საკუთარი თავის სიყვარული

0

მზერა, რომელიც მიმართულია იმ ადამიანისაკენ, რომელსაც განსაკუთრებულად ვეპრანჭები, რომელსაც თვალებით ვეუბნები, რომ მიყვარს, რომელმაც ყოველთვის იცის როგორ გამამხნევოს, როდის შემაქოს, როდის მაგრძნობინოს, რომ მეტი შემეძლო, როდის მიმახვედროს, რომ შევცდი, მხოლოდ მან იცის, რა დიდი ძალისხმევა მჭირდება ხანდახან, როდესაც ცრემლების შეკავებას ვცდილობ, მხოლოდ მან იცის, როგორი სიყვარული შემიძლია და როგორ შევძელი პატიება, მისთვის დაუჯერებელი წყენების…
მისი თვალები ყოველთვის გამოხატავენ ჩემს გრძნობებს, ემოციებს და განცდებს…
მის თვალებს ვიცნობ მას შემდეგ, რაც მივხვდი, როგორ მირეკლავს სარკე, თითქმის 30 წლის წინ პირველად დამამახსოვრდა მისი მზერა, მისი სიყვარული, მისი გაოცება, როდესაც პირველად შევხედე გულწრფელად და გაცნობიერებულად…
ჩვენ ერთი გული გვაქვს, რომელიც ერთნაირად ზუსტად ისე ძგერს, როგორ ძგერასაც მე ვგრძნობ, მან მასწავლა სიტყვა “ერთ-გულების” მნიშვნელობა და მე მადლიერებით, პატივისცემით და სიყვარულით მინდა ვუთხრა მას, რომ მიყვარს და მადლიერი ვარ ყველაფრისათვის!
ის მე ვარ, ჩემი ანარეკლი, ჩემი თვალები და იმდენად ხშირად ვუყურებდი მას უემოციოდ, რომ დღემდე ვთხოვ პატიებას…თუმცა ვიცი, რომ ისიც ჩემსავით მარტივად მპატიობს წყენას…
გაიხსენეთ, ბოლოს როდის უთხარით საკუთარ თავს მადლობა სიყვარულისათვის, ზრუნვისათვის, მოთმინებისათვის და თუ მას შემდეგ 24 საათზე მეტი გავიდა, არ დაკარგოთ დრო, დაუყოვნებლად მიდით სარკესთან, შეხედეთ თქვენს ანარეკლს და უთხარით, გულწრფელად უთხარით, რომ გიყვართ!

✔ NLP ოსტატი ✔ ლონდონის ნლპ სკოლის პრაქტიკოსი ✔ EMDR თერაპევტი ? 595331636