სიტყვა გეშტალტი გერმანული სიტყვაა და აღნიშნავს მთელს. ასევე იხმარება ფორმის, ინტეგრაციის, კონფიგურაციის აზრით. გეშტალტ თერაპიაში ამ ტერმინს სწორედ პიროვნების გამთლიანების მნიშვნელობა ენიჭება. ამ ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობას საფუძველი XX საუკუნის 40-იან წლებში ჩაეყარა, მისი ფუძემდებელი ფრიდრიხ სოლომონ პერლსია, რომლის თეორიულმა ნაშრომებმა, ხოლო შემდგომში ძალზე პოპულარულმა ჯგუფურ-ფსიქოთერაპიულმა ტრენინგებმა დასაბამი მისცეს ახალ თერაპიულ მოდელს.
გეშტალტ თერაპიის განვითარებაში, თუმცა მრავალ პიროვნებას მიუძღვის წვლილი, ცენტრალურ ფიგურად მაინც ფრიდრიხ (ფრიც) პერლსი რჩება, მისი სახელი უშუალოდ ასოცირდება გეშტალტ თერაპიასთან. მიუხედავად იმისა, რომ გეშტალტ თერაპია ორიგინალური მოდელია, მის ჩამოყალიბებაში მრავალმა მიმდინარეობამ იქონია ზეგავლენა. მათ შორისაა ფსიქოანალიზი. თავად პერლსი ამ მიმდინარეობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწავლობდა, შემდეგ კი ფსიქოანალიტიკური პრაქტიკით იყო დაკავებული, აღნიშნულ პერიოდში ფროიდის გარდა, მასზე დიდი გავლენა იქონია ვილჰელმ რაიხის შეხედულებებმა ე. წ. წინააღმდეგობის თეორიამ, განსაკუთრებით ნევროტულ პროცესში სხეულის ჩართულობამ, ასევე ზოგადად ბიოენერგეტიკამ. პერლსზე დიდი გავლენა იქონია გეშტალტ ფსიქოლოგიამ, კერძოდ პერსონის მთლიანობისა და ფიგურა-ფონის იდეა სწორედ ამ გერმანული ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციიდანაა ნასესხები, რომელიც ვერტჰაიმერის, კელერის, გოლდშტეინის, ლევინის ნაშრომებშია გადმოცემული. ზოგადფსიქოლოგიური გახდა იდეა, რომ მთელს ახასიათებს ნიშან-თვისებები, რომლებიც მის ნაწილებში არ მოიძებნება; ეს შეხედულება გეშტალტ ფსიქოლოგიური თეორიიდანაა აღებული და ფსიქოთერაპიაში რეალიზირებული.
გეშტალტ თერაპიიის საფუძვლები გეშტალტ თერაპიის ჩამოყალიბება-განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ეგზისტენციალიზმმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმდინარეობას ბევრი აქვს საერთო ფსიქოანალიზთან, და რიგ სახელმძღვანელოებში, ის ფსიქოანალიზის სახესხვაობადაა მოხსენიებული, ადამიანის ბუნებასა და ყოფიერების განცდა ახსნის თვალსაზრისით, აწმყოზე ორიენტაციით; აქ, ახლა და ამჟამად არსებობის რეალიზაციით ეს ფსიქოთერაპიული მოდელი ეგზისტენციალურ მიმდინარეობათა შორის ეწერება. აშკარაა ნათესავობა ისეთი ეგზისტენციალისტებთან როგორებიცაა: ბოსი, ბინსვანგერი, ჰაიდეგერი, მასლოუ. პერლსი თავის ავტობიოგრაფიაში იხსენებს კურტ გოლდშტეინს, მასლოუს, რომელთა შემოქმედებაშიც მან ყურადღება მიაქცია თვითაქტუალიზაციის ცნებას. ამასთან დაკავშირებით პერლსი მოიხსენიებს ჰერტრუდა სტაინს და მის ნაშრომს „ვარდი არის ვარდი“, რომელშიაც არსებობის და თვითრეალიზაციის ეგზისტენციალური მსოფლმხედველობაა წარმოჩენილი.
თანამედროვე ფსიქოთერაპიაში ეგზისტენციალური მსოფლმხედველობის სამი მსხვილი მიმართულებაა. ესენია: გეშტალტ თერაპია, ფრანკლის-ლოგოთერაპია და ბინსვანგერის ეგზისტენციალური ანალიზი. მაშინ, როდესაც ფრიც პერლსი თავის ფსიქოთერაპიულ მიმართულებას სახელს არქმევდა მისი მეუღლე ლორა პერლსი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესში კატეგორიულად უარყოფდა გეშტალტ თერაპიის სახელს და მომხრე იყო დასახელებაში სიტყვა `ეგზისტენციალური~ რომ ყოფილიყო. ამ საყვედურში უდაოდ ბევრია რაციონალური. მრავალთა აზრით გეშტალტ თერაპიის კავშირი გეშტალტ ფსიქოლოგიასთან ფორმალურია, და იგი მთლიანად ეგზისტენციალიზმის სულითა და პათოსითაა გაჟღენთილი. თუმცა თავად პერლსი გეშტალტის პარადიგმის, ადამიანის ბუნების ჰოლისტურად გაგების მომხრე იყო, რაც თერაპიული მოდელის დასახელებაშიც აისახა. როგორც პერლსის თანაავტორები და კოლეგები რალფ ჰეფერლინი და პაულ გუდმანი ამბობენ, რომ ცხოვრებაში არსებობს სპეციფიკური „გეშტალტური განწყობები:, ისინი ჯერ კიდევ აღმოსავლურ მოძღვრებებშია აღწერილი. გეშტალტ თერაპიის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ძენ ბუდიზმმაც. ადამიანის ბუნების სრულყოფა-განვითარება, საკუთარი სუბსტანციის წვდომა და სამყაროსთან ჰარმონიზაციის იდეები ძველი ინდურ-ჩინური მოძღვრებიდან მომდინარეობს. თავად პერლსიც ამ ეგზისტენციალური გეშტალტ თერაპია ზემოქმედების ძალით ბერლინელი სათვალიანი აკადემიური მეცნიერი, სიბერეში თეთრ ხალათიან ინდოელ, წვერიან, მომღიმარი მოხუცის გარეგნობის გურუდ გარდაიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ გეშტალტ თერაპიამ ამდენი განსხვავებული მიმართულების გავლენა განიცადა, იგი მკაფიო ინდივიდუალობის ერთ სისტემად შეკრულ ფსიქოთერაპიულ მოდელს წარმოადგენს. გეშტალტ თერაპია დღესაც იცვლება, ვითარდება. დღევანდელი მიმდევრები მას თანამედროვე სახეს, იერს აძლევენ, გამოყენების ახალ ჰორიზონტზე გაჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ გეშტალტ თერაპიაში მრავალი გამოჩენილი წარმომადგენელია: რალფ ჰაფერლინი, პაულ გუდმენი, ირვინ და მირიამ პოლსტერები, კლაუდიო ნარანჰო, ჯერი ა. გრინუოლდი, ჯონ ბ. ენრაიტი, ლორა პერლსი და სხვანი, რომლებიც მრავალი საინტერესო ნაშრომის ავტორნი არიან, მაინც განსხვავებული და უნიკალურია ამ ფსიქოთერაპიული მოდელის ჩამოყალიბებაში ფრიც პერლსის წვლილი.
წყარო:
დიმიტრი ნადირაშვილი
ეგზისტენციალური გეშტალტ თერაპია