ანანო  ჭაუტიძე – პატარა მეცნიერებს ხომ მაინც ვერაფერს გამოვაპარებთ

0

ანანო  ჭაუტიძეფსიქოლოგი

მშობელი ის ადამიანია, რომელიც ნებისმიერ დროს  მზადაა შვილის კეთილდღეობისთვის გაუძლოს  სირთულეებს. ქვეყნად მოვლენილ  პატარა  არსებას შეუძლია მშობლის წლებით დაგეგმილი ცხოვრება შეცვალოს. შეცვალოს დაუზარებლად, უყოყმანოდ და დაუფიქრებლად. ბევრი მშობელი მინახავს რომლებმაც საკუთარი კარიერა “შეწირეს”  შვილის მომავალს . ზოგი მშობელი მთელი დღეები გადაკარგულია, რადგან  შვილს არაფერი დააკლოს. გადის წლები და სამწუხაროდ ქარიშხალ გადავლილი მშობელი მწარე რეალობას ეჯახება. ის  სანუკვარი შვილი, რომელზეც უამრავ გეგმას აწყობდა, იმედებს  ამყარებდა,  ეკარგება.  არ ესმით ერთმანეთის  და მეტიც გულს ტკენენ ერთმანეთს. ამის მერე ხშირია მშობლის თვითგვემა : ” სად შემეშალა? რა დავაკელი ?”

შეუძლებელია იყო იდეალური მშობელი და აღზარდო იდეალური შვილი. თუმცა ჩვენი რელიგიის თანახმად ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა და თითოეული ჩვენგანი უნდა მიემსგავსოს ქრისტეს.  მაშასადამე იდეალურობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ჩვენ ყველას ჩვენი დანიშნულება გვაქვს.

არ აქვს მნიშვნელობა რომელ ასაკში გახდები მშობელი, მთავარია  გახსოვდეს, რომ შვილს აუცილებელია აჩუქო გონიერება . გონიერება ადამიანს გზას გაუნათებს, რომელიც სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.  შალვა ამონაშვილი ამბობს:ბავშვი მეგობრად უნდა გაზარდო, შვილი რომ გახდეს “.

პატარები მეცნიერები არიან, რომლებსაც ხელში უხილავი, სათვალთვალო ლუპა უჭირავთ. ამ ლუპით ხედავენ იმაზე მეტს ვიდრე მშობელს ჰგონია და ესმით იმაზე მეტი ვიდრე მშობელი თვლის. დედ-მამა მიუხედავად შვილისადმი უდიდესი სიყვარულისა და თავგანწირვის მუდმივი მზაობისა, ხშირად არაცნობიერად აზარალებენ ბავშვებს.  თუ აღმზრდელი აღსაზრდელს  უყვირებს ან თითის ქნევით დაემუქრება, ბავშვი ამას აითვისებს და თვითონაც გაიმეორებს. როგორც მოვექცევით ჩვენს  შვილებს ისე მოექცევიან ისინი გარშემო მყოფ მათზე პატარებს. დროთა განმავლობაში გაიზრდებიან და იგივეს დაუბრუნებენ მშობლებს.  სწორედ ამის გამო ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ  მოვეპყროთ შვილებს როგორც ზრდასრულ, დიდ ადამიანებს. კარგი იქნება, როცა მშობლები გავხდებით შევეგუოთ იმას, რომ ჩვენსა და ბავშვის ურთიერთობას ვუყუროთ გვერდიდან, ამით უფრო მეტს დავინახავთ, რადგან ხომ იცით: ” სხვის ომში ყველა ბრძენია”. გვერდიდან ყველაფერი უფრო აშკარა და ნათელია.

როცა შვილს ესაუბრებით ნუ შეხედავთ ზემოდან, ჩაიცუცქეთ მის წინ და სათქმელი ისე უთხარით. შეასრულეთ მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობები: მოზილეთ ცომი ბავშვის პატარა ხელების დახმარებით,  დაიხმარეთ სახლის(ბაღის) დალაგების აქტივობებში, უყურეთ მათთან ერთად გასართობ საბავშვო გადაცემებს, დახატეთ და ააწყვეთ კუბიკები. წაუკითხეთ ზღაპრები ძილის წინ. არ გაუჯავრდეთ თუ მისმა თანატოლმა მასზე კარგი ნიშანი მიიღო. არ არის საჭირო ამ ძვირფასი ურთიერთობის ნიშანზე დაყვანა, არ შეადარო სხვას და ნუ ატკენ ამით გულს. როდესაც მოწყენილი იქნება ნუ დახუჭავთ ამაზე თვალს და რაოდენ აბსურდულიც არ უნდა იყოს მისი მოწყენის მიზეზი, მიიტანეთ ეს გულთან და გაუწიეთ თანაგრძნობა. აგრძნობინეთ  რომ ის გჭირდებათ და საჭირო ადამიანია. სანამ გაუჯავრდებით და უყვირებთ, თავი წამიერად მის ადგილზე დააყენეთ. ბავშვებს უყვართ ეზოში ცელქობა და თამაში. როცა  ეზოდან მუხლებ გადაქლეშილი,  ატირებული ამოვა მშობელი ბრაზობს. ალბათ, სახლში ათასი საქმე გაქვს გასაკეთბელი და ახლა კიდე ატირებული შვილი დაგემატა მოსავლელი. გინდა უყვირო და დასაჯო ცელქობის გამო.

ბავშვის ადგილზე რომ წარმოვიდგინოთ თავი, ის პატარა და  უმწეოა. ახლა იცნობს სამყაროს. ამ შეცნობის პერიოდს კი ეზოთი იწყებს. ტკივა, მარცხი განიცადა, დაეცა და მშობლის ჩახუტება სჭირდება. ესიამოვნება თუ გაიგებს იმ სიტყვებს რომ ეს ყველას დამართნია, არაუშავს, მალამოს წაისვამს და ისევ გააგრძელებს თამაშს.

გავაკეთოთ ეს ყოველივე ისე, რომ არ დავუგეგმოთ ბავშვებს მომავალი ცხოვრება, კარიერა, საცხოვრებელი ადგილი. გვიყვარდეს ისინი უპირობოდ. ყველა ბავშვშია რაღაც გენიალური, მთავარია მას გამოვლენის საშუალება მივცეთ, არ დავუხშოთ ის და არ მივანიჭოთ ზედმეტი ზრუნვით იარები.

მე საკუთარ თავს და თქვენ  გისურვებთ  ვიყოთ კარგი მშობლები. გვიყვარდეს და ვუყვარდეთ საკუთარ შვილებს უპირობოდ. შევქმნათ ნათელი მომავალი და შემდეგ ყველამ ერთად  ვიამაყოთ ამით.

✔ "ფსიქოლოგიის სახლი" - თანადამფუძნებელი და თავჯდომარე