სხეული, რომელიც საუბრობს

0

“მე არ ვუსმენ მხოლოდ სიტყვებს, მე ვუყურებ შენს სახეს და თვალებს, ვაკვირდები შენი სხეულის ენას, ხმის ტონს და ტემბრს, ვუსმენ და ვიმახსოვრებ სიტყვებს, რომლებსაც ამბობ და რომლებსაც არ ამბობ. ჩემს ახსნა-განმარტებას ვაძლევ შენს სიჩუმეს და რაც ყველაზე მთავარია, მე ვხედავ და ვკითხულობ ავტობიოგრაფიას, რომელიც შენს სხეულზე და სახეზე წერია… ”

იცოდე სხეულის ენა, ნიშნავს შეგეძლოს კითხვა სტრიქონებს შორის. სხეულის აგებულებით, მისი ნაწილების მოძრაობით, სახის მიმიკებით, მოყვანილობით, სხეულის პოზით, თვალებით და ჟესტებით შესაძლებელია წავიკითხოთ ადამიანის ფიქრები, აზრები, ემოციები და გრძნობები. სხეულის ენა ეს არის არავერბალური კომუნიკაცია, ანუ კომუნიკაცია სიტყვების გარეშე. ეს არის პროცესი, უსიტყვო შეტყობინებების გაგზავნის და მიღების. ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის საშუალებით, ჩვენ ერთმანეთთან ყოველდღიურად ვამყარებთ კავშირს. ადამიანის ტვინი პირველივე წამებიდან ქმნის საკუთარ აზრს თანამოსაუბრეზე. იქამდე სანამ გავიცნობთ ერთმანეთს, ტვინი აკეთებს წინასწარ დასკვნებს, ცდილობს რა შეაფასოს ადამიანი, გამოიცნოს მისი ქცევა და წინასწარ განსაზღვროს, როგორი რეაგირება მოახდინოს მასზე. ემოციების გამოხატვის მხრივ, ადამიანის სხეულის ყველაზე “მაღალგანვითარებული” ნაწილი მისი სახეა. ზოგიერთი ინდივიდისთვის იმდენად ჩვეულია ესა თუ ის ემოცია, რომ მისი სახის კუნთები ერთგვარად აფიქსირებს მას. ამის მიზეზი იმ კუნთების ჰიპერტროფიაა (ზომაში გაზრდა), რომლებიც მონაწილეობას იღებენ ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციის გამოსახვაში.

ადამიანის სახისთვის დამახასიათებელია შვიდი ემოცია:

უკმაყოფილება-
გამოიხატება ტუჩის ცალი მხრის მაღლა აწევით. იგი შეიძლება იყოს როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს და ტოვებს ირიბი ღიმილის შთაბეჭდილებას.

სიხარული-
არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ემოცია და მისი მახასიათებელია ღიმილი. ღიმილი იყოფა ორ ნაწილად, პირველი-ტუჩის უბრალო მოძრაობაა, რომლის დროსაც მისი კუთხეები ზევით იწევა, რაც მარტივი გასაკონტროლებელია და მარტივად შეიძლება იგი ცრუ იყოს. ცრუ ღიმილის ამოსაცნობად საჭირაო დავაკვირდეთ ლოყებს და თვალის გარშემო ადგილს. თუ ლოყები ზევითაა აწეული და თვალების გარშემო ჩნდება ნაოჭი, მაშინ ეს ღიმილი გულწრფელია. ცნობილია ფაქტი იმის შესახებ,რომ უარყოფითი ემოციების გამოსახატად საჭიროა სახის 17 მიმიკური კუნთის დაძაბვა, გულწრფელი ღიმილი კი სულ რამდენიმე კუნთის ძალისხმევას მოითხოვს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო ნაკლები კუნთია ჩართული მიმიკის გამოხატვაში, მით მეტია შანსი ნაოჭების ნაადრევად განვითარების.

ზიზღი-
ამ დროს ცხვირი, წარბები და ტუჩები მიემართება წარბებს შორის წერტილისკენ. მაგრამ ფარულ ზიზღს შეიძლება არ ახასიათებდეს ყველა ეს მოძრაობა და შესაძლებელია დაფიქსირდეს მხოლოდ ტუჩის ზევით აწევა ან წარბების ერთმანეთთან მიახლოება(ფარული ზიზღი).

გაოცება-
მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წამს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ხეხლოვნურია. გაოცებისას წარბები იწევს ზემოთ, რაც თვალის გარშემო სივრცის გაფართოებას იწვევს.

მოწყენა-
ტუჩის კუთხეების დახრა, ქუთუთოების მოდუნება და ირიბი წარბები მიანიშნებს, რომ ადამიანი სევდიანია.

ბრაზი-
შეკრული წარბები, წინ წამოწეული და გამოკვეთილი ქვედა ტუჩი.

შიში-
ამ დროს ადამიანის წარბები ზევითაა აწეული და ერთმანეთთან მიახლოებული. წარბებთან ერთად იწევა თვალის ზედა ქუთუთოც. შიშის დროს შესაძლებელია მისი დაფარვის მიზნით სახეზე აღიბეჭდოს ღიმილი, მაგრამ ზემოთ მიმართული და მიახლოებული წარბები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

პიროვნული ტერიტორია პირობითად 4 ზონად იყოფა:
ინტიმური ზონა – 20-40 სანტიმეტრი. ამ ზონას პიროვნება განსაკუთრებით უფრთხილდება და იცავს; ზონის „საზღვრების გადალახვა“ ნებადართულია მხოლოდ პიროვნებასთან მჭიდრო ემოციურ სიახლოვეში მყოფი ადამიანებისთვის. ინტიმური ზონა ორი მიზეზით ირღვევა: მასში ან ძალიან ახლობელი ადამიანი აღწევს, ან ის, ვისაც მტრული განზრახვა ამოძრავებს. თუკი ადამიანი შედარებით იოლად ურიგდება პირად ან სოციალურ ზონაში უცხო ადამიანის შემოჭრას, ინტიმური ზონის გადალახვა მასში სრულ „საბრძოლო მზაობას“ იწვევს. გულისცემა ხშირდება, სისხლში იმატებს ადრენალინი, რომელიც შემდეგ თავის ტვინისა და კუნთებისკენ მიიმართება. პირადი ზონა – 40 სანტიმეტრიდან 1, 2 მეტრამდე. ეს არის ის დისტანცია, რომლის დაცვაც მიღებულია ოფიციალურ ღონისძიებებზე, წვეულებებზე, მეგობრების შეხვედრისას; სოციალური ზონა – 1, 2 მეტრიდან 3, 6 მეტრამდე. ეს მანძილი გვიკავია უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას. საზოგადოებრივი ზონა – 3, 6 მეტრზე მეტი. ასეთი მანძილი მოსახერხებელია ადამიანების დიდ ჯგუფთან საუბრისას.

როგორც ავღნიშნეთ, სხეულის ენა არის არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი სახე. სხეულის ენას შეუძლია იმოქმედოს ჩვენს სასარგებლოდ და ასევე ჩვენს საწინააღმდეგოდ. საკუთარი სხეულის მართვა ადამიანს დიდ უპირატესობას ანიჭებს. სხეულის ენაში კარგად ჩახედული ადამიანები ასევე ფლობენ იმის უნარს, რომ უკეთ აღიქვან არავერბალურ კომუნიკაციაში ჩადებული კოდები და სწორად შეაფასონ გარშემომყოფთა რეაქციები, რაც მათ საშუალებას მისცემს, თავისთვის სასურველი მიმდინარეობა მისცენ მოვლენებს. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე შეცდომა, რომლებიც ხელს გვიშლიან ვიყოთ წარმატებულნი, ზუსტად განვსაზღვროთ და ვაკონტროლოთ მოვლენები. ესენია:

გადამეტებული ჟესტიკულაცია-
ჟესტების ზედმეტად ხშირად გამოყენება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მოსაუბრე ცრუობს. კომუნიკაციის არავერბალური საშუალებების ზომიერად გამოყენება კი ხაზს უსვამს მოსაუბრის თავდაჯერებულობასა და ლიდერის თვისებებს.

წელში მოხრილად ჯდომა-
უპატივცემულობას გამოხატავს და ნიშნავს, რომ თქვენ ისე მოიწყინეთ, კონკრეტულ ადგილას ყოფნის სურვილი აღარ გაქვთ. ბუნებრივია, უფროსს არასდროს ეტყვით ფრაზას – „ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოგისმინო“ – მაგრამ თუ თქვენ მის წინაშე წელში მოხრილი დასხდებით, ამ ფრაზას თქვენი სხეული იტყვის, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით.

საათის ხშირად შემოწმება-
როდესაც საუბრის დროს საათზე იყურებით, ეს უპატივცემულობას გამოხატავს, ხოლო მოსაუბრეს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მასთან საუბარზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ და მოუთმენლად ელოდებით, როდის მოვა თქვენი წასვლის დრო

სხვა ადამიანებისაგან განცალკევებით დგომა-
თუ თქვენ თავს არიდებთ და ცალკე დგებით იმ ადამიანებისგან, რომელთა კამპანიაშიც იმყოფებით, ან არ მონაწილეობთ საუბრის პროცესში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არაკომუნიკაბელური, უინტერესო და არაკომფორტული ადამიანი ბრძანდებით. უნდა ეცადოთ, რომ დადგეთ იმ ადამიანის პირისპირ, რომელიც საუბრობს და თავის მოძრაობებით მიანიშნოთ, რომ უსმენთ და დაინტერესებული ბრძანდებით მისი საუბრით. ასეთ დროს მოსაუბრეს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ მას ყურადღებით უსმენთ.

გადაჯვარედინებული მკლავები-
ასევე ფეხის ფეხზე გადადება ქმნის ბარიერს კომუნიკაციის პროცესში, ვინაიდან ეს ჟესტი მიუთითებს იმას, რომ თქვენ არ ბრძანდებით გახსნილი საუბრის პროცესში.

შეუსაბამობა თქვენს სიტყვებსა და გამოხატვის არავერბალურ ფორმებს შორის –
ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, თითქოს, მათ ატყუებთ. მაგალითად, ხელოვნური და ნერვული ღიმილი მაშინ, როდესაც მოლაპარაკების პროცესში რაიმე შეთავაზებაზე უარს ამბობთ.

გადამეტებული თავის დაკვრა –
როდესაც საუბრის პროცესში ზედმეტად ხშირად უკრავთ თავს მოსაუბრეს და ეთანხმებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ამ ჟესტს იმის ხაზგასასმელად იყენებთ, რომ საუბრის შინაარსი კარგად გაიგეთ მაშინ, როდესაც თქვენთვის სრულიად გაუგებარია, რას ამბობს თანამოსაუბრე.

მოუსვენრობა –
ასევე საკუთარ თმაზე ხელის ხშირად შეხება ნიშნავს, რომ თქვენ ნერვიულობთ, მოზღვავებულ ენერგიას გრძნობთ და დაბნეული ბრძანდებით. ეს თანამოსაუბრეს უხერხულობას უქმნის და კომუნიკაციის სურვილს უკარგავს.

თვალებით კონტაქტისგან თავის არიდება –
ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცას მალავთ. თვალებით ზომიერად კონტაქტი ხაზს უსვამს თქვენს თავდაჯერებულობასა და ინტერესს. საუბრის დროს დაბლა ყურება არათავდაჯერებულ პიროვნებად წარმოგაჩენთ და თქვენი სიტყვები გავლენას ვერ მოახდენს მოსაუბრეზე.

ინტენსიური თვალებით კონატაქტი –
შესაძლოა, ეს აგრესიის მიმანიშნებლად აღიქვან ან ხაზი გაესვას, რომ თქვენ დომინანტის როლის მორგება გსურთ. საშუალოდ, თვალებით კონტაქტს 7-დან 10 წამამდე ინარჩუნებენ. თვალებით კონტაქტი უფრო მეტხანს გრძელდება მსმენელებთან, ვიდრე მოსაუბრეებთან.

მუშტების შეკვრა –
გადაჯვარედინებული მკლავების მსგავსად, ხაზს უსვამს, რომ თქვენ არ ბრძანდებით მზად ღია ურთიერთობებისათვის. ეს ჟესტი თავდაცვით პოზიციასაც ნიშნავს, რაც ადამიანებს თქვენთან კომუნიკაციის სურვილს დაუკარგავს.

ძალიან ახლოს დგომა –
თუ მოსაუბრესთან ძალიან ახლოს დგახართ, ნიშნავს, რომ მის პირად სივრცეს არღვევთ და არ სცემთ პატივს.

და ბოლოს, ყოველთვის იყავით პოზიტიურად განწყობილნი, ბევრი იცინეთ, შეეჯიბრეთ მხოლოდ საკუთარ თავს, გაეცით ბევრი სიყვარული და აკეთეთ ის რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ და გიყვართ.

მოამზადა ელენე ჯამბაზიშვილმა