეივზის დაშვებებს ცხოვრების განსხვავებულ სფეროებში. დინამიკის სისტემა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ნლპ- კონსულტანტებში, რომლებიც ბიზნესს ეხმარებიან  ახალ მწვერვალის დაპყრობაში,  ფუნდამენტური ფასეულობების, ცხოვრების წესისა და დანიშნულების ახალი მოდელის ჩამოყალიბებაში.

როგორც მრავალწლიანი დაკვირვება და გამოცდილება გვიჩვენებს, ყოველი ადამიანი გადის განვითარებისა და თვითრეალიზაციის  ერთსა და იმავე სისტემას. ამიტომ, სპირალური დინამიკის პრინციპების გააზრებით, შევძლებთ  ნებისმიერ ადამიანთან დავამყაროთ დიალოგი  და განვსაზღვროთ მისი ფასეულობათა სისტემა. ბოლოს კი, ბუნებრივია, გრეივზის სისტემის გაცნობიერება  დაგვეხმარება საკუთარი თავის უკეთ გაგებაში.

გისურვებთ განვითარებას !

თარგმანი: ნონა შიუკაშვილი

Exit mobile version