ხელოვნების შექმნა საკუთარი მდგომარეობის სიმბოლიზირებით – არტ-თერაპია – სალომე ფანჯიკიძე

0

სალომე ფანჯიკიძეფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრიკამარა“- აღმასრულებელი დირექტორი, ფსიქოთერაპევტი, არტ-თერაპევტი

რა არის არტთერაპია?

არტ-თერაპიის საფუძველი თვითონ ხელოვნებაა. ამ ბაზის გარეშე ვერ იარსებებდა ეს დისციპლინა. არტ-თერაპიის თავდაპირველი გამოყენება დაიწყო არტ-სტუდიებში, სადაც არტისტები აძლევდნენ ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს საშუალებას შეექმნათ ნამუშევრები. მისი გავლენა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა და პაციენტების ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში იმდენად დიდ როლს თამაშობდა, რომ ის მოექცა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრების ფსიქოლოგების ყურადღების ცენტრში და ასე დაიწყო მისი, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის  განვითარება და ჩამოყალიბება.

რა გავლენას ახდენს ადამიანზე?

არტ-თერაპია ეყრდნობა ორ განზომილებას – ერთი არის ხელოვნების შექმნა- პიროვნების მიერ საკუთარი მდგომარეობის  სიმბოლიზირება, ხოლო მეორე კი, ნამუშევრის დანახვა/აღქმა. ექსპრესიული ხელოვნება საშუალებას გვაძლევს ვნახოთ პიროვნების ეგოს ფუნქციონირება და ასევე მოვახდინოთ ცვლილებები მასში. როდესაც ეგოს ვახსენებთ, ალბათ უმრავლესობისთვის გასაგებიც არის, რომ ის ფროიდიანული და იუნგიანური სწავლებიდან მოდის და შესაბამისად არტ-თერაპიაც დიდ წილად ეფუძნება პიროვნების არაცნობიერ ნაწილზე მუშაობას.

რა შემთხვევაში მიმართავენ არტთერაპიას და რაში მდგომარეობს მისი წარმატება?

არტ-თერაპიის გამოყენება თავდაპირველად დაიწყეს ქრონიკული ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ ინსტიტუციებში. თანდათანობით თერაპიის სპექტრი გაფართოვდა სხვა აშლილობებთან და მენტალურ მდგომარეობებთან მიმართებაშიც – ომის ვეტერანებთან პოსტ-ტრავმული სტრესის დროს, ნარკოდამოკიდებულებთან, ბავშვებთან და ა.შ. დღეს კი, არტ-თერაპია გამოიყენება ფაქტიურად, ყველა სახის მდგომარეობასთან, იქნება ეს მძიმე ფსიქიკური დარღვევა,  სტრესი და გადაღლა, ნევროზული მდგომარეობები, თუ ბავშვობის ტრავმები. ის უნიკალური მეთოდია და თანაბრად კარგად მუშაობს ყველა მდგომარეობაზე.  არტ-თერაპია ამსუბუქებს ქრონიკული მდგომარებების მიმდინარეობას და სრულებით შველის სხვა სპექტრის მდგომარეობებს.

ამ რთული ვითარების დროს, როცა ყველა სახლში ვართ ეს ბევრისთვის დამთრგუნველიარას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, როგორ მოიხსნან დაძაბულობა სახლის პირობებში და როგორ გაიმარტივონ იზოლაციის პერიოდი?

იზოლაცია უმეტესობა ჩვენგანისთვის საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა. არა იმიტომ, რომ სახლში ყოფნაა რთული, არამედ იმ ცხოვრებასთან გამომშვიდობება, რომელიც მნიშვნელოვანი საკითხებით იყო დატვირთული. ჩვენ ჩაგვეშალა საქმე, გადაგვედო სადღაც წასვლა, ჩაგვეშალა გეგმა, რომლისთვისაც დიდხანს ვემზადებოდით. ეს კი წარმოქმნის სევდიანობის საბაბს, ერთგვარ გამოტირების მდგომარეობას, რომელსაც თან ახლავს შფოთვა გაურკვეველი მომავლის მიმართ. ამ ბუნებრივ პროცესს ჩვენ ვერ გავექცევით, თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევამსუბუქოთ მისი ზემოქმედება ჩვენზე და დავაბალანსოთ ის სხვა რამეზე კონცენტრირებით, რომელიც მოგვიტანს დაკმაყოფილებას, მნიშვნელობის განცდას, სასიამოვნო შეგრძნებებს და ა.შ. ერთ-ერთი საშუალება, არის ჩვენს შიგნით დაგროვილი შფოთვის, უსიამოვნო შეგრძნებების, ზოგჯერ კი აგრესიის, გამოტანა გარეთ და არა საკუთარ თავში დაკავება. გირჩევთ ამ პერიოდში ხშირად გამოიყენოთ ექსპრესიული მეთოდები, როგორიცაა წერა, ხატვა, თქვენი თავის გამოხატვის ნებისმიერი სხვა მეთოდი, რომელიც თქვენში დაკავებულ ემოციებს გამოიტანს გარეთ და აღარ შეგაწუხებთ.

 

მოამზადა ნინი ხურცილავამ

 

✔ "ფსიქოლოგიის სახლი" - თანადამფუძნებელი და თავჯდომარე