Psychologist.ge

ტრანსფერი (გადატანა)

1967 წელს ლაკანი წერს, რომ ,, პირველად იყო ტრანსფერი“. ფსიქოანალიზის ისტორიის გარიჟრაჟზე ტრანსფერი ცენტრალური მნიშვნელობის ფენომენად წარმოგვიდგება, რადგან ჰიპნოზსა და შთაგონებას საფუძვლად სწორედ ტრანსფერი დაედო.  ანა ო-ს მკურნალობისასა მთავარი საყრდენი ტრანსფერი იყო, თუმცა იგი არა მხოლოდ ფსიქოანალიზის ისტორიის საწყისებს , არამედ  კონკრეტული ანალიზის საწყისსაც უდევს საფუძვლად.  ხშირდ გაოცებას იწვევს, რამდენად სწრაფად, თითქმის ავტომატურად მყარდება ტრანსფერი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანალიზანტი მოთხოვნას ანალიტიკოსისკენ მიმართავს. ეს მოთხოვნა ( თხოვნა , ძახილი, მიმართვა) საკმაოდ ორაზროვანია. ერთი მხრივ, ის არის მოთხოვნა სიყვარულზე, ისევე როგორც ყველა მოთხოვნის საფუძველი სიყვარულის მოთხოვნაა,  მეორე მხრივ, კი ეს არის მოთხოვნა, რომელიც მიმართულია ანალიტიკოსისკენ, ვის მღმაც პაციენტი საკუთარი სიმპტომების შესახებ ცოდნას მოიაზრებს. ამ თვალსაზრისით, ტრანსფერს პარადოქსული ბუნება ახასიათებს.

დასაწყისში ფროიდი ტრანსფერზე მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს. თავიდან ტრანსფერში ის მოიაზრებს, მაგალითად, სიზმარში არაცნობიერი სურვილის გადანაცვლებას დრის გამოცდილებაზე, რომლის მიხედვითაც სიზმრის მანიფესტური შინაარსია აგებული; აფექტის მიერ ერთი რეპრეზენტაციის მეორე რეპრეზენტაციით ინვესტირებას, ისევე როგორც პაციენტის მიერ ექიმის ფიგურაზე ტრანსფერს. როგორც სიზმრის მუშაობის დროს, ტრანსფერშიც ექიმის პიროვნება ჩაანაცვლებს სხვას, წარსულში მნიშვნელოვან ნებისმიერ ფიგურას, რომელიც ოიდიპოსის კომპლექსის ფარგლებში შეიძლება მამას განასახიერებდეს.

ტრანსფერი თავიდანვე ანალიზის პროცესის ცენტრალური ნაწილი ხდება. როგორ აღვწეროთ ტრანსფერი ან როგორ განვსაზღვროთ მისის სპეციფიკურობა ანალიზური მკურნალობის ფარგლებში, მაშინ როდესაც იგი ნებისმიერ სოციალურ ურთიერთობაში მონაწილეობს, როგორც ამბობენ, ველური ტრანსფერის ფორმით? რა განასხვავებს ველურ ტრანსფერს ანალიზური ტრანსფერისგან? ტრანსფერის საფუძველს არაცნობიერი სურვილის ურღვეობა და მისი მუდმივად აქტიურ მდგომარეობაში ყოფნა ქმნის, რაც სუბიექტს უბიძგებს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ანალიზზე, გაიმეოროს და გაათამაშოს არაცნობიერი ტენდენციები, ფანტაზმები და მათთან დაკავშირებული რეპრეზენტაციები, როგორც ,,ახალი გამოცემა“ რომლის პირველმა ინფანტილურმა ფორმებმა ( ,,ძველი გამოცემა“) განდევნა განიცადეს. არაცნობიერის მიზანსცენა აქტისა და ქმედების ფორმით ანალიზური მკურნალობისთვის აუცილებელია, რადგან მკურნალობის მეორე ეტაპზე პროგრესი სწორედ ტრანსფერთან და მის ანალიზთან არის დაკავშირებული. ტრანსფერი ანალიზის პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რადგან როგორც ფროიდი ამბობდა, არაფერი კვდება და არც უკვალოდ ქრება. განდევნილი შინაარსები არასოდეს არიან გამქრალ ან გაქვავებულ მდგომარეობაში.

ტრანსფერი შერწყმულია განმეორებასთან, რომლის მოქმედებაც სუბიექტის ტოტალური არცოდნის პირობებში ხორციელდება; სწორედ აქ ავლენს თავს ტრანსფერი, როგორც წინააღმდეგობა (ანალიტიკური პროცესის და გაცნობიერების მიმართ). რადგან ტრანსფერის ერთ ნაწილს განმეორების მდგომარეობაში აქვს ფესვები გადგმული, იგი რემემორაციის პროცესს აფერხებს, ხოლო ტრანსფერის აფექტური გამოვლინებები მიტ უფრო ძლიერდება, რაც უფრო მეტად უახლოვდება სუბიექტი განდევნილ პათოგენურ ბირთვს. სუბიექტი სულ უფრო ძლიერად ერიდება განმეორების ფენომენს ( რემემორაციის, რეკონსტრუქციის, გაცნობიერებისთვის თავის არიდების მიზნით), რადგან ის დაკავშირებულია არაცნობიერ სურვილთან. ტრანსფერი ანალიზური მკურნალობის დროს ტავს ავლენს ორი ძირითადი ფორმით: როგორც დადებითი ტრანსფერი, რაც ანალიტიკოსისადმი მეგობრულ ან სასიყვარულო გრძნობებში გამოიხატება, ან როგორც უარყოფითი ტრანსფერი, რომელიც ანალიტიკოსისადმი აგრესიულ და მტრულ დამოკიდებულებაში ვლინდება. ტრანსფერის ეს გამოვლინებები ერთმანეთს არ გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის ტექნიკაში მათ ცვლილებები შეაქვთ, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ტრანსფერი საერთო წარმოშობისაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ანალიზურ სივრცეში წარმოქმნილი ტრანსფერი სუფთა სახით განმეორება არ არის. ანალიზური ჩარჩო და ანალიტიკოსის პოზიცია ქმნის ტრანსფერული შეხვედრის განსაკუთრებულ ფორმას, რომლის ფარგლებშიც ტრანსფერი ინფანტილური ტენდენციებისა და განდევნილი შინაარსების უბრალოდ განმეორება აღარ არის. სუბიექტი ცდილობს, ანალიზის დროს მეორე ადამიანთან შეხვედრა გამოიყენოს, როგორც განმეორებითი ციკლის რეალიზაციის შესაძლებლობა, ხოლო ანალიტიკოსის განსაკუთრებული პოზიცია, რომელსაც ის პაციენტის წინაშე იკავებს, ანალიტიკოსს ავალდებულებს, არ უპასუხოს ადეკვატურად იმ ხატს, რომელსაც პაციენტი მას მიაწერს, არ დაიკავოს რეალურად იმ ფიგურის ადგილი, რომელსაც პაციენტი მას ტრანსფერში ანიჭებს. ანალიტიკოსი განმეორების მოქმედების ძალით ტრანსფერში მისთვის განკუთვნილი ადგილის დაკავებაზე უარს ამბობს; მხოლოდ ამ შემთხვევაში იქმნება განმეორების მოქმედებასა და ტრანსფერის ანალიზისთვის ხელსაყრელი პირობები.

 

წყარო: ალენ ვანიე “ფსიქოანალიზის შესავალი”

Exit mobile version