Psychologist.ge

ეკა კაპანაძე – სტრესი

ეკა კაპანაძეფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი

ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი, გამგეობის წევრი

რა არის სტრესი?

სტრესი – ზოგადი განმარტების თანახმად – ეს არის ორგანიზმის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც მას არ ძალუძს გაუმკლავდეს გარკვეულ   მოვლენებსა თუ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამასთანავე, სტრესის ცნება იმდენად მრავლისმომცველია, რომ შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა მნიშვნელობებსაც: სტრესი, რომელიც სიტუაციურად არის განპირობებული; სტრესი, როგორც რეაქცია; სტრესი, როგორც გარდამავალი პროცესი; სტრესი, როგორც პროცესი ინდივიდსა და გარემოს ურთიერთქმედების დროს.

შედეგად ფორმირდება სტრესთან დაკავშირებული ემოციები, წარმოიშვება ადაპტაციური რეაქციები. ამ შემთხვევაში სტრესი გვევლინება პროცესის სახით, რომელიც მიმდინარეობს ინდივიდისა და გარემოს ურთიერთქმედების დროს.

როგორ ჩნდება ის?  სტრესის ძირითადი წყაროები?

სტრესი შეიძლება განვიხილოთ, როგროც ადამიანის მიერ არახელსაყრელ, არასასიამოვნო გარემოსთან რეაქციის საშუალება. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს სტრესსზე, გამომდინარე თითოეული ინდივიდის პიროვნული, სოციალურ-როლური, ფსიქოლოგიური ასპექტებიდან გამომდინარე. მთავარი ადგილი სტრესთან გამკლავებასა და იდენტიფიცირებაში უკავია ინდივიდის მიერ მის აღქმასა და მის ხელთ არსებულ სტრესთან გამკლავების უნარ-ჩვევებს.

სტრესორებად განიხილება ყველა ის ცხოვრებისეული მოვლენა, რომლის დროსაც ნეგატიური ზეგავლენა იმდენად ძლიერია, რომ ინდივიდისგან მოითხოვს რეადაპტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, სტრესორები შეიძლება იყოს როგორც ყოველდღიური სირთულეები, უსიამოვნებები, ასევე ცხოვრებისეული ან ტრავმული მოვლენები თუ სხვა ქრონიკული გამღიზიანებლები

სტრესის სიმპტომები და ფორმები. როგორ გავიგოთ რომ სტრესში ვართ?

სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა ყურადღებას არ ამახვილებს ისეთ სიმპტომებზე, რომლებიც პირდაპირი თუ ირიბი საშუალებით სტრესის შედეგად არის განპირობებული. ასეთი სიმპტომებია ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, შფოთვა, წუხილი, ფიზიკური ტკივილები, ბრაზი, აგრესია, ძილის რეჟიმისა და კვების დარღვევა, ალკოჰოლის, სიგარეტის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენება და  სხვ.

ზემოთ მოცემული მახასიათებლებიდან, თუ რომელიმე მათგანს დიდი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენ სტრესის ზეგავლენის ქვეშ ხართ. ხანგრძლივი დროის განმავლობაში სტრესის ზეგავლენა უარყოფითად აისახება ადამიანის ფუნქციონალობაზე. სტრესი ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ფსიქიკაზე, არამედ მთლიანად ორგანიზმზე.

სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად რეაგირებენ სტრესზე. ინდივიდის პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე შეიძლება იგი განვსაზღვროთ, როგორც სტაბილური ფსიქოლოგიური რეაქციები, რომელიც დროსა და სიტუაციაზეა დამოკიდებელი. მაღალი ემოციური სტაბილურობა გვევლინება დამცავ ფაქტორად სტრესთან ურთიერთქმედების დროს.

ყველაზე მნიშვნელოვანი სტრესის შესახებ რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის რომ იგი შეიძლება დროთა განმავლობაში გახდეს იმდენად „ნაცნობი“, შეიძლება ითქვას რომ „ნორმალურიც“, რომ ვერ შეამჩნიოთ თუ რა ზეგავლენას ახდენს იგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი გამაფრთხილებელი ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ ინფორმაციის ქონა.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა რომ სტრესული მოვლენის დროს, ორგანიზმის ჰომეოსტაზი ირღვევა. ჰომეოსტაზი, წონასწორობის შენაჩუნების პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარე ცვლილებებზე რეგირების ფაქტორები უზრუნველყოფილია სისტემის ბალანსითა და მდგრადობით.

თერაპიულ პროცესში პირველ რიგში ყურადღება ეთმობა, თუ რომელი კონკრეტული სტრესი ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ინდივიდზე, იდენტიფიცირების ფაზის გავლის შემდეგ, ხორციელდება აქტიური ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია როგორც თავის არიდებაზე, მის შემცირებაზე ან სტრესული სიტუაციისა და ქცევითი სტერეოტიპების მოდიფიცირებაზე. ქცევითი სტერეოტიპების მოდიფიცირება გულისხმობს კვების რეჟიმის ცვლილებას, დღის განრიგის შეცვლას, ემოციების ადექვატურ გამოხატვასა და იმ სტრესორების გაცნობიერებულად თავის არიდება, რომლებიც შეცვლას არ ექვემებარება.

დარწმუნებით შეიძლება თქვას, რომ ადამიანი, რომელსაც გააჩნია მკაფიო წარმოდგენები სიტუაციის შესახებ, უფრო დიდი საშუალებები გააჩნია სტრესთან გამკლავების, ვიდრე რეალობის შესახებ დამახინჯებული წარმოდგენების ქონის დროს.

სტრესის მიერ გამოწვეული რეაქციები, რომელიც მიმართულია წონასწორობის აღდგენაზე შეიძლება ჩაითვალოს ადაპტირებად საშუალებად, თუ ისინი ემსახურებიან წონასწორობის აღდგენასა და შემდგომში ხელს უწყობენ სტრესის მიერ გამოწვეული მავნე ზეგავლენის შემცირებას ან მის აღმოფხვრას. ალკოჰოლის მიღება, როგორც სტრესზე რეაქცია, ან არაკონტროლირებული მრისხანება, ეს არის სტრესის დაძლევის არაადექვატური საშუალებები. იმ შემთხვევბშიც კი, როდესაც მათ შეუძლიათ ემოციური დაძაბულების შემსუბუქება.

დამთრგუნველი ემოციების დროს მნიშვნელოვანი როლს თამაშობს რელაქსაციის, მოდუნების უნარი. დაძაბულობის მოხსნის მნიშვნელოვანი პირობაა მოდუნება.უნდა გვახსოვდეს, რომ დაძაბულება ეხება როგორც გონებას, ასევე სხეულსაც. მოცემულ მომენტში რელაქსაცია შეიძლება ჩაითვალოს სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად.

ცნობილია, რომ შემაწუხებელი ფიქრები ბადებენ შესაბამის ემოციებს და შეუძლიათ არასასიამოვნო შედეგებამდე მიყვანა. ამიტომაც, სტრესის დროს მნიშვნელოვანია ქცევის გაუმჯობესებაზე მიმართული დისფუნქიონალური აზროვნების ცვლილება და ფუნქციონალური რეაქციების გაუმჯობესება.

სტრესთან გამკლავების პროფილაქტიკური და თერაპიული ინტერვენცია შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად. ინტერვენცია ეფექტურია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეიძლება ქონდეს სერიოზული ყოფითი თუ სხვა სახის პრობლემები, მაგრამ აქვთ სურვილი და მზაობა  გაიუმჯობესონ საკუთარი ფსიქიკური, სოციალური თუ ფიზიკური მდგომარეობა;

სტრესთან გამკლავების საშუალებად შეიძლება დავასახელოთ ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია, სადაც ინდივიდს საშუალება ეძლევა სტრესის გამომწვევი მიზეზებისა და მასთან გამკლავების გზების მოძიებაში, მისი ინდივიდუალური სოციალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა პიროვნებაში რესურსების მოძიებასა და მათ ინტეგრაციაში ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

გისურვებთ წარმატებებს.

 

 

 

Exit mobile version