ანა არველაძე – პირველი ნაბიჯები

0

ანა არველაძე – NLP ოსტატი, ლონდონის ნლპ სკოლის პრაქტიკოსი, EMDR თერაპევტი, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრანტი

ძალიან გამიმართლა, რადგან სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ქოუჩის შვილობის პატივი მხვდა წილად. მამა იყო პიროვნება, რომელსაც შეეძლო ადამიანებს შინაგანი რესურსების პოვნაში დახმარებოდა და ამ საოცარი თვისებით მათ ცხოვრებას უკეთესობისაკენ ცვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის, საკმაოდ პატარა ვიყავი იმისათვის, რომ მამარდაშვილის, უზნაძის, ფროიდის და იუნგის შესახებ ისტორიები მომესმინა და პარალელურად, ეს ისტორიები ჩემთვის საინტერესო ყოფილიყო, მან ეს მოახერხა დაუჯერებელი ოსტატობით. მასწავლიდა „ჯადოსნურ“ და „საიდუმლო“ სავარჯიშოებს გონების სამართავად, მეხსიერების გასაუმჯობესებლად. მწვრთნიდა ემოციების ამოცნობაში, მართვაში და მარწმუნებდა, რომ გონებას შეეძლო სასწაულების მოხდენა. საკმაოდ ახალგაზრდა გადაცხოვრდა ზეციურ სამყაროში და ალბათ ამიტომ ჩქარობდა, განსაკუთრებული საუნჯე დაეტოვებინა ჩვენთვის-შექმნა უამრავი ხელნაწერი წარმატების ფსიქოლოგიის და მოტივაციის მიმართულებით. იგი იყო ექიმი, რომელსაც შეეძლო არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულის მკურნალობა და ჩემი პიროვნების ფორმირების პროცესში, იმდენად ორგანული გახდა ადამიანების მოტივაციის პროცესის ყურება, რომ დაბადებიდან მინდოდა ფსიქოლოგობა.

არაერთი პროფესია გამოვცადე მანამ, სანამ პირადად მომიწევდა ფსიქოლოგიასთან და ადამიანის ცნობიერებასთან შეხება. მუდმივად ვეძებდი სფეროს, სადაც საკუთარი შესაძლებლობების და სურვილების რეალიზებას შევძლებდი. ნიჭიერთა ათწლედის და კონსერვატორიის დამთავრების მიუხედავად, ციფრების სიყვარულმა ბიზნესის მართვის მიმართულებით გადამაწყვეტინა სწავლის გაგრძელება და პარალელურად ვმუშაობდი ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ საქართველოს ბანკში, სოლო ბანკირის პოზიციაზე. იქ მუშაობის პროცესში გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც იყო დღესასწაული. მახსოვს, საოცარი ქალბატონი, ნინო ჭანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელსაც გავუზიარე ახალი საინტერესო პროფესიის აღმოჩენის სურვილი და მისგან გავიგე პირველად ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების შესახებ. ასევე სოლოში მუშაობის დროს გავიცანი საოცარი პიროვნება, ადამიანი ენციკლოპედია, ბატონი აკაკი მისაბიშვილი და ის როგორც უდიდესი პროფესიონალი ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების დარგში მამაჩემის შემდეგ გახდა ჩემი მთავარი მოტივატორი, ამ მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება აღმოჩნდა ჩემთვის იმ ჯადოსნური სავარჯიშოების, „ჯადოქრობების“ და საიდუმლოებების ნაკრები, რაზეც მამა ბავშვობიდან მესაუბრებოდა და ბედნიერებაა, რომ ვიპოვე ჩემთვის უძვირფასესი პროფესია. ნლპ მიმართულებით სწავლის პატივი მხვდა წილად ლეგენდარულ მადიტა დისკჰუტთან , საქართველოში ნლპ-ს პირველ ქურუმთან – მანანა ჯორჯიაშვილთან და ლონდონის ნლპ სკოლის დამფუძნებელთან, რობი სტენჰაუზთან. ყველა ეტაპის გავლის შემდეგ გამიჩნდა სურვილი ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის და სწავლა განვაგრძე სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით, ამჟამად ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი.

ფსიქოთერაპია ჩემთვის არის ერთი ადამიანისათვის მეორეს მნიშვნელობის ბრწყინვალე დასტური. ეს არის 2 ადამიანის გულწრფელი და ღვთაებრივი ურთიერთობა-იგრძნო, როგორ განდობს ადამიანი საკუთარ პირად ცხოვრებას მთელი სიცხადით და როგორ სჯერა იმის, რომ შენ გაუგებ, წარმოუდგენლად დიდი მადლია. ფსიქოთერაპიის პროცესზე ხვდები სიტყვა „მოყვასის“ მნიშვნელობას და გეძლევა წარმოუდგენელი შესაძლებლობა, გახდე სულის მკურნალი.
ჩემთვის კარგი ფსიქოთერაპევტი ნიშნავს იმას რომ, მე ღრმად უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ რაოდენ უცნაური ისტორიის მონაწილე ან შემოქმედიც არ უნდა ვიყო, ის, ვისაც გავანდობ საკუთარ გამოცდილებას , მომისმენს და გამიგებს. აუცილებელია მან ყოველგვარი სუბიექტური შეხედულება გადადოს გვერდით და გახდეს ის შუქურა, რომელიც დამეხმარება ვიპოვო გამოსავალი, მან არ უნდა იპოვოს ჩემს ნაცვლად, არამედ უნდა დამეხმაროს თავად დავინახო სინათლე.

ფსიქოთერაპევტი აუცილებლად უნდა იყოს ემპათი, შეეძლოს თანაგრძნობა და ამავდროულად შეძლოს მოვლენების ობიექტურად შეფასება. უნდა ჰქონდეს დაუოკებელი სურვილი და სწრაფვა ადამიანების დახმარების, უნდა შეეძლოს იმპროვიზაცია, რადგან იმდენად ცოცხალი პროცესია ფსიქოთერაპია, ხშირად ტექნიკებს შორის იმპროვიზაცია საუკეთესო შესაძლებლობაა სიტუაციის უკეთესობისაკენ შესაცვლელად და რაც მთავარია, უნდა სჯეროდეს სასწაულების, რადგან სწორედ სასწაულია ყოველი შეხვედრა და მეორე ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაში თანამონაწილეობის მადლი.
კარგი ფსიქოთერაპევტის მთავარი მოტივაციაა ადამიანების ცხოვრების უკეთესობისაკენ ცვლილებაში თანამონაწილეობა, არ არსებობს იმაზე დიდი მადლი, როდესაც ხედავ, როგორ ხდება ადამიანი, რომელმაც შენ აგირჩია თანამგზავრად და მესაიდუმლედ, დღითი დღე უკეთესი, თავისუფლდება განსჯისაგან, წყენებისაგან, უიმედობისაგან და მის ცვლილებასთან ერთად საოცრად იცვლება გარემო მის ირგვლივ და ხშირად, სამყაროც კი. ვირჯინია სატირი ამის კარგი მაგალითია. ის არის ოჯახური ფსიქოთერაპიის ლეგენდა. საბედნიეროდ, შემორჩენილია მისი სესიების ვიდეო ჩანაწერები და გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე ნაშრომები აქვს საოჯახო ფსიქოთერაპიის მიმართულებით და მისი ექსპერიმენტები ხშირად გვხვდება სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მიმართულებებში, ერთი დიდი სიამოვნებაა მისი, როგორც ემპათიით და რწმენით გაჟღენთილი პიროვნების ხილვა. იგი იმდენად დიდი სიყვარულით და თანაგრძნობით მუშაობს ყველა იმ ადამიანთან, ვისაც გაუმართლა და მასთან შეხვედრის პატივი ხვდა წილად, რომ შეუძლებელია არ ირწმუნო ფსიქოთერაპიის უსაზღვრო შესაძლებლობების. მას ღრმად სწამდა, რომ ყველა ადამიანში დევს ტრანსფორმაციის ფენომენალური უნარი და თითოეულ მათგანს შეუძლია ამ შესაძლებლობის საჭირო დროს და ადგილზე გამოყენება. ჩემთვის ის გამორჩეულია მისი ჰუმანურობით, სინაზით, ემპათიით და რწმენით.

✔ NLP ოსტატი ✔ ლონდონის ნლპ სკოლის პრაქტიკოსი ✔ EMDR თერაპევტი ? 595331636