Psychologist.ge

ანა არველაძე – კრიზისი, როგორც შესაძლებლობა

ანა არველაძე – NLP ოსტატი, ლონდონის ნლპ სკოლის პრაქტიკოსი, EMDR თერაპევტი, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრანტი

ვფიქრობ, საუკეთესოდ გადმოსცემს კრიზისის საზრისს იეროგლიფი, რომელიც სტატიას უძღვის წინ. მისი 2 სიმბოლო ერთდროულად კრიზისს აღნიშნავს, ხოლო ცალ-ცალკე პირველი სიმბოლო კრიზისის, როგორც საფრთხის, ხოლო მეორე სიმბოლო-კრიზისის, როგორც შესაძლებლობის ახსნას ცდილობს. თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ, სწორედ კრიზისი დგას უმეტესი გენიალური პოემის, მუსიკალური ნაწარმოების, გამოგონების, აღმოჩენის და ქმნილების უკან. სწორედ კრიზისის დროს იპოვეს გენიალურმა შემოქმედებმა საკუთარ თავში რესურსები, რომლითაც მარადიულობა შექმნეს და არა მხოლოდ მათ.

გაიხსენეთ, რამდენი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რამდენი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოგიტანათ თქვენს ცხოვრებაში განვლილმა კრიზისებმა, რამდენი გადალახეთ, რამდენჯერ წაიქეცით, მაგრამ შეძელით ადგომა და უფრო სწრაფი და დიდი ნაბიჯებით წინსვლა.

დღეს მთელი კაცობრიობა გააერთიანა კრიზისმა, რომელიც ხან ფინანსური სირთულეების სახით, ხან ახალი შტამის ამოუცნობი ვირუსის სახით, ხან კი ურთიერთობებში შექმნილი პრობლემების სახით გვეცხადება და გვასწავლის ბრძოლას, ბრძოლას საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანი – ავყვეთ პანიკას და სხვა ადამიანებსაც მივცეთ პანიკის საფუძველი, ან გამოვიყენოთ ის წარმოუდგენელი რესურსები, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი ფლობს იმისათვის, რომ ვიქცეთ მოტივაციად როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იმედის თვალით გვიცქერენ და მათაც მივცეთ შანსი გახდნენ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

ჩვენ ბევრ სხვა რესურსთან ერთად მოგვეცა ერთ-ერთი ყველაზე შეუცვლელი  და ძვირფასი რესურსი -დრო, რომელიც ჯამში მილიონ საათსაც კი არ შეადგენს. ამ დროის უდიდეს ნაწილს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან „საქმიანობას“, ძილს ვუთმობთ და საშუალოდ ადამიანი სიცოცხლის დაახლოებით 36 წელს ატარებს ძილში. უდიდეს დროს ვუთმობთ სწავლას, მუშაობას, შვილების აღზრდას და უამრავ სხვა საქმიანობას. წარმოიდგინეთ სიცოცხლის განმავლობაში რამდენ დროს ვატარებთ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების პროცესში და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სწორედ ეს დრო განთავისუფლდა. თქვენ შეგიძლიათ მინიმუმ ეს დრო დაუთმოთ იმ საკითხების მოგვარებას, რომლსაც აქამდე ვერ ახერხებდით.

დავფიქრდეთ, რა უნარის გაუმჯობესებას ან შეძენას ვისურვებდით იმისათვის, რომ საკუთარ თავში უფრო დარწმუნებულნი ვიყოთ. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ბავშვობიდან სიმძიმედ მოჰყვებათ ის, რომ სკოლაში კარგად არ ისწავლეს გეოგრაფია ან რომელიმე უცხო ენა და ყოველთვის, როდესაც მათ თვითშეფასებას შეეხება საკითხი, წლების წინანდელი წარუმატებლობა არ კარგავს საპატიო ადგილს დაბალი თვითშეფასების გამომწვევ მიზეზთა ნუსხაში და ხშირად გაუცნობიერებლად ვბრაზობთ საკუთარ თავზე. წარმოიდგინეთ როგორ გაუმჯობესდება თქვენი ცხოვრება, როდესაც აღმოაჩენთ, რომ მხოლოდ თვითიზოლაციის პირობებში გამონთავისუფლებული დრო სრულიად საკმარისია შეივსოთ ის დანაკლისი, რომელსაც მრავალი წელია გრძნობთ. არასოდეს არ ყოფილა ასე ხელმისაწვდომი განათლებისათვის საჭირო რესურსები. თითქმის ყველა ენაზე შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის სასურველი სტატია თუ ონლაინ გაკვეთილი.

წარმოიდგინეთ საკუთარი თავი 5 წლის შემდეგ, საკუთარი ნახატების გამოფენაზე,  სადაც შეძლებთ სიამაყით თქვათ, რომ ხატვის სწავლა მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, თვითიზოლაციის დროს დაიწყეთ… დაინახეთ თქვენი თავი მომავალში იმ რესურსებით და უნარებით, რა უნარებიც უფრო ბედნიერს გაგხდით და დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა – რომელი უნარის გაუმჯობესება ან შეძენა გამახარებს ყველაზე ძალიან და რა უნდა გავაკეთო ამისათვის? როგორც კი იპოვით პასუხს, არ დაკარგოთ დრო, დაწერეთ მინიმუმ 21 დღის გეგმა, თუნდაც დღეში რამდენიმე წუთი დაუთმეთ მის გაუმჯობესებას და თამამად შეძლებთ თქვათ, რომ კრიზისი და თვითიზოლაცია იმაზე მეტად პროდუქტიულად გამოიყენეთ, ვიდრე წარმოგედგინათ.

Exit mobile version