Psychologist.ge

ეკატერინე ჩიგოგიძე – მარტოობის შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე – ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი
ICF ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი ინდივიდუალური და გუნდური ქოუჩინგ პლატფორმის დამფუძნებელი www.ekaterine.ge
კომპანია “LifeSkills”-ის პარტნიორი.
კანტის აკადემიის და აინშტაინის სკოლის სპიკერი


რას გულისხმობს მარტოობის განცდა და რატომ გვეუფლება ის?

კომპლექსური და ძალზედ მნიშვნელოვანი შეკითხვაა, მაგრამ არ მინდა მასზე პასუხი გავცე მხოლოდ როგორც ქოუჩმა ან პიროვნული განვითარების სპეციალისტმა. ჩემი პასუხი ამ თემაზე არ იქნება დამყარებული სამეცნიერო ან კვლევით მასალაზე, მინდა ის მოდიოდეს ჩემი პიროვნული სივრციდან, რომელშიც გაერთიანებულია ის, რაც წარმოადგენს ჩემს პირად და პროფესიულ გამოცდილებას და ცოდნას.

პირველი, რაც ამ კითხვაზე დაფიქრებისას მომდის არის ის, რომ როდესაც მარტოობის განცდა გვეუფლება, ეს მიუთითებს იამზე, რომ ჩვენ რაღაცას ავცდით, რაღაც არასწორად ვიფიქრეთ, ვიგრძენით ან მივეცით უფლება, რომ ჩვენი „მფლობელი“ გახდეს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ფიზიკური და არა ფიზიკური მარტოობა სხვადასხვა რამაა. შეიძლება ფიზიკურად უმეტესად მარტო ვიყოთ გამომდინარე ინტროვერტული ხასიათიდან, მარტო ვცხოვრობდეთ, მაგრამ არ განვიცდიდეთ მარტოობას. ამავე დროს, შეიძლება სოციალურად აქტიურები ვიყოთ, სხვებთან ერთად ვცხოვრობდეთ და მაინც მარტოსულად ვგრძნობდეთ თავს.

ფიზიკურად მარტო ყოფნის პერიოდები აუცილებელია პიროვნული ზრდისთვის. არაფერი შეცვლის იმ დროის მნიშვნელობას, რომელსაც საკუთარ თავთან მარტო ვატარებთ. ეს პერიოდები სასიამოვნო იქნება თუ უსიამოვნო ეს დიდ წილად ჩვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი გარეშე ფაქტორი, რომელიც ჩვენზე გავლენას ახდენს, დაწყებული ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობიდან დამთავრებული ჩვენი პირადი ურთიერთობებით. შეუძლებელია სრულად გაწყვიტო ბმა გარემო პირობებთან და ეს არც არის საჭირო. ადამიანი სოციალური არსებაა და მას სჭირდება სხვებთან კონტაქტი, გარემოსთან ადაპტაცია, ცხოვრების ბალანსის დაცვა, ჰარმონიის მონახვა თავის პირად მოთხოვნილებებსა და მისგან დამოუკიდებელ გარემოებებს შორის.

მარტოსულობა განსხვავებით ფიზიკური მარტოობისგან არის ჩვენი არა ფიზიკური, სულიერი მდგომარეობა. თუ ჩვენს ყველაზე მაღალ – სულიერ განზომილებაში სიცარიელეა, მაშინ დომინანტი ხდება მარტოსულობის, იზოლაციის, მიტოვებულობის, არასაჭიროების გაცდა. ამ დროს ადამიანი სცილდება თავის ბუნებრივ არსს, რადგან ჩვენს ყველაზე ბუნებრივ გამოხატულებაში ჩვენ ერთნი ვართ სამყაროსთან, იმ გარემოსთან, რომელშიც მიმდინარეობს ჩვენი ცხოვრება, იმ უნივერსალურ ენერგეტიკულ ველთან, რომელშიც არსებობს ჩვენი „მაღალი მე“. ეს განზომილება, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვაქვს და რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდე ჩვენი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური სივრცეები, არის ჩვენი ყველაზე ამაღლებული ანუ ყველაზე დიდებული გამოხატულება. მისთვის არ არის საჭირო გარეშე ფაქტორებით ან სხვა ადამიანებით შევსება, რადგან ის თავად არის სისრულე, სისავსე, შემოქმედებითი ზონა, ინსპირაციის არხი და ჩვენი დამაკავშირებელი ღვთიურთან, ცხოვრების საიდუმლოსთან, შემოქმედებით გენიასთან.

ჩვენი საქმე სწორედ ის არის მივაგნოთ და ბოლომდე დავუკავშირდეთ, განვსხეულდეთ ამ განზომილებაში. თუ ეს მოვახერხეთ, სხვადასხვა პრაქტიკებით, იქნება ეს ლოცვა თუ მედიტაცია, კითხვა თუ წერა, ან უბრალოდ ყოფნა – ყოფნა საკუთარ თავთან ისეთთან როგორიც ის არის, სრული მიმღებლობით, მოთმინებით და აღიარებით – მაშინ ჩვენ მოვახერხეთ დაბრუნება იმასთან, რასაც ავცდით. რატომ დაბრუნება? იმიტომ, რომ როცა დავიბადეთ ჩვენ იქ ვიყავით, ეს სულიერი განზომილება ჩვენთვის ნაცნობი და სინქრონული იყო. მერე ავცდით, როცა ვიზრდებოდით, ვყალიბდებოდით, სხვადასხვა არჩევანს ვაკეთებდით.

კარგი ამბავი ის არის, რომ დაბრუნება ყოველთვის შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რამდენად შორს გადავუხვიეთ გზიდან ან რამდენი არასწორი ნაბიჯი გადავდგით. ამიტომ, სინამდვილეში, მარტოობის განცდა აუცილებელიც კი არის, რომ გავიგოთ, შევაფასოთ სად ვართ, რატომ ვართ აქ და როგორ გვინდა რომ გავაგრძელოთ განვითარება.

თქვენი აზრით, მარტოობა მხოლოდ უარყოფით ასპექტებთან არის დაკავშირებული, თუ აქვს რაიმე დადებითი მხარეც?

უარყოფითი მარტოსულობაში ის არის, რომ ამან შეიძლება დაგვაავადოს და შეგვირყიოს როგორც ფიზიკური, ისე მენტალურ-ემოციური ჯანმრთელობა. ხანდახან ადამიანები თავს არ გრძნობენ კარგად, იწყებენ სამედიცინო გამოკვლევებს, მაგრამ ხელშესახებ სიმპტომებს ვერ აკვლევენ. თითქოს ყველაფერი წესრიგში აქვთ და მაინც ცუდად არიან. ამ დროს უნდა მოხდეს ადამიანის პირადი სივრცის სიღრმისეული „სკრინინგი“ და იმ „ნახვრეტების“ აღმოჩენა, რაც არღვევს ამ სივრცის მთლიანობას და შესაბამისად საშუალებას აძლევს ნეგატიურ ენერგიას, რომ შემოვიდეს და გავრცელდეს ორგანიზმში.

დეპრესიული მდგომარეობები სწორედ ამაზე მიუთითებს. დეპრესიის უპირველესი მკურნალი კი, როგორც ცნობილია, არის არა მედიკამენტები, არამედ მადლიერება. როდესაც ადამიანი გაჟღენთილია მადლიერების გრძნობით, სხეულის უჯრედების დონეზე გრძნობს უპირობო სიყვარულს, სიხარულს, გრძნობს, რომ მისი კონტრიბუცია სამყაროს განვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს მოწოდება, რომელსაც სიხარულით ემსახურება, აქვს შეგრძნება, რომ მისი როლი ცხოვრებაში აღიარებული და დაფასებულია, მაშინ ის უბრალოდ ვერ ჩავარდება უიმედობის, იზოლაციის, მარტოსულობის მდგომარეობაში, ყოველ შემთხვევაში ეს არ მოხდება ხანგრძლივი დროით. რაღაც ძალა ყოველთვის გამოაგდებს, ზევით სადაც არის მაღალენერგეტიკული ემოციური ზონები.

როგორ გადავლახოთ მარტოობის განცდა?

ვფიქრობ, გადალახვა არ იქნებოდა სწორი ფორმულირება. უფრო კორექტული იქნებოდა გვეთქვა, როგორ ვმართოთ ან როგორ გავუგოთ მარტოობას. როგორ შევძლოთ, რომ სასოწარკვეთილებაში კი არ ჩავვარდეთ თუ თავი მარტოსულად ვიგრძენით, არამედ დავსვათ შეკითხვა საკუთარი თავის მიმართ: რისი თქმა უნდა ამ განცდას ჩემთვის? ამ მდგომარეობას რა გზავნილი აქვს, რომელიც აქამდე არ მოვიდა ჩემამდე და ეხლა ვარ მზად რომ მივიღო?

ბოლოს ვიტყოდი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ არ გვეშინოდეს საკუთარი ემოციების, იმის, რასაც ვგრძნობთ. უნდა ვისწავლოთ ჩვენი გრძნობების გაგება, წაკითხვა, ბოლომდე შეცნობა და გადამუშავება. როცა ამას შევძლებთ, მაშინ შევძლებთ თავად ავირჩიოთ რა ემოციური მდგომარეობები გვინდა რომ ვკვებოთ, მეტი ენერგიით დავმუხტოთ და რა გვინდა რომ შევამციროთ. ეს შესაძლებელია!

Exit mobile version