არაცნობიერი მოვლენები ძალზე ფარდობითი რამაა. თუკი ჩემთვის რაიმე არაცნობიერია, ის მხოლოდ ფარდობითადაა არაცნობიერი, სხვა პირობებში კი შეიძლება ცნობიერიც იყოს. პიროვნული არაცნობიერის შინაარსები გარკვეული ასპექტით სავსებით ცნობიერია, მაგრამ გარკვეულ გარემოებებში, ანდა რაღაც განსაზღვრული დროისათვის შეილება არ იყოს ცნობიერი.
როგორ გავარკვიოთ, ცნობიერია თუ არაცნობიერი? – ვკითხოთ ცდის პირებს. სხვა კრიტერიუმი ცნობიერობა-არაცნობიერობის დასადგენად არ არსებობს. შევეკითხებით: ,,ხომ ვერ მეტყვით, აქა და აქ შეყოყმანდით თუ არა?” გეტყვიან: ,,არა, სულაც არ შევფერხებულვარ. მე მგონი, რეაქციის დრო იგივე მქონდა”. ,,იცით თუ არა, რომ რაღაცამ აქ დაგაბრკოლათ?” ,,არა”. ,,ხომ არ გახსოვთ, რა უპასუხეთ სიტყვა ,,დანა”-ზე? ,,სულ არ მახსოვს”.
ფაქტების ასეთი შეუმჩნევლობა ძალზე გავრცელებული რამაა. ვინმე თუ მეკითხება, ამა და ამ კაცს იცნობ თუ არაო, შეიძლება ვუთხრა, არა-მეთქი, – ვერ ვიხსენებ და რა ვქნა; საიდან უნდა დავასკვნა, რომ ვიცნობ; მაგრამ მერე თუ მითხრეს, ამ ორი წლის წინათ შეგხვედრია, მავანი და მავანი კაცია, რომელსაც ესა თუ ის ჩაუდენიაო, ოჰ, როგორ არ ვიცნობ-მეთქი, მივუგებ. გამოდის, თან ვიცნობ და თან არა.
პიროვნული არაცნობიერის ყველა შინაარსი ფარდობითად არაცნობიერია; კასტრაციისა და ინცესტის კომპლექსებიც. გააჩნია გარემოებებს: ხან მშვენივრად იციან ხოლმე მათ თაობაზე, ხან კი ისინი სრულიად არაცნობიერია. რაიმეს ცნობიერობის ფარდობითობა ძალიან აშკარაა ისტერის შემთხვევებში. აქ ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ისეთი რაღაცეები, რაც თითქოსდა არაცნობიერი ჩანს, მხოლოდ ექიმის წინაშე ყოფილა ასეთი, მომვლელი ქალის ანდა ნათესავების წინაშე კი – არა.
ერთხელ ბერლინის ერთ კლინიკაში საინტერესო შემთხვევაზე დაკვირვების საშუალება მომეცა. ხერხემლის მრავლობითი სარკომააო, და ვინაიდან ექიმი, რომელმაც დიაგნოზი დასვა, განთქმული ნევროლოგი იყო, ცოტა არ იყოს, შევცბი კიდეც; მაგრამ მაინც მოვიკითხე ანამნეზი, და ძალიან კარგი ანამნეზი წარმომიდგინეს. როდესაც ვიკითხე, როდის იჩინა-მეთქი თავი სიმპტომებმა, აღმოჩნდა, რომ ეს იმდღევანდელ საღამოს მომხდარა, როცა პაციენტის ერთადერთი ვაჟიშვილი განცალკევდა და ცოლი შეირთო. პაციენტი ქვრივი ქალი იყო, აშკარად თავის ვაჟზე შეყვარებული, და მე განვაცხადე: ეს სარკომა კი არა, ჩვეულებრივი ისტერიაა, და ამას ახლავე დავაკონკრეტებთ-მეთქი. პროფესორს თავზარი დასცა ჩემი ინტელიგენტურობის, ტაქტის თუ რა ვიცი – რის ნაკლებობამ და, მოკლედ, იქიდან გამაძევა. მაგრამ ქუჩაში ვიღაც სირბილით წამომეწია – მომვლელი ქალი აღმოჩნდა, – და მითხრა: ,,ბატონო ექიმო, როგორი მადლიერი ვარ, რომ თქვით, ისტერიააო; მეც მაგას ვფიქრობდი”.