Psychologist.ge

ჟუჟუ იოსელიანი – ბავშვობის ტრავმები

ბავშვობის ტრავმების შესახებ არაერთი ტიპოლოგია არსებობს, თუმცა განსხვავებების მიუხედავად გარკვეულ ერთიან ხაზსაც ინარჩუნებს.

ბავშვი განვითარების ადრეულ პერიოდში გადის სხვადასხვა ეტაპს, სადაც იღებს ძირითად საბაზისო უნარებსა და რესურსებს. რამდენად სწორად და ჯანსაღად ხდება განვითარება აღნიშნულ საფეხურებზე, ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს შემდგომში პიროვნების სტრუქტურის, მისი პიროვნული მახასიათებლების, ფსიქიკური თუ სოციალური უნარების განსაზღვრას და, დიდწილად, ცხოვრების გზისაც.

ამჯერად, ერთ-ერთ საინტერესო ტიპოლოგიას განვიხილავთ, ლ.ბურბოს თეორიას ბავშვობის ტრავმების შესახებ.

ამ კონცეფციის მიხედვით, ბავშვობის ტრავმა არის განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 7 წლამდე, მიღებული ემოციური გამოცდილება, რომელიც უკავშირდება მშობლებთან ან მთავარ მზრუნველებთან ურთიერთობას. კონკრეტულ ასაკობრივ პერიოდებში განცდილი ტრავმები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პიროვნების სტრუქტურის ფორმირებაზე.

ტრავმა ყალიბდება, როგორც რეაქცია გარემო პირობებზე და მოცემულ ობიექტურ გარემოებაზე  ბავშვის სუბიექტური განცდაა.

ბავშვის ფსიქიკა ქმნის დამცავ მექანიზმს, რათა გაუმკლავდეს ემოციურ ტკივილს. ეს მექანიზმი ვლინდება “ნიღბის” სახით, რომელიც იცავს ბავშვს მტკივნეული გამოცდილებისგან. თითოეული ტრავმის ტიპის სპეციფიკური ნიღაბი არის სწორედ  დამცავი საშუალება, რომელსაც იყენებს ტრავმასთან გასამკლავებლად.

ბავშვი იმიტომ რომ, უმტკივნეულოდ მოერგოს თავის პირველ მიკრო სოციუმს, თავის სისტემას, ოჯახურ გარემოს, ირჩევს მოცემული მომენტისათვის ადაპტაციურ როლურ მოდელს, რაც ეხმარება, გადარჩეს ემოციურად რთულ სიტუაციებში. იმის მიხედვით, რამდენად ხშირად იყენებს ქცევის იმ მოდელს, რომელიც ,,გამოადგა“, ხდება შესაბამისი როლური მოდელის დასწავლა, განმტკიცება და ნიღბის პერსონაჟის ქცევა ყალიბდება დომინანტური სტრატეგიად.

შემდგომში, ნიღაბი განსაზღვრავს ქცევით პატერნებს, რომლებიც ვლინდება ადრეულ ბავშვობაში და გრძელდება ზრდასრულობაში. ეს პატერნები თავდაპირველად ეხმარება ბავშვს, მაგრამ მოგვიანებით უკვე ხელისშემშლელია, რადგან, როცა ინდივიდი ირგებს რომელიმე კონკრეტულ ნიღაბს,  გარკვეულ წილად თრგუნავს თავის შინაგან ხასიათს.

ამდენად, თავის დროზე შექმნილი და მორგებული ნიღბები, რომელიც თავდაცვაა ადრეულ ასაკში, ზრდასრული ადამიანისთვის უკვე უსარგებლოა და უფრო მეტიც, ნეგატიური მუხრუჭია ცხოვრების გზაზე, რადგან იკარგება ნიღბის ქვეშ დაფარული საკუთარი ინდივიდუალური, უნიკალური ბუნება.

შინაგანი კონფლიქტი ნამდვილ “მე”-სა და ტრავმული ნიღბის პერსონაჟს შორის მნიშვნელოვნად აისახება პიროვნების ზრდასრულ ცხოვრებაზე.

ადამიანების უმეტესობას რამდენიმე ტრავმა/ნიღაბი აქვს, თუმცა ტკივილის დონე ყველასთან სხვადასხვა ხარისხითაა მოცემული და რომელიმე, კონკრეტული ტრავმაც მეტად გამოკვეთილია ხოლმე.

უარყოფის ტრავმა უკავშირდება ბავშვის მიმართ ემოციურ სიცივეს, ყურადღების ნაკლებობას, უმეტესად ვლინდება იმავე სქესის მშობელთან.

ძირითადი მახასიათებელია შინაგანი განცდა/შიში, რომ არ არის სასურველი და მნიშვნელოვანი, არსებობის უფლება არ აქვს და სამყაროში მისი ადგილი არ არის.

დამცავი მექანიზმი, რომელსაც ბავშვი ქმნის ასეთ შემთხვევებში, არის გაქცეულის ნიღაბი, შესაბამისად, პერსონაჟია   გაქცეული /  განრიდებული. 

 ასეთი ადამიანი მუდმივად ცდილობს, იყოს დამოუკიდებელი. ხშირად გაურბის ინტიმურობასა და ახლო ურთიერთობებს; შეიძლება, ჰქონდეს მიდრეკილება მარტოობისკენ ან იზოლაციისკენ; სურს, იყოს შეუმჩნეველი, არ გამოირჩეოდეს.

როგორც წესი, უძნელდება სტაბილური ურთიერთობების შექმნა;  შეიძლება, განიცდიდეს სიცარიელის ან უმნიშვნელობის გრძნობას; უჭირს საკუთარი საჭიროებების გამოხატვა; აქვს დაბალი თვითშეფასება, სრულყოფილებისკენ სწრაფვის მცდელობა, სტრესი და შფოთვა; განიცდის უარყოფის მუდმივ შიშს.

მიტოვების ტრავმა უკავშირდება ემოციური ან გარკვეული ტიპის კვების ნაკლებობას, მნიშვნელოვანი პირის დაკარგვას ან ხშირ განშორებას;  უმეტესად ვლინდება  საპირისპირო სქესის მშობელთან.

ძირითადი მახასიათებელია შინაგანი განცდა/შიში  ფიზიკური ან ემოციური მიტოვების.

დამცავი მექანიზმი, რომელსაც ბავშვი ქმნის ასეთ შემთხვევებში, არის დამოკიდებულის ნიღაბი, შესაბამისად, პერსონაჟია  დამოკიდებული.

ასეთ ადამიანს აქვს მარტო დარჩენის ძლიერი შიში. ხშირად ეძებს დამამშვიდებელ, კომპენსატორულ ურთიერთობებს. შეიძლება, იყოს ზედმეტად მზრუნველი ან მომთხოვნი ურთიერთობებში. უჭირს საზღვრების დაწესება.

მათთვის დამახასიათებელია  მიჯაჭვულობის პრობლემები. მიტოვების შიშის გამო, არცთუ იშვიათად აღმოჩნდება ხოლმე არაჯანსაღ და ტოქსიკურ სიტუაციებში. ხშირად განიცდის შფოთვას ან პანიკას, როცა პარტნიორის გარეშეა; შეიძლება, მიმართოს ადიქციას მარტოობის თავიდან ასაცილებლად. ახასიათებს ემოციური არასტაბილურობა.

დამცირების ტრავმა უკავშირდება ემოციურ, ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას, შერცხვენას. ჩვეულებრივ, ვლინდება დედასთან, განურჩევლად სქესისა ან დედის შემცვლელთან. მაპროვოცირებელი გარემოებაა თავისუფლების უხეში შეზღუდვა, შერცხვენა, ხშირად ფიზიკური ან ჰიგიენური ნორმების გამოც.

ძირითადი მახასიათებელია შინაგანი განცდა/შიში, რომ ის უღირსი ან არასრულფასოვანია.

დამცავი მექანიზმი, რომელსაც ბავშვი ქმნის ასეთ შემთხვევებში, არის მაზოხიტის ნიღაბი, შესაბამისად, პერსონაჟია მაზოხიტი.

ასეთ ადამიანს აქვს ღრმად ფესვგადგმული უღირსობის განცდა. ხშირად ირგებს მსხვერპლის როლს. შეიძლება, ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება და თვითდესტრუქციული ქცევები. უმეტესად იზიდავს არაჯანსაღ, გამომყენებლურ ურთიერთობებს. უჭირს საკუთარი თავის დაცვა  და საზღვრების დაწესება. ისწრაფვის, რომ ყველასთვის კარგი იყოს.

დამახასიათებელია ქრონიკული თვითკრიტიკა და სირცხვილის გრძნობა; სირთულეები წარმატების ან ბედნიერების მიღწევაში. გამოხატული აქვთ მიდრეკილება დეპრესიისკენ. დაბალი თვითშეფასება, პერფექციონიზმი.

ამ ნიღბის პერსონაჟს ეშინია თავისუფლების; თავისთვის გამოყოფილ დროს აღიქვამს, როგორც უკონტროლო სივრცეს, სადაც შეიძლება, დაამცირონ, შეარცხვინონ და მუდმივად ცდილობს, არ იყოს ისეთ გარემოებაში, სადაც უსარგებლო, გამოუსადეგარი და  გამოუყენებელი აღმოჩნდება.

ღალატის ტრავმა უკავშირდება ნდობის რღვევას, შეუსრულებელ მოლოდინებსა და იმედგაცრუებას, მანიპულაციას. უმეტესად ვლინდება საპირისპირო სქესის მშობელთან.

ძირითადი მახასიათებელია შინაგანი განცდა/შიში, რომ მას უღალატებენ,  რომ ატყუებენ ან მანიპულირებენ.

დამცავი მექანიზმი, რომელსაც ბავშვი ქმნის ასეთ შემთხვევებში, არის მაკონტროლებლის ნიღაბი, შესაბამისად, პერსონაჟია მაკონტროლებელი.

ასეთი ადამიანი ცდილობს, აკონტროლოს ყველა სიტუაცია და ურთიერთობა. შეიძლება იყოს ეჭვიანი და არ ენდობოდეს სხვებს. ხშირად არის დომინანტური და მბრძანებლური. არის მანიპულატორი, თან საკმაოდ დაოსტატებული.

უჭირს ნდობის მოპოვებაც და თავადაც უნდობლობა ახასიათებს. შეიძლება, განიცდიდეს ქრონიკულ სტრესს კონტროლის შენარჩუნების მცდელობისას. დამახასიათებელია ემოციური არასტაბილურობა, ინტენსიური ბრაზი და აგრესია გავლენის დაკარგვის შიშით; ახასიათებს ,,მზრუნველობაში“ შეფუთული დიქტატურაც; ხშირად ირჩევს ლიდერულ პოზიციებს, თუმცა უჭირს დელეგირება.

უსამართლობის ტრავმა  უკავშირდება მკაცრ, არათანმიმდევრულ აღზრდას ან ზედმეტ პასუხისმგებლობას, ვლინდება ძირითადად იმავე სქესის მშობელთან.

ძირითადი მახასიათებელია შინაგანი განცდა/შიში,  რომ მას არ ექცევიან სამართლიანად.

დამცავი მექანიზმი, რომელსაც ბავშვი ქმნის ასეთ შემთხვევებში, არის ხისტის, რიგიდულის ნიღაბი, შესაბამისად, პერსონაჟია ხისტი.

ასეთ ადამიანს ახასიათებს მაღალი მოთხოვნები საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, მუდმივი ბრძოლა ,,სამართლიანობისთვის’’, გადაწყვეტილების მიღების სირთულეები; არის ზედმეტად ფრთხილი და ანალიტიკური; უჭირს მოქნილობა და ცვლილებების მიღება. ხშირად არის პერფექციონისტი და თვითკრიტიკული; მნიშვნელოვანია, მოქმედებდეს მკაცრი მორალური კოდექსის ჩარჩოში.

მისთვის თანმდევია ქრონიკული სტრესი და შფოთვა სრულყოფილების მიღწევის მცდელობისას, სირთულეები სპონტანურობასა და სიამოვნების მიღებაში; შეიძლება, ჰქონდეს კონფლიქტები სხვებთან თავისი მაღალი სტანდარტების გამო; ძალიან კრიტიკულია ხოლმე პარტნიორის მიმართ,  თუმცა თავად, განსაკუთრებით ეშინია ემოციური სიცივის.

ტრავმირებული ინდივიდი ხშირად იზიდავს სიტუაციებს ან ურთიერთობებს, როდესაც მეორდება პირვანდელი ტრავმის შინაარსი. ეს ქმნის გარკვეულ ციკლს, სადაც ტრავმა ხშირად იძენს ადრეული ბავშვობის მტკივნეული განცდის სიმძაფრეს.

მიზეზიც და შედეგიც ძალიან ხშირად რჩება გაუცნობიერებელ დონეზე. ადამიანი შეიძლება, თავისდაუნებურად მოქმედებდეს ძველი ტრავმის გავლენით, მაგრამ საერთოდ ვერ აცნობიერებდეს, რატომ ხვდება მუდმივად ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეში.

ხშირად, კონკრეტული ნიღბის ტრავმული პერსონაჟი ქმნის გარკვეულ “სცენარს”, რომლის მიხედვითაც პიროვნება არაცნობიერად ირგებს  ე.წ.  ,,სცენარულ როლს“, მაგალითად:

უარყოფის ტრავმა: “მე არ ვარ მნიშვნელოვანი”.

მიტოვების ტრავმა: “მე ყოველთვის მტოვებენ”.

დამცირების ტრავმა: “მე არ ვარ ღირსი”.

ღალატის ტრავმა: “მე ყოველთვის მღალატობენ”.

უსამართლობის ტრავმა: “ცხოვრება უსამართლოა ჩემს მიმართ”.

უმეტესად, ადამიანებს შეიძლება, ერთზე მეტი ტრავმა ქონდეთ და სხვადასხვა ტრავმის ნიღბები ქმნიდნენ უფრო კომპლექსურ პატერნებს.

უარყოფისა და მიტოვების ტრავმების კომბინაცია: უკიდურესი შიში ურთიერთობების დამყარებისა და ამავდროულად, მარტო დარჩენის. შეიძლება, გამოიწვიოს “მიახლოება-განრიდების” პატერნი ურთიერთობებში.

დამცირებისა და უსამართლობის ტრავმების კომბინაცია: ძლიერი თვითკრიტიკა და ამავდროულად, სხვების მიმართ მაღალი მოთხოვნები. პერფექციონიზმი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, მუდმივი უკმაყოფილება.

ღალატისა და მიტოვების ტრავმების კომბინაცია: უკიდურესი უნდობლობა და შიში დაკარგვის. შეიძლება, გამოიწვიოს ეჭვიანობა და ამავე დროს, არაჯანსაღი მიჯაჭვულობა ურთიერთობებში.

უარყოფისა და დამცირების ტრავმების კომბინაცია: არასრულფასოვნებისა და უღირსობის სიღმისეული განცდა, დაბალი თვითშეფასება. შეიძლება, გამოიწვიოს სოციალური იზოლაცია და დეპრესიისკენ მიდრეკილება.

უსამართლობისა და ღალატის ტრავმების კომბინაცია: მუდმივი მზადყოფნა თავდაცვისათვის და უნდობლობა. შეიძლება, გამოიწვიოს კონსპირაციული აზროვნებისკენ მიდრეკილება და მუდმივი ბრძოლა “სამართლიანობისთვის”.

მიტოვებისა და უსამართლობის ტრავმების კომბინაცია: განცდა, რომ ცხოვრება უსამართლოა და ყველა ტოვებს. შეიძლება, გამოიწვიოს მსხვერპლის მენტალიტეტი და პასიური აგრესიულობა.

უარყოფისა და ღალატის ტრავმების კომბინაცია, ღრმა შიში ნდობისა და ინტიმურობის. შეიძლება, გამოიწვიოს ემოციური დისტანცირება ურთიერთობებში და თვითსაბოტაჟი.

დამცირებისა და ღალატის ტრავმების კომბინაცია: სიღრმისეული ფონური განცდა, რომ არ არის საკმარისად კარგი და ნდობის ღირსი. შეიძლება, გამოიწვიოს თვითდამამცირებელი ურთიერთობების შენარჩუნება და მუდმივი დაეჭვება პარტნიორის ერთგულებაში.

უარყოფისა და უსამართლობის ტრავმების კომბინაცია: შეგრძნება, რომ სამყარო უსამართლოა და არავის სჭირდება. შეიძლება, გამოიწვიოს ცინიზმი და სოციალური იზოლაცია.

მიტოვებისა და დამცირების ტრავმების კომბინაცია: მუდმივი შიში, რომ არ არის საკმარისად კარგი, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობები. შეიძლება, გამოიწვიოს ზედმეტად მზრუნველი ქცევა და საკუთარი საჭიროებების იგნორირება.

ზემოთ ჩამოთვლილი კომბინაციები თუ სხვადასხვა ტრავმული პერსონაჟების მახასიათებელების ზოგადი განხილვაც აჩვენებს, თუ რამდენად კომპლექსური, რთული და მრავალმხრივია ბავშვობის ტრავმების გავლენა პიროვნებაზე. თითოეული შემთხვევა ქმნის უნიკალურ ფსიქოლოგიურ პროფილს და მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას ტრავმებზე მუშაობისას.

Exit mobile version