ირინე ახობაძე – სოციოლოგი
ადამიანი თავისი არსით სოციალური ბუნებისაა. ცხოვრების მანძილზე ჩვენ უამრავ განსხვავებულ ჯგუფთან გვიწევს ურთიერთობა. ამ პროცესში ვვითარდებით და შევიცნობთ საკუთარ თავებს. ყველა ჩვენგანს თან გვდევს ეგზისტენციალური მარტოობის შიში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამ ქვეყნად მარტონი მოვდივართ და მარტონი ვტოვებთ აქაურობას. შიშის შესამსუბუქებლად ვცდილობთ მივაკუთვნოთ თავი კონკრეტულ ჯგუფებს. ასეთი ჯგუფების მაგალითად შეგვიძლია მეგობრების წრე, კოლეგები, ან თუნდაც, სრულიად უცხო ადამიანების ერთობლიობაც ჩავთვალოთ .ჯგუფის წევრობის სანაცვლოდ ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, ანუ სურვილების საწინააღმდეგოდ მოქცევა გვიწევს ხოლმე. თუ რამხელა გავლენა აქვს ჯგუფს პიროვნებაზე და რამდენად არის ის მისი ქცევისა თუ აზროვნების განმსაზღვრელი, ამის დანახვა კონფორმულობის ფენომენის მიხედვით თვალსაჩინოდ შეგვიძლია.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ოთხ მეგობართან ერთად კინოში წასვლა გადაწყვიტეთ. კინოთეატრები გთავაზობენ ვუდი ალენის ახალ ფილმს. თქვენს მეგობრებს ძალიან უნდათ მისი ნახვა. თქვენ კი ამ რეჟისორის ფილმები არასოდეს მოგწონდათ. დათანხმდებოდით თუ არა მეგობრებს ამ ფილმის სანახავად წასვლაზე ? თუ კი, მაშინ თქვენ კლასიკური გაგებით კონფორმისტულად მოიქცეოდით.
კონფორმულობა შეხედულების ან ქცევის შეცვლაა არსებული ან წარმოსახვითი ჯგუფის საპასუხოდ. კონფორმული ქცევებია დამთმობლობა და მორჩილება. კონფორმულობას სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს. პირველ რიგში პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებლები და შემდეგ თვითონ ის ჯგუფი, რომელშიც ის იმყოფება. მეცნიერულად აღიარებულია, რომ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები უფრო მაღალი კონფორმულობის ხარისხით გამოირჩევიან ვიდრე ისინი ვისაც უკეთესი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. ანუ დაბალი თვითშეფასების ადამიანები უფრო ადვილად ექცევიან სხვადასხვა ჯგუფების გავლენის ქვეშ და საკუთარ აზრსა თუ ქცევას იოლად იცვლიან სხვების მიხედვით. ამის ახსნა მარტივად შეიძლება იმ ფაქტით, რომ ადამიანს რომელიც თავდაჯერებულია, სჯერა საკუთარი აზრებისა თუ ქცევის სისწორის და ნაკლები შანსია სხვისმა ქმედებებმა ეჭვი შეატანინონ საკუთარ ჭეშმარიტებაში. რაც უფრო კომპეტენტური და ერთიანია ჯგუფი, მით მეტი შანსია, რომ მათი გავლენის ქვეშ მოვექცეთ.
კონფორმულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი არის პიროვნების შიში, არ დაკარგოს ჯგუფის წევრობა. ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ გვსურს ვიყოთ განსხვავებული იმ ჯგუფისგან რომლის წევრებიც ვართ. ამიტომ ვიქცევით ან ვსაუბრობთ ჯგუფის შესაბამისად. კოლექტივისტურ საზოგადოებებში, ანუ იქ, სადაც ჯგუფის ერთსულოვნება უპირველესი ღირებულებაა, უფრო მძაფრად დგას განსხვავებულობის საკითხი, რადგან მსგავსი ჯგუფის წევრები შედარებით მგრძნობიარეები არიან ცვლილებებისა თუ სიახლეებისადმი, ინდივიდუალისტური საზოგადოებისგან განსხვავებით.
საბოლოოდ კომფორმულობამ შეიძლება ჯგუფურ აზროვნებამდე მიგვიყვანოს. მეგობრების ხათრით ფილმის ნახვა საგანგაშო ნამდვილად არაა, თუმცა ჯგუფურ აზროვნება ხშირად საშიშროებას უქმნის ჩვენს იდენტობას. ამის ყველაზე ცუდი მაგალითია ჩვენთვის მორალურად მიუღებელი აზრების გაზიარება და ქცევა. ფსიქოლოგიაში ჩატარებულმა არაერთმა ექსპერიმენტმა გვაჩვენა, რომ ავტორიტეტისადმი მორჩილების შედეგად ხშირად ადამიანები ისეთ ქმედებებს ჩადიან რასაც აქამდე ამორალურად მიიჩნევდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი „მილგრემის ექსპერიმენტის“ სახელითაა ცნობილი. ცდისპირებს ეგონათ, რომ მონაწილეობას იღებდნენ მეხსიერების შემსწავლელ ექსპერიმენტში სადაც „მოსწავლისთვის“ არასწორად დამახსოვრებული სიტყვებისთვის დენი უნდა დაერტყათ. შედეგები შემაშფოთებელი აღმოჩნდა. ცდისპირების უმრავლესობამ დენის მაქსიმალური რაოდენობა დაარტყა ეგრედწოდებულ მოსწავლეს. კიდევ კარგი, რომ მოსწავლე ექსპერიმენტატორის დამხმარე მსახიობი იყო და ამ აუტანელი, თითქმის სასიკვდილო ტკივილის ატანა არ მოუხდა, თუმცა ეს ფაქტი დიდად არ ამსუბუქებს ამ ექსპერიმენტის შედეგებს. აქაც, მიზეზი არის კონფორმულობა – მორჩილება ავტორიტეტისადმი.
შეგვიძლია თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ კომფორმულობა დამახასიათებელია ადამიანების აბსოლიტური უმრავლესობისთვის . კონფორმულობა შედეგია სოციალური გავლენის რომელიც მეტ-ნაკლებად ყველაზე მოქმედებს. კონფორმულობის ხარისხი დამოკიდებულია როგორც პიროვნების ისე ჯგუფის მახასიათებელზე. მთავარი მიზეზი რის გამოც ვცვლით ჩვენს ქცევასა თუ აზროვნებას ჯგუფების საპასუხოდ ის არის, რომ გვსურს ვიყოთ კონკრეტული ჯგუფის წევრები. უკიდურეს შემთხვევაში როგორც მილგრემის ექსპერიმენტმა გვაჩვენა, სადაც ავტორიტეტისადმი მორჩილებაზე არის საუბარი, კონფორმულობამ შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. თუმცა ყოველდღიური კომფორმულობის მაგალითები ასეთი ექსტრემალური შედეგების მქონე არ არის და შეიძლება სასარგებლოდაც კი ჩავთვალოთ.
გამოყენებული ლიტერატურა: “სოციალური გსიქოლოგიის” მეთორმეტე გამოცემა, ელიზაბეტ ტეილორი .
“სოციალური ცხოველი” -ელიოტ არონსონი. -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა , თბილისი 2014წელი