“ფსიქიკის გამოცდა” – ნერვული აშლილობა

0

ლიკა წერეთელი – ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი

ზოგადად რა არის ნერვული აშლილობა?რა იწვევს მას?

ნერვული აშლილობა ძალზე ფართო ცნებაა და ფსიქონევროლოგიურ დაავადებათა მთელ ჯგუფს აერთიანებს, სადაც როგორც დეპრესიები და ნევროზები, ასევე ფსიქოსომატური ტიპის დარღვევები შედის. გამომწვევი მიზეზები ბევრია და უნდა გითხრათ, რომ აქ რისკ–ჯგუფების ფართო სპექტრთან  გვაქვს საქმე. ასე მაგალითად, ე.წ. „ვორკაჰოლიკები“ და ფრიადოსნები“, ანუ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები. ეს ის კატეგორიაა, რომელიც ძალზე მაღალ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს, შესაბამისად, ბევრს შრომობს და იღლება; შემდეგ ეს არიან დაბალი თვითშფასებისა და შფოთის მაღალი დონის მქონე ადამიანები, რომელთაც ჯერ არ მომხდარ ამბებზე ნერვიულობა ახასიათებთ, ანუ, მომავალში არიან გაჭრილები და, ასევე, მუდმივად „ჭამენ“ საკუთარ თავს წარსულში დაშვებული შეცდომების გამო. აქვე უნდა მოვიხსენიოთ ადამიანები, რომლებსაც ურთიერთობების პრობლემები აქვთ სამსახურშიც, შინაც და მეგობრებთანაც. ასევე აღსანიშნავია, იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით ან ცოტა ხნის წინ უკვე ჰქონდათ – ეს ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდაა ადამიანის ფსიქიკისთვის და განსაკუთრებით ხისტი ფსიქიკური ჩარჩოების მქონე ადამიანებისთვის, რომელთაც ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა უჭირთ. და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს ბიოლოგიური ფაქტორიც: ადიქტები, ანუ ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერებების აქტიურად მომხმარებელი ადამიანები; ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ნერვული დაავადებები მემკვიდრეობით ერგო და ადამიანები მძიმე პათოლოგიებით, როგორიცაა მაგ. ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლისა და ონკოლოგიური დაავადებები.

რა სიმპტომები ახასიათებს მას? და არის თუ არა შემთხვევბი იმას რომ ნერვული აშლილობა ხშირად სხვა დაავადებებში ერევათ და ეს უფრო მეტად სტრესავს ადამიანს?

საქმე ისაა, რომ ნერვულ აშლილობებში სხვადასხვა დაავადებები შედის თავისი სიმპტომატიკით. ეს არის მაგალითად, ნევრასთენია; შფოთვითი, პანიკური თუ დეპრესიული აშლილობები; ვეგეტო–სისხლძარღვოვანი დისტონია. აქ ალბათ, უფრო უპრიანი იქნებოდა გვესაუბრა ნერვული სისტემის დარღვევების ზოგად სიმპტომებზე, როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, გაღიზიანება, უძილობა, შფოთვა, აკვიატებული აზრები, ასევე მეხსიერებისა და კონცენტრციის უნარის მკვეთრი დაქვეითება. რას მივაქციოთ ყურადღება: არის ისეთი მკვეთრი თანმდევი ნიშნები, რომლებიც თვალში საცემია და საშუალებას გვაძლევს, დროულად შევამჩნიოთ ისინი, მაგ.: თავის ტკივილი და წნევის ხტუნვა, საჭმლის მომნელებელი სისტემის გარკვეული ცვლილებები, მადის დაქვეითება, გახშირებული გულისცემა, ქოშინი. აქ ჩემი რჩევა იქნებოდა, არაფრის შეგეშინდეთ და უკვე არსებულ მდგომარეობას ახალი შფოთი არ დაუმატოთ. პირიქით, აქ მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი შეაქოთ იმისთვის, რომ გარკვეული სიმპტომები დაიჭირეთ, ეს თვითდაჯერებულობას შეგმატებთ და რაღაც გაგებით, საერთო მდგომარეობაზეც კი დადებითად აირეკლება. შემდეგ რაღაც ხანი დააკვირდებით საკუთარ თავს და სიმპტომატიკის სიმძიმის მიხედვით გადაწყვეტთ, რა მოიმოქმედოთ.

რამდენად გავრცელებულია იგი საზოგადოებაში?

ძალზე გავრცელებულია და არც არის გასაკვირი, თუკი ჩვენს თანამედროვეობას გავითვალისწინებთ, სადაც ადამიანი ქრონიკული სტრსის ქვეშაა. აქ არ უნდა გაკვიკვირდეს, რომ მსგავსი აშლილობები პრაქტიკულად ჩვეულებრივი ამბავი ხდება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.

როგორია სტატისტიკა,ძირითადად ქალბატონებს აწუხებთ ეს პრობლემა თუ მამაკაცებს?

რთულია ამის თქმა, მეეჭვება ზუსტი სტატისტიკა არსებობდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ როგორც მოგახსენეთ, ნევროზები იმდენად გავრცელებულია და უკვე ლამის ყოველდღიურობად ქცეული, რომ უამრავი ადამიანი საკუთარი ძალებით ცდილობს სიტუაციასთან გამკლავებას. მე ასე ვიტყოდი, რომ, სავარაუდოდ,  რაღაც მნიშვნელოვანი სხვაობა გენდერებს შორის აქ არ უნდა იყოს.

როგორ შეიძლება ვუმკრუნალოთ მას ?

როგორც გეშტალტთერაპევტი, ვიტყვი, რომ ფსიქოთერაპია შესანიშნავი გზაა. მძიმე სიმპტომატიკისა და გაუსაძლისი მდგომარეობის დროს, ბუნებრივია, ექიმს უნდა მიმართოთ. თუმცა, თუკი შედარებით მსუბუქი სიმპტომატიკის პირობებში გადაწყვეტთ, რომ საკუთარი ძალებით გაუმკლავდეთ, იდეალური იქნება სამ ფრონტზე მოქმედება: ერთი მხრივ, ფიზიკური დატვირთვისთვის თუნდაც მცირე დროის გამოყოფა . არაა საჭირო ოლიმპიური რეკორდების დამყარება, – შესაძლებლობა გაქვთ თქვენი პირადი მიდრეკიების მიხედვით განსაზღვროთ, რა იქნებ ეს – უბრალოდ გამამხნევებელი ვარჯიში, აერობიკა თუ  აღმოსავლური ვარჯიშები, თუნდაც, „ხუთი ტიბეტური მარგალიტი“. ამ შესაძლებლობებს ინტერნეტი გვთავაზობს. მეორეს მხრივ, საჭიროა შინაგანი ძალების გააქტიურება რელაქსაცია–ვიზუალიზაციების მეშვეობით. აქაც არაა აუცილებელი საათობით მედიტაციაში განსვლა. დღეს ინსტერნეტ სივრცე ყველა ფორმატის, მათ შორის, მოკლე მედიტაციების არჩევანსაც გვთავაზობს. დაიმახსოვრეთ, რომ აქ იმდენად ხანგრძლივობა არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც რეგულარულობა, ანუ ყოველდღიურობა. თუმცა, არც გამოტოვებული დღისა შეგეშინდეთ, ამისათვის თავი არ დაისაჯოთ, მიიღეთ, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც ყველას შეიძლება (და ხანდახან უნდა დაემართის კიდეც) და უბრალოდ გააგრძელეთ შემდეგ დღეს. ასევე მიაქციეთ ყურადღება კვებას. ვიცი, რომ რთულია ჩვენი ჩვეული ცხოვრების რიტმში, მაგრამ აქ უნდა შეეცადოთ უბრალოდ, რომ მთელი დღე მშიერი არ იყოთ, ხშირად და ცოტა მიირთვათ. თუმცა, სწორედ ახლა, სახლის პირობებში ყოველივე ამის გაკეთების უკეთესი შესაძლებლობაა. არ მოეშვათ, შეეცადეთ თქვენი ცხოვრება რამე ზოგად რეჟიმს მაინც დაუქვემდებაროთ. ისევ და ისევ ვამბობ, რომ დაციკლვა არაფერზეა საჭირო, უბრალოდ ზოგადი კონტროლი არმოშვების მიზნით.

დღეს საზოგადეობა შიშმა მოიცვა და ვფიქრობ აღნიშნული პრობლემა ბევრს აქვს, ქალბატონო ლიკა, რას ურჩევდით ჩვენს მკითველს ? როგორ მოიქცნენ ისე რომ ამ ეტაპამდე არ მივიდნენ ?

როგორც უკვე მოგახსენეთ, შიში და პანიკა აქ უსაფუძვლოა, რადგანაც აღნიშნული პრობლემები მეტ–ნაკლები ინტენსიურობით თითქმის ყველას აღგვენიშნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა ვაკეთოთ. ფაქტობრივად, მოხსენიებული აქტივობები შეიძლება პროფილაქტიკის მიზნითაც შესრულდეს. ისინი იმდენად მარტივი და ხელმისაწვდომია, რომ უპრობლემოდ შეგიძლიათ სცადოთ და შედარებით მსუბუქი სიმპტომების პირობებში მდგომრეობის გაუმჯობესებასაც დააფიქსირებთ. გარდა ამისა, გადართეთ ყურადღება თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობაზე, ხოლო პრობლემებზე წინასწარ ნუ ინერვიულებთ, რადგანაც არავინ იცის, რეალურად ეს პრობლემები დაგიდგებათ თუ არა და ნერვიულობა კი შეგჩებათ. შესანიშნავ იუმორისტულ გამონათქვამს წავაწყდი ამას წინათ: „ნერვული უჯრედები არ აღდგება და ცხიმოვანი კიდევ– არ იშლება!“ ასე რომ გაუფრთხილდით ნერვებსა და ფიგურას!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

მოამზადა: სალომე ეფრემიძემ

 

✔ "ფსიქოლოგიის სახლი" - თანადამფუძნებელი და თავჯდომარე