ოჯახი ბავშვისთვის არის ის პირველი გარემო, სადაც ის ეცნობა სამყაროს, სწავლობს ურთიერთობებს, განიცდის სიყვარულს, ზრუნვას, სითბოს და უსაფრთხოებას. ოჯახური ურთიერთობები და იქ შექმნილი ემოციური ატმოსფერო დიდ გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე. თუ ოჯახი ჰარმონიულია, ბავშვი თავს დაცულად გრძნობს, სწავლობს სიყვარულის, პატივისცემისა და ურთიერთგაგების უნარს, რაც მომავალში ეხმარება საკუთარი სოციალური და ემოციური უნარების ჩამოყალიბებაში. თუმცა, როდესაც ოჯახში ხშირია კონფლიქტები, ჩხუბი, დაძაბულობა და აგრესია, ბავშვი ამ მდგომარეობას მძიმედ განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს ხშირად ჰგონიათ, ბავშვი „ვერაფერს ხვდება“ ან „მალე დაივიწყებს“, სინამდვილეში მისი ფსიქიკა ძალიან მგრძნობიარეა გარემოს მიმართ. ბავშვს შეუძლია არა მხოლოდ დაინახოს და მოისმინოს კონფლიქტები, არამედ იგრძნოს ისინი ინტუიციურად, თუნდაც მშობლები ცდილობდნენ ჩხუბის დამალვას. ოჯახური კონფლიქტების გავლენა ბავშვზე მრავალმხრივია – ეს აისახება მის ემოციურ მდგომარეობაზე, ქცევაზე, სწავლისა და ურთიერთობების უნარებზე. ასეთმა გამოცდილებამ შეიძლება დიდხანს გაჰყვეს ბავშვს და გავლენა იქონიოს მის მომავალ ცხოვრებაზე. ამიტომ, აუცილებელია გავიაზროთ, როგორ აისახება კონფლიქტური გარემო ბავშვებზე და როგორ შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ ნეგატიური ზეგავლენა.
ემოციური გავლენა
ოჯახური კონფლიქტები ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული გამოცდილებაა. როდესაც მშობლები ჩხუბობენ, ბავშვი ხშირად გრძნობს დაუცველობას და შიშს. მას უჩნდება არაერთი მტკივნეული განცდა, რომელიც შეიძლება ასე გამოვლინდეს:
- შფოთვა და სტრესი. ბავშვი მუდმივად დაძაბულია, ეშინია, როდის განმეორდება კონფლიქტი, ვერ გრძნობს შინაგან სიმშვიდეს და უსაფრთხოებას.
- ბრაზი და იმედგაცრუება. ბავშვმა შეიძლება აგრესია გამოხატოს მშობლების ან საკუთარი თავის მიმართ, რადგან ვერ ხვდება, როგორ უნდა მოაგვაროს ეს მდგომარეობა.
- დაბნეულობა და სევდა . ოჯახში არსებული დაძაბულობის გამო, ბავშვი შეიძლება ჩაიკეტოს საკუთარ თავში, იგრძნოს მარტოობა და დაუცველობა.
- დეპრესიის ნიშნები. ხშირი კონფლიქტების ფონზე, ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს მელანქოლიური განწყობა, ინტერესის დაკარგვა ყოველდღიური აქტივობების მიმართ და სოციუმიდან გამიჯვნის სურვილი.
ბავშვი ყოველთვის ცდილობს მშობლების ქცევის ახსნას და ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში, რაც ხდება. ის ფიქრობს, რომ, შესაძლოა, რაღაც არასწორად გააკეთა და სწორედ ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი. ეს განცდა განსაკუთრებით ძლიერია პატარა ბავშვებში, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ უნარი გააცნობიერონ, რომ მშობლების კონფლიქტი მათ არ უკავშირდება.
ქცევითი ცვლილებები
ემოციური სტრესი ბავშვის ქცევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ოჯახური კონფლიქტების ფონზე, ბავშვმა შეიძლება გამოავლინოს სხვადასხვა ქცევითი ცვლილებები:
- აგრესია. ბავშვი იწყებს აგრესიის გამოხატვას თანატოლების, მასწავლებლების ან ოჯახის წევრების მიმართ, რადგან ვერ პოულობს სხვაგვარ გზას ემოციების დასარეგულირებლად.
- ჩაკეტილობა და სოციალური განცალკევება. ზოგი ბავშვი, პირიქით, ხდება ძალიან ჩუმი, მორცხვი და მორიდებული. ისინი თავს არიდებენ ურთიერთობებს და ცდილობენ „უჩინარებად“ იქცნენ.
- სწავლის პრობლემები. სტრესული გარემო უარყოფითად მოქმედებს კონცენტრაციასა და აკადემიურ მიღწევებზე. ბავშვი ვერ ფოკუსირდება გაკვეთილებზე, უქვეითდება მოტივაცია და ხშირად კარგავს ინტერესს სწავლას მიმართ.
- ფიზიკური ჩივილები – .შირი სტრესი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფიზიკური სიმპტომებით, როგორიცაა თავის ან მუცლის ტკივილი, ძილის პრობლემები, მადის დაკარგვა ან პირიქით – ზედმეტი კვება.
ბავშვები ხშირად ცდილობენ მშობლების ყურადღება მიიპყრონ, ზოგჯერ კი ამისთვის ნეგატიურ ქცევას იყენებენ. შესაძლოა, მათ განზრახ დაიწყონ წესების დარღვევა, მოულოდნელად გახდნენ დაუმორჩილებლები ან გაიჩინონ პრობლემური მეგობრები.
სოციალური გავლენა
ოჯახური კონფლიქტები ბავშვის სოციალური უნარებზეც აისახება.
- ურთიერთობების პრობლემები. ბავშვს უჭირს მეგობრების შეძენა, რადგან მასში შეიძლება ჩამოყალიბდეს უნდობლობის გრძნობა ან კომუნიკაციის შიში.
- დაძაბულობა თანატოლებთან . თუ სახლში აგრესიული გარემოა, ბავშვი ხშირად ამ ქცევას აგრძელებს სკოლაში და ცდილობს საკუთარი შფოთვა სხვებზე გადმოიტანოს.
- გრძნობების გამოხატვის სირთულე. ბავშვები, რომლებიც მუდმივად დაძაბულ გარემოში იზრდებიან, ხშირად ვერ სწავლობენ, როგორ უნდა გამოხატონ სიყვარული, მხარდაჭერა ან როგორ უნდა მოაგვარონ კონფლიქტები ჯანსაღად.
ამ ყველაფერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის მომავალ ურთიერთობებზე. ზოგჯერ ბავშვები იზრდებიან ან „მსხვერპლის“ როლში და მომავალშიც მსგავსი მტკივნეული ურთიერთობებისკენ მიდრეკილნი იქნებიან, ან პირიქით – თავად შეისწავლიან აგრესიულ ქცევას და კონფლიქტებს როგორც ცხოვრების ნორმას აღიქვამენ.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს?
თუ ოჯახში კონფლიქტები ხშირია, აუცილებელია ბავშვის ემოციური კეთილდღეობის დაცვა. მშობლებს შეუძლიათ:
- გამოხატონ მეტი ყურადღება და სიყვარული. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მშობლებს ის ყოველთვის უყვართ.
- არ ჩართონ ბავშვი კონფლიქტში. ბავშვი არ უნდა გახდეს „მსაჯი“ ან რომელიმე მშობლის მოკავშირე.
- იყვნენ მშვიდები და გაწონასწორებულები. მშობლების ემოციური მდგომარეობა ბავშვისთვის მაგალითს წარმოადგენს.
- შეამცირონ კონფლიქტების ინტენსივობა. აუცილებელია, რომ ბავშვმა ხშირად არ დაინახოს მშობლების ჩხუბი.
- შეუქმნან სტაბილური გარემო. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, მისი ოჯახი მასზე ზრუნავს.
ოჯახური კონფლიქტები ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტრესული ფაქტორია. ისინი დიდ გავლენას ახდენენ ბავშვის ემოციურ, ქცევით და სოციალურ განვითარებაზე. მშობლების ვალდებულებაა, შექმნან მშვიდი, დაცული და ჯანსაღი გარემო, რათა ბავშვმა შეძლოს ემოციურად ჯანსაღად გაზრდა. ბავშვები ყველაზე მეტად მშობლებისგან სწავლობენ – თუ ისინი ხედავენ კონფლიქტების ჯანსაღად გადაჭრის მაგალითს, ეს უნარი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ. ამიტომ, ოჯახური გარემოს გაუმჯობესება არა მხოლოდ ბავშვის კეთილდღეობისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელი მომავლისთვის არის აუცილებელი.