როგორ ნარჩუნდება წყვილთა შორის ურთიერთობა – ალფრედ ლენგლეს ლექცია

0

ცნობილი ავსტრიელი ფსიქოთერაპევტი, ეგზისტენციალური ანალიზის წარმომადგენელი ალფრედ ლენგლე – სიყვარულის, მარტოობის და ურთიერთობებში ბედნიერების შესახებ

მინდა განვიხილო ისეთი თემები, როგორიცაა ადამიანი, ურთიერთობა, სწრაფვა ურთიერთობებისკენ და გარკვეული ურთიერთკავშირები.

I

ნებისმიერი ადამიანი – ეს პიროვნებაა, პერსონალურობა, Person. ამ ხარისხში ადამიანი დგას, როგორც ორ ფეხზე – ერთი მხრივ, არის საკუთარ თავში და მეორე მხრივ – ინტერნაციონალურად მიმართულია სხვის ან სხვებისკენ. Person-ის დონეზე ჩვენ ღია ვართ სამყაროსთვის (ეს შელერის მოსაზრებაა), ისევე როგორც პარტნიორისთვის ურთიერთობაში. ამგვარად, ადამიანს არ შეუძლია იყოს მხოლოდ თავის თავთამ, მარტო საკუთარ თავს ეყრდნობოდეს. მეორის გარეშე მე არ ვარ, უფრო ზუსტად კი: მე არ შემიძლია ვიყო მე სხვის გარეშე. ზრდასრული ადამიანის დონეზე მე არ შემიძლია ვიყო მთლიანი მეორის გარეშე. ამ ანთროპოლოგიური ფაქტისთვის ფრანკლმმა შემოიტანა თვითტრანსცენციის გაგება.

მაგრამ რამდენადაც არ უნდა ვსაჭიროებდეთ სხვას, იგი ვერ შეძლებს გააკეთოს ჩვენთვის ყველაფერი. მეორე ადამიანი  ვერ შეგვცვლის, ვერ წარმოგვადგენს ჩვენ. ყოველი ადამიანი Person -ის ხარისხში თავად უნდა ფლობდეს და ატარებდეს საკუთარ ცხოვრებას, პოულობდეს თავის თავს, შეეძლოს საკუთარ თავთან კავშირი. მასთან ერთად კარგად ყოფნა და საუბარი, დიალოგში ყოფნა სხვის გარეშეც კი. ადამიანს უნდა შეეძლოს მარტო ყოფნა, სხვების გარეშე.

ამგვარად, Person-ის შემთხვევაში მე მიეკუთვნება როგორც ჩემ შინაგან სამყაროს, ასევე სხვის სამყაროს, გარეგანს. ამიტომაც ადამიანი თავიდანვე იმყოფება ორმაგ ვითარებაში. და აქ იწყება წყვილების პრობლემები – რადგან მე თვითონ უკვე ერთგვარი წყვილი ვარ, ჩემს ურთიერთობებში შინ და გარეთ. მე ჩემში ვაერთებ ამ ორ პოლუსს: ინტიმურობას და სამყაროსადმი ღიაობას. ეს ფუნდამენტური გაორება ჩადებულია ადამიანის არსში.

განზოგადებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს შეუძლია იყოს მეორე ადამიანთან ან სხვა ხალხთან, მაგრამ მას არ შეუძლია იყოს მხოლოდ სხვებთან. მან უნდა შეძლოს შემოსაზღვრა და იყოს საკუთარი თავიც. ეს ტიპური ნიადაგია ზეწოლისა, რომელშიც იმყოფება წყვილი ურთიერთობისას: ეგოიზმი და მიძღვნა, დაშორება, თავის დაკარგვა სხვაში. როცა სხვასთან ურთიერთობა იწყება, თავს იჩენს ეს საფრთხეებიც. საკუთარ თავთან ურთიერთობის დროსაც არსებობს მსგავსი საშიშროება იმიტომ, რომ თუკი ჩემს თავში გარკვევა და ჩემი თავის შენარჩუნება, ჩემს თავად ყოფნა არ შემიძლია; თუ მყარად არ ვდგავარ ფეხზე, მაშინ ვცდილობ სხვასთან დაკავშირებას. მაშინ თითქოს სხვამ უნდა შემიცვალოს ის, რის რეალიზებაც საკუთარი თავისთვის არ შემიძლია.

მხოლოდ საკუთარ თავად ყოფნის შესაძლებლობას შეუძლია წარმოქმნას ერთობლივად ყოფნა. ამგვარად, ეგზისტენციალური თერაპიის მუშაობა წყვილთან ჰგავს მუშაობას ცალკე ადამიანთან. ადამიანი, მისი არსება ისეა მოწყობილი, რომ მიდრეკილია სხვა ადამიანთან ურთიერთობისკენ. მე ვთვლი, რომ არ ღირს, წყვილების პრობლემას მივუდგეთ მხოლოდ სისტემური თვალსაზრისით. სისტემური მიდგომა იძლევა ძალიან ღირებულ ხედვას, მაგრამ აუცილებელია პერსონალურად დაკვირვება თითოეულ ადამიანზე. წყვილის საფუძველი – წყვილში თოთოეული ადამიანის პერსონალურობა.

II

რა არის წყვილი? წყვილი – ისეთი რამ არის, როცა ერთი მეორეს ეკუთვნის. ორნი – ეს ჯერ კიდევ არ არის წყვილი. მაგალითად, ფეხსაცმლის წყვილი ერთმანეთს ეკუთვნის, ორივე ფეხსაცმელი ერთად ქმნის მთლიანობას. ეს ნიშნავს, რომ მე თუ მაქვს ორი ფეხსაცმელი, მაგრამ ორივე მარცხენა, მაშინ ეს აღარ იქნება წყვილი. ადამიანების წყვილით იქმნება – ჩვენ. მაგრამ უბრალოდ ორი ადამიანი არ წარმოადგენს ჩვენ-ს. თუ ამ ჩვენ-ს ერთ-ერთი აკლია, მეორე ამას გრძნობს: „მე ის მაკლია“. ჩვენ-ს აქვს რაღაც საერთო. წყვილს, რომელიც ერთად ატარებს ცხოვრებას, როგორც წესი, აქვს ემოციური ურთიერთობა – ჩვენ ამ ურთიერთობას სიყვარულს ვუწოდებთ. და მხოლოდ იმის განცდის შემდეგ, რომ მე სხვა ადამიანიდან გამომდინარე ვაშენებ საკუთარ თავს ერთ მთლიანობამდე, ვხდები სრულფასოვანი, ჩნდება განცდის ახალი ხარისხი. ხოლო თუკი ასეთი ადამიანი არ არსებობს, რაღაც გვაკლია. ამგვარად, წყვილი – ეს უფრო მეტია, ვიდრე ორი პირის ჯამი.

ჩემი ინდივიდუალურობა წყვილში ნაწილობრივ იკარგება და წყვილში არსებობით მე მიჩნდება დამატებითი ღირებულებები. მარჯვენა ფეხსაცმელი იძენს დამატებით ღირებულებას მარცხენა ფეხსაცმლის დამსახურებით. როგორც ორი ადამიანის წყვილია ერთმანეთთან დაკავშირებული და აღიქვამენ თავს გარკვეული გაერთიანების შემადგენელ ნაწილებად: მე შენი მეშვეობით ვიღებ ისეთ რაღაცას, რაც მხოლოდ მე არ გამაჩნია.

III

როგორ არიან ადამიანები წყვილში ერთმანეთთან დაკავშირებულნი? აქ უნდა დავასახელოთ ორი სახის კავშირი: ურთიერთობა და შეხვედრა.

რა არის ურთიერთობა? ეს არის გარკვეულწილად მუდმივი ურთიერთ ქმედების ფორმა. ანუ ადამიანი რაღაცნაირად შეესაბამება მეორე ადამიანს, გამუდმებით მხედველობის არეალში ჰყავს. მაგალითად, თუ მე ვინმეს ვხედავ, არ შემიძლია ამას ხელი შევუშალო – ის უბრალოდ მდებარეობს ჩემი თვალთახედვის არეალში. ამგვარად, თუ ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, მაშინ მათ არ შეუძლიათ არ ჩაერთონ ურთიერთობაში. აქ არის გარკვეულწილად იძულებითი მომენტი. იმ დროს, როდესაც ჩემ წინ დგას სხვა ადამიანი, მე შევიგრძნობ ამას განსხვავებულად, ვიდრე მაშინ, როცა წინ არავინ არ დგას. მე გამუდმებით რაღაცას მივესადაგები, მე გამუდმებით სამყაროში ვარ. ამიტომ ურთიერთობ – გრძელდება, ეს ხანგრძლივი მოვლენაა და მასში მოქცეულია გამოცდილების სრული მთლიანობა, რომელიც ჩვენ შევიძინეთ ცხოვრების განმავლობაში.

და იქ სამუდამოდ ინახება. ამიტომ, როდესაც წყვილი მიდის თერაპიაზე და ცოლი ამბობს: „გახსოვს, ჯერ კიდევ ოცდაათი წლის წინ ძლიერ მაწყენინე?“ მაშინ, როცა ქმარს არაფერი ახსოვს, ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობა – ეს კონტეინერია, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთზე დევს და ყველაფერი შენახულია, არაფერი იკარგება. ბუნებრივია, რომ იქ გარკვეული ახალი გამოცდილებაც ემატება, რომელსაც შეუძლია შეცვალოს გამოცდილების სრული შემადგენლობა.

შეხვედრა – ეს კავშირის სხვა ფორმაა, რომელშიც ჩართულები არიან წყვილები. თუ ურთიერთობები ტრიალებს კოგნიტური და ემოციური მდგომარეობის ირგვლივ, მაშინ შეხვედრა – პერსონალურია. რა არის შეხვედრა? მე ვხვდები შენ-ს და შენ ხვდები მე-ს. ეს ორი პოლუსი ერთმანეთს უკავშირდება არა ხაზის, არამედ ველის მეშვეობით (იმით, რაც არის ჩვენს „შორის“). ეს ველი არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მე და შენ მართლაც ხვდებიან. თუ ისინი ერთმანეთს არ ემთხვევა, არ რეზონირებენ, მაშინ ეს ველი ინგრევა და შეხვედრა არ ხორციელდება. ამიტომ შეხვედრა შეიძლება გინდოდეს, ამისკენ მიისწრაფვოდე, მასთან დაკავშირებით იღებდე გადაწყვეტილებებს. პუნქტუალური შეხვედრა – ის ხდება ამ მომენტში.

გახანგრძლივებული ურთიერთობები საჭიროებს, რომ ხდებოდეს შეხვედრები. თუკი შეხვედრები ხორციელდება, მაშინ ურთიერთობები იცვლება. შეხვედრების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ურთიერთობებზე. თუ შეხვედრები არ იმართება, ურთიერთობები ხდება ავტომატური და ადამიანი გრძნობს, რომ ის თითქოს „მექანიკურია“ – იმიტომ, რომ ფსიქოდინამიკას აფერხებს ავტომატიზმები, ხოლო ჩვენ ხდება ფუნქციური, საგნობრივი და არა პერსონალური.

ბუნებრივია, რომ ყოველი წყვილის ცხოვრებაში არის ერთიც და მეორეც: ურთიერთობაც და შეხვედრებიც. ორივე აუცილებელია. მაგრამ ურთიერთობები ცოცხლობენ შეხვედრების დამსახურებით.

IV

როგორი სტრუქტურა აქვს ურთიერთობას წყვილში? თუ განვიხილავთ წყვილის ურთიერთობას ეგზისტენციალურად, მაშინ აღმოვაჩენთ ფუნდამენტურ სტრუქტურას, რომელიც გვაძლევს საფუძველს წყვილის თერაპიისათვის.

ნებისმიერი წყვილის ურთიერთობაში თითოეულ ადამიანს აქვს მოთხოვნილება, სურვილი, მოტივაცია „შეძლოს ამ ურთიერთობებში ყოფნა“. ეს პირველი ფუნდამენტური მოტივაციაა. მე მინდა იქ ვიყო, სადაც შენ იქნები. მაგალითად, მინდა შენთან ერთად ვიცხოვრო. ან ერთად წავიდეთ სადმე. მინდა შენთან ერთად ვიყო, რადგან შენ მაძლევ ამ ურთიერთობებში ყოფნის სურვილს. შენთან ერთად ყოფნა შემიძლია. შენ მიცავ, საყრდენი ხარ, შენ მზად ხარ დამეხმარო ან შენ მაძლევ, მაგალითად, სიცოცხლისათვის მატერიალურ საფუძველს, სახლს. შემიძლია გენდო, რადგანაც ჩემი ერთგული ხარ, სანდო ხარ.

წყვილებს შორის ურთიერთობის მეორე ფუნდამენტური მოტივაცია. ამ ადამიანთან ერთად მინდა ვიცხოვრო. აქ მე შევიგრძნობ სიცოცხლეს. ეს ადამიანი ჩემს სულს ეხება. მასთან თბილად ვარ. მინდა შენთან ერთად განვიცადო ურთიერთობა, მინდა შენთან ერთად გავატარო დროს. შენი სიახლოვე ჩემთვის სასურველია, ის მე მაცოცხლებს. მე ვგრძნობ შენს მომხიბვლელობას, შენ მე მიზიდავ. და ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, რომლებსაც ვიზიარებთ: მაგალითად, სპორტი, მუსიკა ან რამე სხვა.

წყვილში არსებობის მესამე განზომილება.

ამ ადამიანთან ერთად მე მაქვს უფლება ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. უფრო მეტიც, მასთან ერთად უფრო თვითმყოფადი ვხდები, ვიდრე ამ ურთიერთობის გარეშე – არა მხოლოდ ის ვარ, ვინც ვარ, არამედ ის, ვინც შემიძლია ვიყო. ანუ შენით მე უფრო თავისთავადი ვხდები. ვგრძნობ საკუთარ თავს შენგან დანახულად და შეცნობილად. მე ვგრძნობ პატივისცემას. შენ სერიოზულად აღმიქვამ და ჩემდამი სამართლიანი ხარ. ვხედავ, რომ მიმიღე, რომ მე შენთვის უპირობო ღირებულება ვარ. თუმცა, შეიძლება არ ეთანხმებოდე ყველა ჩემს აზრს და ქმედებას, მაგრამ სწორედ ის, თუ როგორიც ვარ, შენთვის შესაბამისია, შენ ამას იღებ.

და მეოთხე – ეს საერთო აზრია.

ჩვენ ერთად გვინდა ავაშენოთ სამყარო, გავიზიაროთ რაღაც ღირებულებები, გავაკეთოთ რამე მომავლისთვის. გვინდა მუშაობა საკუთარ თავზე ან სამყაროში ისეთ რამეზე, რაც ჩვენი ურთიერთობის მიღმაა – მაგრამ ესეც გვაკავშირებს.

როდესაც ოთხივე სტრუქტურა წესრიგშია – ეს იდეალური ფორმაა ურთიერთქმედებისთვის, რადგანაც ამ ურთიერთობებში შესაძლოა განცდილი იყოს ეგზისტენციის ყველა საბაზო საფუძველი. აქ ჩვენ გადავდივართ პრაქტიკულ დონეზე.

V

მაინც რა ანარჩუნებს წყვილს ერთად? ჩვენ შეგვიძლია განზოგადებულად ვთქვათ, რომ  ოთხიდან ყოველი საბაზო მოტივაცია ამყოფებს წყვილს ერთად.

პირველი  დონე – რამდენიმე პრაქტიკული მხარე, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, მშვიდად იცხოვროს. მაგალითად, ჩვენ საერთო ბინა გვაქვს – სად წავიდე? წყვილების მეოთხედი ან შეიძლება მეტიც ცხოვრობს ერთად სწორედ ზემოხსენებული მიზეზის გამო. არანაირი რომანტიკა და პერსონალურობა. რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ წასასვლელი არსაითაა. არის საერთო ფული, შრომითი გადანაწილება. ერთად შეგვიძლია წავიდეთ შვებულებაში, მაგრამ ცალ-ცალკე არ გამოდის.

მეორე დონე – სითბო, რომელიც მე შემიძლია განვიცადო სხვასთან ერთად, ასევე სინაზე, სექსუალურობა. ხდება ხოლმე, ერთმანეთისთვის სათქმელიც თითქოს არაფერია, მაგრამ ეს ყოველივე ფუნქციონირებს.

მესამე – პერსონალური დონე. მე მარტო არ ვარ, როდესაც სახლში ვბრუნდები, იქ ადამიანი მხვდება და არა მხოლოდ კატა.

და მეოთხე – ჩვენ გვაქვს საერთო პროექტი, საერთო მიზანი სამყაროში და ამიტომაც გონივრულია, ერთად დავრჩეთ. ყველაზე ხშირად ამგვარი პროექტის როლში ბავშვები გვევლინებიან, სანამ ისინი პატარები არიან. ან, მაგალითად, საერთო კომპანია.

ეგზისტენციის ეს ოთხი სტრუქტურა – როგორც წებო, რომელიც ორ ნაწილს ერთმანეთს აწებებს. არსებობს საკმაოდ ცნობილი, სახელგანთქმული კვლევა წყვილების პრობლემების შესახებ, რომელიც ჩაატარა ჰოულმანმა, ავტორმა წიგნისა „ემოციური ინტელექტი“. ეს კვლევა ამტკიცებს იმას, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ. ჰოულმანი იყენებს ოდნავ განსხვავებულ ფორმულირებებს, მაგრამ საერთო ჯამში იდეები მსგავსია. მან გამოიკვლია ათასი წყვილი და აღმოაჩინა შემდეგი: ოთხი წლის განმავლობაში გაეყარა ან დაშორდა ყველა წყვილი, რომელთა ურთიერთობებშიც იყო შემდეგი ოთხი სიმპტომი (ესენია – ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი უმაღლესი ეგზისტენციის გამოუყენებლობა).

მოკლედ, შეიძლება 93%-იანი სიზუსტით ვივარაუდოთ, რომ წყვილები დაშორდებიან, თუ:

  • ერთ-ერთი მეწყვილე თავდაცვით პოზიციას იკავებს. ეგზისტენციალურ-ანალიტიკურ ენაზე ეს ნიშნავს, რომ ისინი იმყოფებიან პირველი ფუნდამენტური მოტივაციის წნეხის ქვეშ: ის ეძებს დაცვას. ეს პოზიცია აცარიელებს ურთიერთობებს.
  • უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთი პარტნიორი გამუდმებით აკრიტიკებს მეორეს. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებული აუფასურებს მეორე პარტნიორს. და ამ მეორეს ებადება განცდა: ის მე ვერ მხედავს, მე არ შემიძლია მასთან ყოფნა. ეს მესამე ფუნდამენტური მოტივაციაა და ნაწილობრივ პირველიც.
  • ეს ასპექტი თამაშობს ცენტრალურ როლს. თუ არსებობს უპატივცემულობა ან ორმხრივი გაუფასურება, მაშინ წყვილი გაშორდება ერთმანეთს. ეს ნიშნავს საკუთარი ღირებულების დაშლის განცდას. ადამიანი გრძნობს, რომ მას ვერ ხედავენ. ურთიერთობაში პერსონალურობა არ ჩნდება.
  • არსებობს ჩაკეტილობა. თუკი წყვილში ერთ-ერთი ჩაკეტილია, მაშინ არ არსებობს მოვლენების საერთო გადალახვა, საზრისის განცდა.

ასეთ წყვილებს – მაშინაც კი, თუ თერაპიაზე დადიან – ყველაზე ცუდი შანსი აქვთ ურთიერთობის შენარჩუნებისთვის. მათ არ შეუძლიათ ერთმანეთთან იპოვონ პერსონალური ურთიერთობები. ასეთ წყვილებში მკაფიოდ გამოიხატება უუნარობა პერსონალური ურთიერთობების კუთხით, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთ პარტნიორში. და მეორესაც არ შეუძლია ეს მის მაგივრად გააკეთოს, შეავსოს ის. ასეთ ადამიანს არ შეუძლია ხანგრძლივი ურთიერთობა, მას კიდევ სჭირდება მომწიფება, განვითარება. საჭიროა იმუშაოს მის პრობლემებსა და ტრავმებზე.

ჰოულმანმა ყოველივე ეს ვიდეოზე გადაიღო. ამ ვიდეოებში, უკვე საუბრის პირველი 15 წუთიდან, არა ვერბალური კომუნიკაციის მიხედვით შეიძლება მოვახდინოთ კონსტატირება, თუ როგორი პროგნოზი გააჩნია ამ წყვილს. მაგალითად, ისეთ პოზაში სხედან, რომ ერთმანეთს თვალებში არ უყურებენ. ან აკეთებენ დამამცირებელ ჟესტებს. მიმიკა და ჟესტიკულაცია – ეს ყველაზე სწრაფი კომუნიკაციაა. საერთო ჯამში რომ ვთქვათ, თერაპიაში ძალიან იშვიათად ხდება მიღწევა პროგნოზირების ისეთი ხარისხის, როგორც ზემოხსენებულ კვლევებშია.

VI

რა აკავებს წყვილს ერთად? ოთხივე ფუნდამენტალური მოტივაცია, განსაკუთრებით კი მესამე. თუ საუბარი არ არის ფუნქციურ ურთიერთობებზე, მეორე პარტნიორის პატივისცემა, მიღება, მისი ღირებულების შეგრძნება – ეს ფუნდამენტური წინაპირობაა. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდის, თუ მე შემიძლია ვიყო თვითმყოფადი, და არ ვიყო მეორე პარტნიორზე დამოკიდებული დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების ხარჯზე. კარგ ურთიერთობაში წყვილში ერთმანეთს ხვდება ორი დამოუკიდებელი ადამიანი, რომლებსაც არ სჭირდებათ ერთი მეორეში, რომლებშიც ყოველ მათგანს შეუძლია იცხოვროს ერთმაც, მეორეს გარეშე. მაგრამ ისინი გრძნობენ იმას, რომ ერთად უკეთესად, საუცხოოდ არიან.  თუკი მეორე ნახევართან ვარ, მე ვვითარდები. განვიცდი სიხარულს, როცა ვხედავ, შენ როგორ იხსნები, იფურჩქნები.

ამგვარად, ურთიერთობებში წყვილებს ამაგრებს უმეტესწილად პერსონალური ურთიერთობები – პატივისცემა, საერთო ინტერესი, რომ მეორე მხედავს და აღმიქვამს, რომ მე შემიძლია ამ ადამიანთან ერთად უფრო მეტად ვიყო მე.

რამდენიმე კითხვა ურთიერთობის გასაგებად. რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობებში? თუკი მაქვს ურთიერთობა, შემიძლია საკუთარ თავს ვკითხო, რა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ ურთიერთობაში? რა მინდა ურთიერთობებში? რას ვისურვებდი, რას შევიგრძნობ ისე, როგორც იმას, რაც მიზიდავს, მითრევს? რა არის მნიშვნელოვანი ჩემი პარტნიორისთვის? ოდესმე ჩვენ ამის შესახებ გვისაუბრია? ან, შეიძლება, მე მაქვს ურთიერთობაში ჩართვის შიში? რამდენად დიდია ჩემში ეს პირველყოფილი შიში, მოლოდინის შიში? რა არის ჩემთვის ყველაზე საშინელი ამ ურთიერთობაში? მამაკაცური შიში – ვიყო შთანთქმული, ქალური შიში – ვიყო გამოყენებული. შიში იმისა, რომ მას „ბოროტად გამოიყენებენ“.

როგორი წარმოდგენა მაქვს ურთიერთობების შესახებ? უნდა იყოს თუ არა ოჯახში განსაზღვრული როლები: ქმარს – ერთი, ცოლს – მეორე? რამდენად ახლობლური, გახსნილი უნდა იყოს ურთიერთობები? რამხელა თავისუფლება გვინდა მივანიჭოთ ერთმანეთს? რომელი მოთხოვნილება მაქვს უფრო მძაფრად გამოხატული – შერწყმა თუ ავტონომია? რამდენად უნდა იყოს ეს ურთიერთობები პარტნიორული, დიალოგური ან იქნებ იერარქიული ურთიერთობები გაცილებით უკეთესია – რადგან ასეთ შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა?

VII

ურთიერთობები სტაბილურდება სიყვარულის მეშვეობით. სიყვარული – ეს ყველაზე ძლიერი ფაქტორია, რომელიც ადამიანებს ერთად ამყოფებს. სიყვარულს მეორე ნაწილისთვის კარგი უნდა. მოსიყვარულე ინტერესდება, რა გაინტერესებს, ვინ ხარ შენ. შეყვარებულს სურს იცხოვროს მეორე ნახევრისთვის, შენთვის და დაიჭიროს შენი მხარე, შენს დასაცავად.

თუ კი გავაანალიზებთ მოთხოვნილებებს სიყვარულში, მაშინ იქ აღმოვაჩენთ იგივე საბაზო ეგზისტენციალურ სტრუქტურას. ჩვენ გვჭირდება დაცვა და საყრდენი, გვაქვს სიახლოვის, ყურადღების, პატივისცემის, იმ საერთო მოცემულობის მოთხოვნილება, სადაც შეიძლება გაიხსნა. თუ ეს ეგზისტენციალური მოთხოვნილებები არ სრულდება, ირევა ფსიქოდინამიკა და წარმოიქმნება პრობლემები.

მოთხოვნილებები – ეს დიდი პრობლემაა წყვილების თერაპიაში. მოთხოვნილებები – ეს საგრძნობი დეფიციტებია, რომლებიც ატარებენ სასიცოცხლო მნიშვნელობას. ისინი, თითქოს აღსავსენი არიან ფსიქოდინამიკური სასიცოცხლო ძალებით, ისინი დეპერსონალურები არიან. წყვილის პრობლემა არასდროს არის პერსონალური. იმიტომ, რომ პერსონალური არის სწორედ ის, რასაც განკურნება მოაქვს. პრობლემა – ეს დეპერსონალიზაცია, ანონიმიზაციაა.

მოთხოვნილებები ეგოისტურია და ნებისმიერი ფსიქოდინამიკა ეგოისტურია, ამაშია მისი ხარისხობრივი განსხვავება. მაგალითად, სიყვარულის, აღიარების, პატივისცემის, დაკმაყოფილებულობის მოთხოვნილება ისწრაფვის, რომ ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის სხვა გამოიყენოს. და მეორე ნახევარიც ამას ამჩნევს, ის გრძნობს, რომ რაღაც ისე ვერ არის, რომ თავს კარგად არ გრძნობს ამ ურთიერთობაში და იდეალური პარტნიორიც კი იწყებს თავდაცვას ასეთ ურთიერთობებში. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მეორე მხარესაც აქვს დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები. ამგვარად, წარმოიქმნება მყარი პატერნები, რომლებიც იკვებება ამ ფსიქოდინამიკით.

ამგვარად, პერსონალურობა იწევს მეორე ფლანგზე, ხოლო პირველზე ფუნქციონალური გამოდის. ურთიერთობა ხდება სარგებლის მომცემი, ორივე პარტნიორი იწყებს მეორის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. ბუნებრივია, გარკვეულ ზღვრამდე ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ და შევასრულოთ სხვისი მოთხოვნილებები. თუ ადამიანი ამ ფუნდამენტურ მოტივაციაში საკმაოდ მყარია, მაშინ მას შეუძლია ეს მოთხოვნილება გარკვეულ დონემდე დააკმაყოფილოს.

თერაპიის ერთ-ერთი საკითხის სახით ჩვენ განვიხილავთ იმას, რომ წყვილი ეხმარება ერთმანეთს იმ დეფიციტების დაკმაყოფილებაში, რომელიც თითოეულ მათგანს გააჩნია. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ გამოდის, როცა ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხზე ვისაუბროთ და დიალოგში განვიხილოთ. რადგანაც თუკი ეს ფსიქოდინამიკა განხორციელდება თავისთავად, ავტომატურად, მაშინ ის დეპერსონალიზებას მოახდენს, ღირსებას დაამცირებს. ადამიანმა არ უნდა დაუშვას, რომ ის გამოიყენონ. სიყვარულშიც კი მან არავის უნდა მისცეს უფლება, რომ გამოიყენონ.

 

VIII

როგორ ხორციელდება წყვილების კონსულტირება? განვიხილოთ მარტივი მოდელი. კონსულტაციაში საუბარი მიდის იმაზე, რომ მოიხსნას კონფლიქტის სიმძიმე. ეს პროცესი შედგება 4 ნაბიჯისგან.

პირველი ნაბიჯი – ტვირთისგან განთავისუფლება: ჩვენ ვხსნით ტვირთს კონკრეტულ სიტუაციაში, რომელშიც ახლა იმყოფება წყვილი. პირველი ფუნდამენტური მოტივაციის შესაბამისად, ჩვენ განვიხილავთ საქმის ვითარებას: რა არის? ამ დონეზე ჯერ კიდევ არ ვეხებით ურთიერთობის პრობლემებს. მაგრამ თუ დავრჩებით უშუალოდ ფაქტების ნიადაგზე, რის გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს ახლა, რათა შეიმსუბუქონ არსებული სიტუაციის სიმძიმე? წყვილს სურს განიცადოს სასწაული, მაგრამ მათ უნდა ისწავლონ დანახვა, თუ როგორია შემდეგი ნაბიჯი და არ დააყენონ ყველაფერი ფუნდამენტური კუთხით კითხვის ნიშნის ქვეშ. ხედვის ასეთი სიფხიზლე იწვევს გარკვეულ შემსუბუქებას.

და მაშინ ვდგამთ მეორე ნაბიჯს – ვქმნით ფუნდამენტს. ჩვენ ერთად ვუყურებთ, ამ მომენტისთვის რა საერთო მიზნები აქვთ ამ ადამიანებს. ვარკვევთ, თუ რა წვლილი შეიტანა ამ საერთო მიზანში თითოეულმა მათგანმა და რისთვისაა მზად თითოეული.

მესამე ნაბიჯი – ურთიერთობის განვითარება. მოვლა ან ამოქმედება იმისა, რაც სიყვარულის ღირსია, იმისა, რის ნიადაგზეც შეიძლება აღმოცენდეს სიყვარული. ის, რაც მე სხვაში შემიძლია მიყვარდეს – ეს არის ამ ურთიერთობების გარკვეული რესურსი. ჩვენ ვმუშაობთ რესურსზე. რას ვხედავ სხვაში, რაც არის ჩემი სიყვარულის ღირსი? რა შემიძლია თავად გავაკეთო, რომ ვიყო ღირსი შენი სიყვარულის?

და მეოთხე ნაბიჯი – უფრო სიღრმისეული პრობლემების განხილვა: მიყენებული წყენის, გარკვეული სისუსტეების, შეუძლებლობის.

 

IX

დავასახელებ წყვილების თერაპიის ცენტრალურ ელემენტებს.

1) თერაპევტის პოზიცია, მისი დადგენილება. თერაპევტი როგორღაც ორივე მხარეს ეკუთვნის, თანაბარი ხარისხით, მას არ აქვს უფლება საკუთარ თავში აამოქმედოს ფარული სიმპათია წყვილის რომელიმე წევრის მიმართ. ეს პოზიცია საკმაოდ რთულია. მნიშვნელოვანია, თავად წყვილი ხედავდეს, რომ თერაპევტი სწორედ რომ ორივეს მხარესაა. ამგვარად, თერაპევტის ძირითადი პოზიციაა – მე ვარ დიალოგში, როგორც შუამავალი. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ წყვილს შორის დიალოგის შექმნას, რადგან დიალოგი – ეს გამკურნებელი მომენტია.

თერაპევტმა მყისიერად უნდა მოახდინოს რეაგირება, თუ წყვილი ჩხუბს იწყებს. ის ამბობს: ასე შეგიძლიათ სახლში მოიქცეთ, აქ ამის ადგილი არ არის. თერაპია მაშინვე იშლება, თუკი თერაპევტი მათ ჩხუბის საშუალებას აძლევს. შეიძლება დავუშვათ გამონაკლისი, მაგრამ არა უმეტეს 1-2 წუთისა, რათა შემდეგ დავბრუნდეთ და გავაანალიზოთ, რაც მოხდა.

2) ფენომენოლოგიური თვალსაზრისი. როგორც ფენომენოლოგი, ჩვენ ვუყურებთ წყვილს და საკუთარ თავს ვეკითხებით: რისთვის იბრძვის თითოეული? რისგან იტანჯებიან? რატომ ვერ ახერხებს ეს ორი ადამიანი პრობლემის გადაჭრას, რაშია მიზეზი? მაგალითად, თუ აღმოჩენილი იქნება თავდაცვითი პოზიცია და წყვილი მხოლოდ პრეტენზიებს უყენებს ერთმანეთს, ამის უკან შეიძლება იდგეს იმედგაცრუება აუსრულებელი მოლოდინების გამო. აუცილებელია აღმოვაჩინოთ და გავარკვიოთ მოლოდინი: რამდენად რეალისტურია, რამდენადაა ადამიანი მზად, რომ აკეთოს ის, რასაც სხვისგან მოელის? მოლოდინი – ეს სურვილია. ეგზისტენციალურ ანალიზში ჩვენ სურვილს ნებად გარდავქმნით.

3) დიალოგის განვითარება. ეს არის ბირთვი ან გული წყვილის ეგზისტენციალურ-ანალიტიკური თერაპიისა. მას გააჩნია ორი წინაპირობა: ერთი იმ ადამიანის, რომელიც მზად არის თქვას, რაც მას ადარდებს და მეორეს იმის, ვინც მზად არის, ეს მოისმინოს. დიალოგი იწყება მოსმენით. თერაპევტი სთავაზობს წყვილს, სათითაოდ აღწერონ საკუთარი პრობლემა. მეორემ უნდა მოუსმინოს: ეს ყოველთვის არ არის იოლი, მაგრამ მან მაინც უნდა მოუსმინოს. შემდეგ მომსმენს ვთხოვთ, გაიმეოროს ის, რაც თქვა პირველმა. მერე კი ვშლით ამ ყოველივეს და მომდევნო ნაბიჯის სახით შემოგვყავს ემპათია – ის, რასაც ვუწოდებთ თვითტრანსცენდენციას. ჩვენ ვეკითხებით: როგორ ფიქრობთ, სინამდვილეში, რა პრობლემა აქვს თქვენთან თქვენს პარტნიორს? აქ მოითხოვება მისი აღქმა სხვისი თვალით (მე თითქოს სხვა ადამიანის თვალებით ვხედავ საკუთარ თავს და ამგვარი კითხვის დასმისას, ადამიანი იწყებს განსჯას და საუბარს). ამგვარად ჩვენ ვცდილობთ, ავაშენოთ დიალოგი თერაპიის მხარდაჭერით. თერაპევტი მოცემულ შემთხვევაში – არის შუამავალი და ხიდების ამგები.

4) ურთიერთობის მოტივაციები. წყვილი სვამს კითხვას: რატომ ვართ ერთად? რა იყო პირველი მოტივაცია, როდესაც დავიწყეთ ურთიერთობა?

5) ფიქრები განქორწინებაზე. რატომ არ ვშორდებით ერთმანეთს? კარგი მეწყვილე შეძლებს დაშორებას, თუკი ეს მეორისთვის უკეთესია. ეს აზრი ხშირად ახდენს ფსიქოდინამიკის პროვოცირებას.

6) წყვილის კონსტრუქტიული დახმარება. აქ ისევ ვეხებით 4 ფუნდამენტურ მოტივაციას, მაგრამ უკვე აქტიური სახით. ჩემი პარტნიორისთვის სინამდვილეში სად ვიმყოფები? მომწონს კი ჩემი პარტნიორი? ვაფასებ? შემიძლია კი მას ეს ვუთხრა? რა შეიძლება აღმოცენდეს კარგი ჩვენი ურთიერთობიდან? რაში ვხედავ ჩვენს საერთოს? თუ ჩვენ შევძლებთ მზერა გავუღოთ საერთოს და აღმოვაჩინოთ, რა შემიძლია მე შევიტანო ამ ურთიერთობაში და ლოდინის მაგივრად, ვისაუბრო მასთან იმის შესახებ, რაც ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაშინ წყვილს მართლაც აქვს შანსი. მაშინ ჩვენ, როგორც თერაპევტებმა, შეგვიძლია ვიზეიმოთ, რომ ვესწრებოდით პერსონალურ დიალოგს. მადლობა ყურადღებისთვის.

 

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81