ირინა ბარკალაია – ცეკვა, როგორც რიტუალი

0

ირინა ბარკალაია – გეშტალტ თერაპევტი, არტ თერაპევტი, იემდიარ პრაქტიკოსი, ქართული ხალხური ცეკვის სახალხო წოდების მოცეკვავე-ქორეოგრაფი

რა არის შიში?

როცა ადამიანს შიში ეუფლება, მასთან გამკლავება საკმაოდ რთულია. ხშირად ხდება, რომ ადამიანი ამ შიშით ცხოვრობს, მთელი ცხოვრება თან ატარებს. ხანდახან საკუთარ თავთანაც კი ვერ აღიარებს, რომ ეშინია. ამის უკან ბევრი მიზეზი იმალება. მაგალითად, ინტროექტის შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ბავშვობიდან ჩადებული აქვს თავში, რომ „შიში სისუსტის ნიშანია“ ან კიდევ, თავს ირწმუნებს „მე არ მეშინია“ მაგრამ „არა“-ს უკან რეალურად სწორედ შიში დგას. არის ასეთი გამონათქვამი „რაც უფრო მეტად გვეშინია, გავურბივართ და ვუარყოფთ რამეს, მით უფრო გვერევა ის“.  ხშირად შიში ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება, ვსწავლობთ მასთან ერთად ცხოვრებას, რითაც ჩვენი ცხოვრების ხარისხი ფუჭდება და განვიცდით მუდმივ შფოთვას, საფრთხის მუდმივ მოლოდინს. ეს მანკიერების წრე ხანდახან გაუსაძლისი ხდება. კონფლიქტში შევდივართ საკუთარ თავთან და  ჩვენი სხეული მუდმივ სტრესსა და დაძაბულობას განიცდის.

რას განიცდის სხეული?

ჩვენს სხეულს გააჩნია მეხსიერება, რაც დაცვითი დაძაბულობის წარმოიქმნის მიზეზი ხდება, რაც გარემოს იმ ცვლილებებსა და უჩვეულო სიტუაციებზე სხეულის ადეკვატურ რეაქციაში გამოიხატება, რომელშიც ადამიანი აღმოჩნდება. შიშის დროს სხეული განიცდის  შებოჭილობას, კუნთების დაძაბულობას, ფიზიკური შეგრძნებები და აზრები  ერთმანეთთან კავშირს კარგავს.  ხშირად მომყავს მარტივად გასაგები მაგალითი, თუ რას განიცდის ადამიანის სხეული მუდმივი სტრესის დროს: ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მოთხოვნილება არის კვება, ასევე მნიშვნელოვანია საკვების მონელება და დეფეკაცია. როცა საკვების მიღების შემდეგ არ ხდება მისი გადამუშავება და დეფეკაცია, ორგანიზმი იწამლება, რაც იწვევს ინტოქსიკაციას და  ჯანმრთელობის არაერთ პრობლემას. ზუსტად იგივე სცენარი ვითარდება უარყოფითი ემოციების დაგროვების შემთხვევაშიც. როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს პრობლემის გაცნობიერებას და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნას, მისი სხეული მუდმივად განიცდის სტრესს; გადაუმუშავებელი საკვების მსგავსად, სტრესი იწვევს ორგანიზმის მოწამლვას.  დაგროვილი უარყოფითი  ემოცია აძლევს სიგნალს სხეულს და შეიძლება მთელი რიგი ფსიქოსომატური დაავადებების მიზეზიც გახდეს,  შფოთვისა და პანიკური შიშის ჩათვლით.  ყოველი სტრესი  და უსიამოვნო ცხოვრებისეული შემთხვევა   ტოვებს კვალს ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაში, ართმევს ენერგიას. ხშირ შემთხვევაში მივმართავთ მედიცინას და ვზრუნავთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მაგრამ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.  მაგალითად, როცა ხვდებით უცნობ გარემოში ან საზოგადოებაში, თქვენი სხეული იძაბება, მოძრაობები მძიმდება და  დისკომფორტს განიცდით იქამდე, სანამ არ გაივლით ადაპტირებას ახალ გარემოში და ფსიქოლოგიურად არ მოდუნდებით.

როგორ ქმნის ფსიქოლოგიური ტრავმა ბლოკს?

ტრავმა ეს არის საფრთხის სიგნალი. ტრავმის მიღების მომენტში თითქოს ვქვავდებით,  სუნთქვა გვიჭირს, მთლიანად „ვიკუმშებით’’. რა საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, საკუთარი თავის გადასარჩენად იმ მომენტში ფაქტიურად „ვკვდებით“ და  როცა ყველაფერი გადაივლის, წესით ჩვენი სხეული უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ ცოცხალ მდგომარეობას, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება – ჩვენ მაინც ვრჩებით შებოჭილები. როგორ შეიძლება გავაცნობიეროთ და დავუკავშიროთ საკუთარი გონება საკუთარ სხეულს?  სხეულსა და გონებას შორის კავშირის დამყარების ერთ-ერთი შესაძლებლობა, ერთ-ერთი საშუალება არის ცეკვა.

რა არის ცეკვა?

შეგვიძლია ცეკვა ყოველდღიურ რიტუალად ვაქციოთ. კაცობრიობის ისტორიას თუ გავაყოლებთ თვალს, ნათლად დავინახავთ, რომ ადამიანმა სხეულის მოძრაობების გამოყენება დაიწყო კომუნიკაციისთვის, რის შედეგადაც შეიქმნა ცეკვა. ცეკვის დროს მოძრაობის შეგრძნება და ჰარმონია შესაძლებლობას  გვაძლევს უკეთ შევიგრძნოთ საკუთარი სხეული, აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ცეკვა მოქმედებს ადამიანზე როგორც ფიზიკური, გონებრივი და ესთეტიკური ქმედებების ერთობლიობა.  როცა ადამიანს სხვაგვარად „ვერბალურად“ არ შეუძლია გრძნობების გამოხატვა, ამ გრძნობების გამოხატვაში სხეულის მეშვეობით, ანუ სხეულის ენაზე, მას ეხმარება ცეკვა. მაგალითად, ინდურ ცეკვას შეუძლია მთლიანი ამბის თხრობა. ლეგენდის თანახმად, ინდოეთში ცეკვა ღმერთმა შივამ შექმნა, რომელშიც შერწყმულია ინდუიზმის სამი უზენაესი ღმერთი, სამყაროს შემოქმედი, ამიტომ ინდურ ცეკვაში ერთმანეთთანაა შერწყმული სიცოცხლის განადგურება და ხელახლა შექმნა.  სხვადასხვა ქვეყნების ცეკვებში აისახება სხვადასხვა, კონკრეტულად ამა თუ იმ ერისათვის დამახასიათებელი ტრადიცია. ამავე დროს, ეს არის  პიროვნების ცხოვრების, კომუნიკაციის, ჰარმონიზაციის ერთ-ერთი გზაც.  ცეკვის მეშვეობით შესაძლებელია უამრავი ემოციის, სიხარულის, სევდის ან გლოვის გამოხატვა. ცეკვა არის ის, რისი მეშვეობითაც შეგიძლია გამოხატო საკუთარი გრძნობა, მოძრაობისა და ჟესტიკულაციის გამოყენებით, გადმოსცე შენი შინაგანი მდგომარეობა.  მნიშვნელობა არ აქვს, ფლობ თუ არა ცეკვის ილეთებს, ილეთებს თვითონ სხეული გიკარნახებს, რასაც გრძნობს, იმას გაგაკეთებინებს.  ცეკვა სხეულის ენაა და მთელი განვლილი ცხოვრებისა და ემოციის გადმოცემა შეუძლია. ხალხური ცეკვა მრავალი საუკუნის ისტორიას ინახავს. მაგალითად, აჭარული ცეკვა ბუნებასთანაა დაკავშირებული: მზის სხივს, ტალღას და ზღვას ასახავს. ფლამენკო უფრო დრამატული ცეკვაა და ქალის გლოვის გადმომცემია; ტანგო-სიყვარულის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ამსახველი ცეკვაა. ცეკვაში გამოხატული მოძრაობების  წყალობით ადამიანი უფრო სიცოცხლისუნარიანი, ენერგიული, ჯანმრთელი ხდება. დაბოლოს, მოძრაობა არის ენერგიის დაგროვება და არა მისი დაკარგვა. ენერგია გროვდება! კაცობრიობის ისტორია არის არა მხოლოდ მოვლენების ქრონოლოგია, არამედ მოძრაობის ისტორიაც გახლავთ.

როგორ შეიძლება  დავეხმარო საკუთარ თავს?

მნიშვნელოვანია მოიწყოთ თქვენთვის სასურველი გარემო, სივრცე. შეგიძლიათ წამოწვეთ, ან დაჯდეთ თქვენთვის კომფორტულ მდგომარეობაში, დახუჭოთ თვალები, მოდუნდეთ, დააკვირდეთ საკუთარ სუნთქვას, დააკვირდეთ თავიდან ბოლომდე საკუთარ სხეულს და მიხვდეთ თუ სხეულის რომელ ნაწილში იმალება  თქვენთვის ყველაზე უსიამოვნო შეგრძნება. აღმოჩენისთანავე წარმოიდგინეთ თუ რას განიცდის სხეულის ეს ნაწილი, რა ემოციასთან გაქვთ საქმე. მაგალითად,  შეიძლება თქვენ ძალიან გიყვართ ცეკვა, მაგრამ არ ცეკვავთ, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს სირცხვილი ან სირცხვილთან დაკავშირებული რაიმე სახის ტრავმა.  შეიძლება იყოს შიში, წყენა ან ბრაზი, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, მაგრამ ვერ ახერხებთ მის გაცნობიერებას და გაშვებას. ამის შემდეგ, როცა აღმოაჩენთ ამ ემოციას, მისი გამოხატვა შეგიძლიათ სპონტანურად, თქვენთვის მისაღები მუსიკის თანხლებით, სხეულის ენაზე, ანუ ცეკვით. შეიძლება თქვენი მოძრაობა აგრესიულიც იყოს. ნუ შეშინდებით, ნუ შეწყვეტთ ცეკვას, მიეცით საშუალება საკუთარ სხეულს დაიხარჯოს იქამდე, სანამ არ იგრძნობთ, რომ უარყოფითი ენერგია ამოიწურა. ისევ მოეშვით, და ისევ წარმოსახვის დახმარებით მოიძიეთ საკუთარ თავში პოზიტიური რესურსი იმ კონკრეტული მომენტისათვის.  შეიძლება ეს იყოს სიყვარული. მიყევით სხეულს, იმოძრავეთ ისე, რომ თქვენი სხეული აყვეს იმას, რასაც გრძნობს თქვენი გონება. ეცადეთ, დაუკავშიროთ თქვენი გონებრივი და სხეულის შეგრძნებები ერთმანეთს. მოძრაობაში იყავით თავისუფალი და დაიხმარეთ ფანტაზია. გაიფერადეთ და გაამდიდრეთ წარმოსახვითი სივრცე.  თუ თავიდან გიჭირთ კონცენტრირება, ეს ნორმალურია. როცა წლების მანძილზე ატარებ უსიამოვნო გრძნობას, მისი დაძლევა თავიდან არც ისე მარტივია. შეგიძლიათ თქვენი პოზიტიური ემოცია რაიმე სიმბოლოდ აქციოთ, მაგალითად ეს იყოს ზღვა. შეგიძლიათ  შეასრულოთ თქვენი წარმოსახვით  ზღვის ცეკვა და მისცეთ თავს საშუალება, რომ ყოველი პოზიტიური განცდა და მოგონება, რაც თქვენთვის ასოცირდება  თქვენს მიერ აღმოჩენილ სიმბოლოსთან, იყოს რესურსული. ეცადეთ გადმოსცეთ ყოველივე ეს სხეულის ენის გამოყენებით ისე, თითქოს ჩვეულებრივ ამბავს ყვებით.  შემდგომ შეინარჩუნეთ ეს რესურსი,  და თუ თქვენს მიერ აღმოჩენილი სიმბოლოს ნახატის სახით გაცოცხლების სურვილი გექნებათ, მისი დახატვა და გაფერადებაც კი შეგიძლიათ. თუ თქვენთვის აღნიშნული პროცესი არ არის მისაღები, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი ცეკვის სტილი, ტანგო,  ვალსი, ქართული ან  სხვა. აარჩიეთ სასურველი მუსიკა  და იცეკვეთ  გრძნობების სისავსით. გაიხადეთ ეს ყოველდღიურ რიტუალად.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ბევრ პოზიტიურ ემოციას.

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81