ნინო კომახიძე – ნარკოდამოკიდებულების შესახებ

0

ნინო კომახიძე –   ფსიქიკური ჯამრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი კამარას ფსიქოლოგი

 რა ფსიქიკურ დაზიანებებს იწვევს ნარკოტიკების მოხმარება და მასზე დამოკიდებულება ?

ნებისმიერმა ნარკოტიკულმა საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობა. ფსიქიკური პრობლემის ფორმა და სიმძიმე დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე- ნარკოტიკის ტიპზე, მომხმარებლის ფსიქო-ემოციურ, ფიზიოლოგიურ განწყობაზე და მოხმარების სტაჟზე. ნარკოტიკული ნივთიერებებისგან  განვითარებული ფსიქიკური აშლილობათა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია- დეპრესია, შფოთვა, ხასიათის ხშირი და მკვეთრი ცვლილებები, აგრეთვე სხვადასხვა სახის ფსიქოზები, რაც ფსიქიკის პათოლოგიურ მდგომარეობას ნიშნავს, რომლის დროსაც ხდება მთელი რიგი პიროვნული ცვლილები და  ადამიანი კარგავს რეალობის აღქმას. გავრცელებულია მითი, რომ ნარკოტიკული საშუალებები მხოლოდ მაშინ იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს, თუ მათი მოხმარება ხდება  ინტენსიური ან ყოველდღიური. სინამდვილეში, ნარკოტიკის ეპიზოდურმა, ან თუნდაც ერთჯერადმა მოხმარებამაც კი შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს  ფსიქიკას და მისცეს ბიძგი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების განვითარებას. ეს  მოცემულობა ვრცელდება თანამედროვე და ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებზეც, რომლებზეც ხშირად არასწორი შთაბეჭდილება არის შექმნილი, რადგან არ არსებობს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეიძლება იყოს უსაფრთხო და არ იწვევდეს რაიმე სახის ფსიქიკურ დაზიანებას.

 მაშინ როდესაც ქვეყანაში დეკრიმინალიზაციის კანონი მივიღეთ რა საფრთხის წინაშე დავდექით და რა ტიპის პრობლემა შეექმნათ მარიხუანის მომხმარებლებს ?

დეკრიმინალიზაციის კანონი პირველად ჩვენთან არ ამოქმედებულა და ის უამრავ ქვეყანაში არსებობს. შესაბამისად, არსებობს გამოცდილება რა ტიპის გართულებები არის მოსალოდნელი მსგავს სიტუაციაში, რაც გვაძლევს საშუალებას,  მაქსიმალურად  დავიჭიროთ თადარიგი ამ რისკების მინიმალიზაციისთვის. საქართველოში დეკრიმინალიზაციის კანონის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმარისი პრევენციული ღონისძიებები  არ ახლდა, რაც თავის მხრივ აუცილებელი პირობაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალური პოლიტიკის გატარების დროს, განსაკუთრებული და რაც მთავარია გაუთვალისწინებელი გართულებები არ მოჰყოლია. გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ ამ კანონის მიღებამდეც საკმაოდ რთული ვითარება იყო ამ მიმართულებით ქვეყანაში, როგორც მარიხუანის მოხმარების, ისე ინფორმირებულობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ნარკოპოლიტიკის დასახვეწად  კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.

შეიძლება თუ არა ნარკომანის განკურნება და არის თუ არა იმის საფრთხე, რომ იგი გამოჯანმრთელების შემდეგ დაუბრუნდება ისევ ნარკოტიკებს?

სამედიცინო კუთხით თუ ვისაუბრებთ, დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში არსებული დაავადებების უმეტესობა ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით, რაც ნიშნავს იმას, რომ მსგავს შემთხვევაში  მკურნალობა გულისხმობს  დაავადების სიმპტომების და გამოვლინებების მართვას და არა სრულ განკურნებას. ადიქციაც ამ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და მისი მკურნალობის მიზანი რემისიაა, ანუ თავშეკავების პერიოდის მიღწევა.

საფრთხე იმისა, რომ გამოფხიზლებული პაციენტი შეიძლება დაუბრუნდეს ნარკოტიკების მოხმარებას საკმაოდ დიდია. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, მომხმარებელმა შეინარჩუნოს ხანგრძლივი,  ცხოვრების ბოლომდე  სიფხიზლის პერიოდი. მედიცინის ენაზე ამ მდგომარეობას მყარ რემისიას უწოდებენ, რაც პრაქტიკულად, ცხოვრებისეული გამოცდილებით გამოჯანმრთელებას ნიშნავს.  შესაბამისად, გავრცელებული მოსაზრება, რომ  ყოფილი ნარკომომხმარებელი არ არსებობს, არის მითი და მეტი არაფერი.

რა რჩევას მისცემდით ასეთ ადამიანს და როგორი გარემო უნდა შეუქმნათ მას იმისათვის, რომ არ დაუბრუნდეს ნარკოტიკებს ?

მიუხედავად იმისა, რომ რჩევები არ არის ფსიქოლოგის საქმე, დამოკიდებულების მქონე პირებს და არ აქვს აზრი ეს დამოკიდებულება რას ეხება-ნარკოტიკს, ალკოჰოლს თუ აზარტულ თამაშებს, ვეტყოდი, რომ თუ გინდათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, ეს შესაძლებელია. მთავარია არ დანებდნენ და არ ჩამოყარონ ხელები. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

გარემოს რაც შეეხება, ეს რათქმაუნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დამოკიდებულების მკურნალობის პროცესში. მკურნალობა ეტაპებისგან შედგება და ყველა ეტაპს შესაბამისი გარემო ესაჭიროება.  იდეალური ვარიანტია საინტერესოდ დაგეგმილი და დატვირთული ფხიზელი გარემო, სადაც  ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, თანადგომა არის აუცილებელი ფაქტორი.

 გქონიათ თუ არა შეხება ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან და თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება ?

 ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან პროფესიული შეხება ბოლო 10 წელია მაქვს, რაც შეეხება გამოცდილებას, თუ ნარკოდამოკიდებულს აქვს სურვილი გამოვიდეს მდგომარეობიდან, მას ესაჭიროება კომპლექსური, ეტაპობრივი მკურნალობა. პირველი ეტაპი ფიზიკური აბსტინენციის, ანუ ფიზიკური “ლომკის ” მოხსნით იწყება. როგორც წესი ეს სტაციონარის პირობებში ხდება, სადაც მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად ჩართულია ფსიქოთერაპიაც. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ იწყება ფსიქორეაბილიტაციის ეტაპი, სადაც დაგეგმილი, სხვადასხვა ფსიქოთერაპიული აქტივობებისგან შემდგარი თერაპიული კურსი ხდება წამყვანი მკურნალობა, პარალელურად გრძელდება მედიკამენტოზური მკურნალობაც. ეს პროცესი  მოიცავს მინიმუმ 3 თვეს. ფსიქორეაბილიტაციის შემდეგ იწყება რესოციალიზაციის ეტაპი, რომელიც პაციენტის სოციუმში დაბრუნებას გულისხმობს.

მოამზადა ეკა მიქაშავიძემ

 

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

დატოვეთ კომენტარი