მოზარდების თვალით დანახული ,,დიდები”

0

ძვირფასო მშობლებო და საზოგადოებავ!
მე მოზარდი ვარ. ზოგჯერ საკუთარ ძალებს ვცდი, გამოუცდელობით ხან კარგად გამომდის და ხან ცუდად. მერე ძალიან განვიცდი. მგონია, რომ ყველაზე ცუდი ვარ. ამის შესახებ ვერავის ვუყვები, რადგან მხარდაჭერის იმედი არა მაქვს. სხვები ეტყობა ჩემზე ყოჩაღები არიან, ყველაფერი კარგად აქვთ, თუმცა შეიძლება მათაც ეშინიათ და უბრალოდ კარგად ნიღბავენ.

ჩემო ძვირფასო მშობლებო, თქვენთვის გამხელისაც მეშინია. სულ გეკამათებით, მაგრამ ყველაზე ძალიან იმის მეშინია რომ იმედები არ გაგიცრუვოთ. თქვენ ხომ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ იდეალური შვილი გყავდეთ, საუკეთესო მომავლით. მე კი ჩვეულებრივი ვარ, ზოგჯერ ცუდიც. შეცდომებით და წინააღმდეგობებით სავსე. ხან ვსულელობ, ხან ვდიდობ და ხან მინდა რომ უბრალოდ, არაფრისთვის გულში ჩამიკრათ და მითხრათ, რომ ყოველთვის გეყვარებით, მხარს დამიჭერთ და არასდროს მკრავთ ხელს, ჭკუასაც დამარიგებთ და ერთად მოვიფიქრებთ გამოსავალს მაშინ, როდესაც წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე. მე იმ მომენტში შეიძლება შეგეპასუხოთ და გითხრათ, რომ მე უკეთ ვიცი ჩემი საქმე. მაგრამ, იმ დღეს თუ არა, ოდესმე აუცილებლად გეტყვით თუ რა მადლიერი ვარ თქვენი, რომ მაშინ თქვენმა სიტყვამ და სითბომ უბრალოდ გადამარჩინა!
ძვირფასო საზოგადოებავ, ძალიან მეშინია მე თქვენი. ყოველთვის მზად ხართ ნებისმიერი შეცდომის გამო ჩაქოლოთ ადამიანი. გაასამართლეთ ლინჩის წესით, ისე რომ არც დაინტერესდეთ ასე რატომ მოიქცა, ან რას განიცდის მაშინ, როდესაც ასე შეუწყნარებლად ლანძღავთ, როგორ უცემს გული!
არადა, ისიც ხომ ადამიანია, ისიც გრძნობს და მასაც ტკივა. ზოგჯერ წარმოვიდგენ, თქვენ რომ იცოდეთ, რეებზე მეფიქრება ალბათ მართლა ჩამქოლავდით. თქვენ ხომ მხოლოდ სწორი ფიქრები გაქვთ.
არადა, ამ ლანძღვის ნაცლად ზოგჯერ ჩვეულებრივი, შეცდომების დამშვები ადამიანების ადგილზე რომ წარმოიდგინოთ თავი და იფიქროთ როგორ დავეხმაროთ ერთმანეთსო უკეთესი არ იქნება ნეტავ? მაშინ მეც აღარ შემეშინდება თქვენი და აგრესიულად აღარ დავიწყებ თავის დაცვას.
მე ასეთი არასდროს გავხდები , თუ გავიზარდე რამეს მოვიფიქრებ ჩემნაირი შეშინებული მოზარდებისთვის სადაც მიიღებენ, მოუსმენენ არ გარიყავენ და ეტყვიან რომ ესეც გაივლის.

ავტორი გიორგი დონაძე

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ ENNEAGRAM Master ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81