Psychologist.ge

ლელა ტყეშელაშვილი – პროკრასტინაცია – გადადებული ცხოვრება

 

 

„არ მესმის, თუ არ დაიწყო, როგორღა დაასრულებს?“ –

ლუის ქეროლი, ალისა საოცრებათა ქვეყანაში

 

რატომ სჩვევიათ ადამიანებს საქმის გადადება ბოლო წუთამდე? ამის მიზეზია პროკრასტინაცია –  ერთ-ერთი დესტრუქციული თვისება, რომელიც გვიუარესებს სწავლისა და შრომის  შედეგებსა და მიღწევებს.

იცნობთ ვინმეს, ვინც საქმეს აჭიანურებს და სამერმისოდ გადადებს? – თუკი  სარკეს  დამნაშავის მზერით გახედეთ, გულს ნუ გაიტეხთ, მარტო არა ხართ. პროკრასტინაციას ყველა ვიცნობთ – ან თავად გვახასიათებს, ან სხვებისგან გვიწვნევია. თუკი ის ჩვეულებად გადაგვექცევა, ის დაემუქრება ჩვენს შრომის ნაყოფიერებას, აკადემიურ მიღწევებს, პირად ურთიერთობებს, ფინანსებსა და ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასაც კი,

როგორც ვთქვით, საქმეს ბევრი აჭიანურებს, მაგრამ ყველა როდია პროკრასტინატორი. აქ უფრო მეტად პიროვნულ თვისებებზე უნდა ვისაუბროთ – არიან ადამიანები, რომლებიც ბოლომდე ჩაეფლობიან ხოლმე საქმეში, სანამ მიზანს არ მიაღწევენ, დანარჩენები კი ეძებენ ნებისმიერ მიზეზს, რომ თავიდან აიცილონ უსიამოვნო საქმე.

ადამიანების 20 % მუდმივად შეფერხებულია სახლში, სამსახურში, ურთიერთობებში. ეს მათი ცხოვრების სტილი გახდა. პროკრასტინაცია არ არის ლოდინი, ეს უფრო მეტია, ვიდრე გაჭიანურება. ეს არის უმოქმედობის გადაწყვეტილება, ინფორმაციის შეგროვება იმისათვის, რომ მიიღო მოქმედების ან უმოქმედობის დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა, მაგრამ როცა ადამიანი აგროვებს ინფორმაციას, რომელიც აღემატება მის ადეკვატურ რესურსებს, ის ავლენს გაუბედავობას, გადაუწყვეტელობას, მისი მოლოდინები კონტრპროდუქტიულია.

არაპროკრასტინატორები კი ფოკუსირებულები არიან საქმეზე, ცხოვრებისეულ ამოცანებზე, რომელთა გადაწყვეტაც ყოვლად აუცილებელია. მათი პიროვნული იდენტობა ძალიან მაღალია, მათ ნაკლებად ადარდებთ სოციუმის შეფასება – რამდენად მოსწონთ სხვებს, განსხვავებით საკუთარი თვითშეფასებისაგან.

პროკრასტინაცია თავისთავად არ არის დარღვევა, მაგრამ სხვა პრობლემის გამოვლინება და მაჩვენებელია, რომელსაც თუ არ შევეწინააღმდეგებით, ნამდვილ აშლილობად შეიძლება გადაიქცეს. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ადამიანი ხშირად და ცხოვრების ყველა სფეროში მიმართავს პროკრასტინაციას. ეს შეიძლება იყოს ADHD ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის, პასიურ-აგრესიული ტენდენციების, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის და სხვ. გამოვლინება,  მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ მართალია, საქმის გადადება და გაჭიანურება ყველას გვიცდია, ადამიანს, რომელიც მუდმივად ამას აკეთებს და ყოველთვის აქვს დამაჯერებელი „გამართლებები“, აქვს პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს.

პროკრასტინაცია თავის მხრივაც აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ე.წ. კარგად ყოფნაზე ანუ კეთილდღეობაზე. კვლევებით დადასტურდა, რომ პროკრასტინატორ სტუდენტებს სემესტრის დასაწყისში   ნაკლები პრობლემები აქვთ ჯანმრთელობასთან (მათ შორის სომატურთან) დაკავშირებით, ვიდრე არაპროკრასტინატორებს, თუმცა სემესტრის ბოლოს სურათი საწინააღმდეგოთი იცვლება .

პროკრასტინაციას ხშირად სერიოზულ პრობლემასთან კი არა, სიზარმაცესა და უსაქმურობასთან ვაიგივებთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ქრონიკულ პროკრასტინატორებს დროის მენეჯმენტის პრობლემა კი არა, ცხოვრების არაადაპტირებული წესი აქვთ. მათგან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის  გადაწყვეტილების მიღების უუნარობა – პროკრასტინატორების უმეტესობას ურჩევნია, სხვა იღებდეს მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას, ამიტომაც მათ არავინ ადანაშაულებს წარუმატებლობაში. ისინი ზედმეტად იძაბებიან უარყოფით შედეგებთან მიმართებით ან ზედმეტად მონდომებულები არიან, რომ გაამართლონ გარშემომყოფთა მოლოდინები. მათ თავიანთი ქცევის რეალურ მიზეზი საქმის გადადებით მიღებული სიამოვნება ჰგონიათ, მიაჩნიათ, რომ წნეხის ქვეშ უკეთ გამოსდით მუშაობა და შედეგებიც უკეთესი აქვთ, თუმცა კვლევები სხვა რამეზე მეტყველებს. სტუდენტს შეიძლება ერთხელ გაუმართლოს და ბოლო წუთებში შესრულებული სამუშაო კარგად გამოუვიდეს, ამ დროს ის ივიწყებს ყველა სხვა შემთხვევას, როდესაც ეს ასე არ მოხდა.

როგორ გავიგოთ პროკრასტინატორები ვართ თუ არა? პროკრასტორების  რამდენიმე ტიპი არსებობს, ალბათ რომელიმეს უფრო მეტად გავხართ.

პერფექციონისტი – ყოველთვის, როცა საქმეს იწყებს, სასწორზე დებს თავის პიროვნულ ღირსებას. მისი პრინციპია: „ყველაფერი ან არაფერი“, ფიქრობს, რომ თუ რამე ვერ გამოუვა ან ყველაზე საუკეთესო არ იქნება, მაშინ მაჩანჩალა და არასრულფასოვანია. მისი ყველაზე დიდი შიშია, არ შეესაბამებოდეს საკუთარ მოლოდინებს. ეს, ძირითადად, აღზრდისა და ადრეულ ბავშვობაში მშობლების დამოკიდებულების გავლენაა.

მეოცნებე – მიისწრაფის ადვილი, უმტკივნეულო და უსაფრთხო ცხოვრებისაკენ. თუ სამყარო ასეთი არ არის, მეოცნებე თავის ფიქრებში ქმნის ასეთ იდეალურ სივრცეს, სადაც ის განსაკუთრებულია, სადაც არ სჭირდება სხვების მიერ დაწერილი წესებით ცხოვრება. ეს აზარალებს მის აკადემიურ მიღწევებს, იწვევს დავალების შესრულების პროცესის გაჭიანურებას, შეუსრულებელ დაპირებებს.

მშფოთვარე  – ასეთ ადამიანს აქვს უსაფრთხოების დაუძლეველი მოთხოვნილება, მაგრამ ამისთვის იხდის ძვირ ფასს. მისი ყველაზე ბოროტი მტრები რისკი და ცვლილებებია, რომლებიც აშეშებენ მას, რადგან ემუქრებიან კომფორტის ზონიდან გამოძევებით. უარესის მოლოდინში ის ქმნის ნეგატიური მოლოდინების ნაკადს : „რა მოხდება, თუკი…“, რომელიც კიდევ უფრო არწმუნებს იმაში, რომ აქტიურობამ შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს. მისი სლოგანია: „სჯობს, თავი დავიზღვიო, ვიდრე ვინანო“, ამის გამო მის ცხოვრებაში ნაკლებია ბედნიერება და მხიარულება, თუმცა  ამ მსხვერპლით ის მაინც კმაყოფილია.

კრიზისის შემოქმედი – ქმნის დრამას საკუთარი ცხოვრებისგან, ელოდება ბოლო მომენტს პრობლემაზე სამუშაოდ. თუ ბევრი დრო აქვს, ეს მას ადუნებს, სამაგიეროდ მერე იწყებს აფეთქებას და მცირე დროში უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს. ეს სტრატეგია  ორივე მხრიდან ანთებულ სანთელს ჰგავს, ახალგაზრდობაში კიდევ შეიძლება გაამართლოს, მაგრამ აუცილებლად მიგვიყვანს წარუმატებლობამდე, ადამიანი გამოიფიტება და სულ უფრო გაუჭირდება ადრენალინის და კოფეინის ხარჯზე  სუპერგმირად გადაქცევა.

დაუმორჩილებელი – მალავს თავის შეფარულ აგრესიას ხელმძღვანელის მიმართ და შეიმუშავებს აჯანყების ყველაზე უსაფრთხო მეთოდს – პასიურ-აგრესიულ ტექნიკას. როცა მას რამეს ავალებენ, თანხმდება ნებისმიერ გამოწვევას, მაგრამ შემდეგ „ავიწყდება“ დანაპირები. ეს სტრატეგია მას ანიჭებს განცდას, რომ დავალების მიმცემი მასზეა დამოკიდებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად გაუცრუებს იმედს მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. მარცხის განცდას ეს ადამიანები ამართლებენ იმით, რომ თუ დამოუკიდებლობა სურთ, სხვაგვარად არ გამოვა, უნდა შეეგუონ ასეთ ჩავარდნებს.

მაამებელი – სულ დაკავებულია, ვერ იტყვი, რომ შენელებული ტემპი აქვს. თუმცა მისი ყურადღება თავისი სამუშაოს შესრულებაზე კი არა, სხვებისათვის სიამოვნების მინიჭებისა და სხვების თვალში მოწონების დამსახურებისკენ არის მიმართული. ამაში ცუდი არაფერია, თუ ეს საკუთარი ცხოვრებისგან არ გადაგატანინებს ყურადღებას. როგორც წესი, მაამებლები ფიქრობენ, რომ ყველაფერს შეძლებენ, მაგრამ ამასობაში კარგავენ ბალანსს სწავლასა და გართობას, სამსახურსა და დასვენებას, პროფესიულსა და პირადს შორის. საბოლოოდ კი დაკარგავენ არა მარტო მათ მოწონებას, ვისაც ემსახურებიან, არამედ საკუთარი თავისაც. მათი შრომა არ არის პროდუქტიული, სჭირდებათ გამუდმებული თავის მართლება შეუსრულებელი მოვალეობების გამო.

თანამედროვე ტექნოლოგიები ეხმარებიან თუ პირიქით აღრმავებენ ჩვენს პროკრასტინაციას?

თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც თუმცა ბევრ საქმეს გვიადვილებს, აღმოჩნდა, რომ  დროს კი არ გვიზოგავს, არამედ მუდმივ ცაიტნოტში გვამყოფებს.  ჩვენ მათ ვიყენებთ  არა როგორც დაჩქარების, არამედ გადადროვების და გაჭიანურების საშუალებას, რადგან ვფიქრობთ, რომ მათი დახმარებით უფრო მალე შევასრულებთ დაკისრებულ საქმეს, სინამდვილეში კი  კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში გადავდებთ მას, მით უფრო, რომ ინტერნეტი გვთავაზობს უამრავ საშუალებას,  ერთი დაწკაპუნებით იმედგაცრუების ან ნებისმიერი უსიამოვნო დატვირთვის  თავიდან ასაცილებლად.

როგორ დავეხმაროთ პროკრასტინატორებს, შეუდგნენ დავალების შესრულებას?

პროკრასტინაციის ჩვევისგან გათავისუფლება მარტივი არ არის, ის ძირითადად სტუდენტების სენია.  ეს ყველაზე ხშირად  ნაშრომის წერის დაწყების წინ ხდება და  გადავადების ერთ- ერთი გავრცელებული მიზეზია.

ყველა სახის პროკრასტინაცია როდია საზიანო, არსებობს პასიური და აქტიური პროკრასტინაცია. პირველი საქმის უბრალოდ გადადებას გულისხმობს, მეორე კი მაშინ შეინიშნება, როცა ადამიანები განზრახ მოქმედებენ ცაიტნოტის პირობებში, და აღწევენ დამაკმაყოფილებელ შედეგებს. პროკრასტინაცია ხასიათდება ოთხი ეფექტით: – შედეგით კმაყოფილება, წნეხის ქვეშ ყოფნისთვის უპირატესობის მინიჭება, წინასწარ დაგეგმილი გადაწყვეტილება და ვადებში „ჩატევა“ – ისინი შრომის ნაყოფიერებას ზრდის კიდეც. ეს იმას როდი  ნიშნავს, რომ მაშინ როცა დისერტაციის ბიბლიოგრაფია გაქვს შესადგენი, ფეისბუკის გვერდები ათვალიერო. მისაღებია მხოლოდ წინასწარ დაგეგმილი შესვენება და წყვეტა მუშაობის პროცესში, რაც საკუთარი თავის მართვის განცდას აძლევს ადამიანს და საბოლოოდ ეხმარება კიდეც ამ მიზნის მიღწევაში. შესვენება და პროკრასტინაცია სხვადასხვაა. პროკრასტინაციას განზრახ, წინასწარ დაგეგმილი შესვენებით შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ, თუ სამუშაოს შეწყვეტას წინასწარ დაგეგმავ, შეიძლება სასარგებლოც კი იყოს.

ბევრ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლება მიღწევის მოტივაციის, თვითრეგულაციის, ინფორმაციის გადამუშავების  პრინციპები, ადამიანს აცნობიერებინენენ, რომელ მიზეზს იყენებს ყველაზე ხშირად პროკრასტინაციის გასამართლებლად. მათ შორის ყველაზე ხშირი არის წარუმატებლობის შიში.

შიშისა და თავის თავში დაურწმუნებლობის გამო   ნურაფერს გადადებთ, აკეთეთ ახლა, იგრძენით ცხოვრება.

Exit mobile version